ლარზე ან ცუდს ამბობენ, ან არაფერს

ლარზე ან ცუდს ამბობენ, ან არაფერს

ლარის გაუფასურებამ უკვე ყველას თავგზა აუბნია. ვითარება საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია. რამდენდაც ეროვნულ ვალუტის დევალვაციის არავითარი წინაპირობა არ არსებობს და ლარი მაინც უფასურდება, პროგნოზის გაკეთება თითქმის შეუძლებელი გახდა. თუკი ვინმე მაინც ცდილობს სავალუტო ბაზრის სამომავლო მონახაზი გააკეთოს, მხოლოდ უარყოფით მოვლენებზე საუბრობს. ასეთ პირობებში თანდათან იკვეთება სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებისა და ინფლაციის ზრდის კონტურები.

ლართან დაკავშირებით სანუგეშო პროგნოზი არ კეთდება. ფინანსისტები ისევ და ისევ კურსის მოსალოდნელ ვარდნაზე საუბრობენ. “ეფიქს გრუპის“ მთავარმა ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ ვალუტის ცვალებადობის მოკლევადიანი პროგნოზი გააკეთა, მაგრამ მოსახლეობისთვის დამამშვიდებელი ვერაფერი თქვა.

მისი აზრით, დღეიდან, 22 სავაჭრო დღის განმავლობაში, მოსალოდნელია ევროს კურსისა და ბრიტანული ფუნტის დაცემა და აშშ დოლარის მოძლიერება. შესაბამისად, ევრო ლარის მიმართ გაუფასურდება, დოლარი კი - გამყარდება. შენგელიას პროგნოზით, ლართან მიმართებაში აშშ დოლარის კურსი 2.50-2.53-ის ფარგლებში იქნება.

„კურსის ბუნებრივი დინამიკური მოძრაობა ზევით ან ქვევით, ბიზნესისთვის მისაღებია და ნორმალური პროცესია. რისკი ჩნდება მხოლოდ მკვეთრი რყევის შედეგად, რომლის გამომწვევი მიზეზი „ბლუმბერგზე“ მოვაჭრე მსხვილი მოთამაშეები არიან“, - განაცხადა შენგელიამ.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას პროგნოზირებს ოპოზიციონერი დეპუტატებიც. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს ბიუჯეტის ფულით ბანკების დაკრედიტების პოლიტიკას. ეს კი სავალუტო ბაზარს ნეგატიურ მოვლენებს თავიდან ვერ აარიდებს.

„ფინანსთა მინისტრმა ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ კვლავ გავაგრძელებთ ბიუჯეტის ფულით ბანკების დაკრედიტებასო. ივლისიდან მოყოლებული 500 მილიონი ლარის ოდენობის სამთვიანი სესხი გაიცა ხაზინიდან კომერციულ ბანკებზე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კვლავ დიდი ჩამორჩენაა ბიუჯეტის მიერ ხარჯების გაწევაში და მის აღმოფხვრას წლის დარჩენილ თვეებში აპირებენ, ლარის მოსალოდნელ გაუფასურებაზე პირდაპირი პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მთავრობა. ნურც ეროვნული ბანკი იქნება გულხელდაკრეფილი და დროზე შეამციროს რეფინანსირების სესხების მოცულობა“, - აცხადებს გოცირიძე.

ექსპერტების ერთი ნაწილი კი ლარის დევალვაციის მიზეზად საგარეო ვალების სიმძიმეს მიიჩნევს. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი დავით წიქარიძე განმარტავს, სავალუტო რეზერვები მიმართულია ვალის მომსახურებისკენ, რაც კურსზე უარყოფითად მოქმედებს.

„წლის ბოლომდე საკმაოდ დიდი მოცულობის საგარეო ვალი აქვს ქვეყანას გასასტუმრებელი. მიღებული პრაქტიკაა, რომ სავალუტო რეზერვებს ხსნიან და ვალის მომსახურებისთვის იყენებენ. სავარაუდოდ, ამ ფაქტის წინაშე ვართ. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როგორც ჩანს, საქმე არც ისე კარგადაა. სებ-ისგან სავალუტო რესურსის შესყიდვა (ზაფხულში) და ლარის მასის ზრდაც დიდწილად სწორედ ამ პროცესს უკავშირდება“, - განმარტა წიქარიძემ.