,,არაფერი იმაზე მახინჯი არ არის საქართველოში, როგორც საბანკო სისტემა’’
მაღალი ინფლაციის ფონზე შემცირებული უცხოური ინვესტიციები და გაზრდილი ტურისტული ნაკადი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და რას აძლევს ის ეკონომიკას. იპოვის თუ არა ხეირს ამ ყველაფერში მოსახლეობაც. ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაცემა ~ბიზნესკოდში’’ ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ ისაუბრა.
– ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილზე ოდნავ მაღალია, საინტერესოა, რას გვაძლევს ეს ყველაფერი ?
– ჩვენ უსაშველოდ მცირე ეკონომიკა გვაქვს და 4 პროცენტიანი ზრდა ნორმალურია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა საეჭვოა. ვფიქრობ, უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკური აქტივობა მაღალი არ არის. გარდა ამისა, ინსტიტუტები არ არის განვითარებული და ქართული ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე არ არის გადაყვანილი, ისე როცა თვითგანვითარების მექანიზმები იყოს ჩადებული. მეორე მხრივ, ფინანსური სისტემა არის ძალიან ცუდი ჩვენს ქვეყანაში. ბანკების მონოპოლიური მდგომარეობა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
– თქვენ კომერციული ბანკები და მათი მონოპოლია ახსენეთ. უნდა ავღნიშნო, რომ მათი აქტივები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 30.5 მილიარდ ლარს უტოლდება, ხოლო მათმა შემოსავლებმა პირველი 7 თვის განმავლობაში დაახლოებით 600 მილიონ ლარს მიაღწია. რა არის ამ ყველაფრის განმაპირობებელი ფაქტორი?
– თავისთავად პარადოქსია, როდესაც ეკონომიკა სულს ღაფავს და საუბარი გვაქვს 14 მილიარდიანი ეკონომიკის 4 პროცენტიან ზრდაზე. ამ დროს საბანკო სექტორი მთელი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე უფრო მაღალი მაჩვენებლებით იზრდება. აქედან შეიძლება გავაკეთოთ მარტივი დასკვნა. ბანკების შემოსავლები არ არის დაკავშირებული ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებასთან. ბიზნესს სჭირდება გაცილებით გრძელვადიანი პერსპექტივა. საქმე იმაშია, რომ ინვესტორს სჭირდება პროგნოზირებადი გარემო და მთავრობისგან იზოლირებული მექანიზმები, ინსტიტუტები, რომლებიც კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ. უცხოელებს ფული საქართველოში არ მოაქვთ იმიტომ, რომ ჩვენთან მაღალი რისკები არის. რუსეთთან არსებული სიტუაციის გამო შეფერხებულია მათთან საქმიანი კომუნიკაცია, თუმცა ბიზნესი უზარმაზარ ნაკადებს გააკეთებდა. საქართველოს მართებს გაცილებით ფუნდამენტურ მოქმედებაზე გადასვლა, როდესაც თავისუფლების ხარისხი საკანონმდებლო ჩარჩოში ისე იქნება, სადაც თვითინიციატივა ანონიმური გახდება და შესაძლებელი იქნება საქართველოში აბსოლუტურად არალობირებული, ნიჭიერი ადამიანების წინსვლა.
– საბანკო სექტორის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული მოგება, საბანკო სექტორის დაახლოებით ნახევარს, 250 მილიონ ლარს შეადგენს. რამდენად გამართლებულია, რომ საკომისიოების გზით ბანკი იღებს თავისი შემოსავლების ნახევარს?
– ეს არის სწორედ სიმახინჯე ქართული ფინანსური სისტემისა, რომელიც ეკონომიკისთვის უზარმაზარ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომ როცა ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრი ბანკების განვითარებაზე და ერთ-ერთ ყველაზე ჩამოყალიბებულ სისტემაზე საუბრობენ, ისინი დანაშაულს სჩადიან. არაფერი იმაზე მახინჯი არ არის საქართველოში, როგორც საბანკო სისტემა. ადამიანები ფულს შოულობენ არაფრისგან, რომელიც ეკონომიკასთან არ არის მიბმული.
– ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად ვხედავთ ძალიან ბევრ ტურისტს. ოფიციალური მონაცემებით, მათ დაახლოებით მილიარდ 900 მილიონი დოლარი დახარჯეს წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში. ამ კუთხით რა პერსპექტივა გვაქვს?
– საქართველოში მომსახურება და ფასები არ არის დაბალი, მაგრამ ტერიტორიული მოხერხების თვალსაზრისით საქართველო ძალიან მიმზიდველია არამარტო მეზობელი ქვეყნებისათვის, არამედ ახლო მდებარე ქვეყნებისათვის. გასაგებია ირანის ინტერესი საქართველოს მიმართ და, ვფიქრობ, მათი ინვესტიციები გაიზრდება ჩვენს ქვეყანაში. რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ტურიზმიდან შემოსავალი, მთავარია თუ რა რჩება შენს ეკონომიკაში. მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება, თუმცა იმდენად საშინელ პროდუქციას უშვებს ქართული სოფლის მეურნეობა, რომ საშიშია კვებისთვის. ქართული პროდუქციას ისეთივე უხარისხოა, როგორიც თურქული რადგან არანაირი მექანიზმი არა არის ჩადებული, რომ მას სტიმულს აძლევდეს ხარისხიანი პროდუქციის წარმოების. მიუხედავად ტურისტული ნაკადის და ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდისა ცენტრალური პრობლემა რჩება საქართველოში. ქართული ეკონომიკა ქართული ფულით 18 პროცენტითაა გადაფარული. მაკროეკონომიკას და მათ შორის მონეტარულ პოლიტიკას ემოციური დატვირთვა არ გააჩნია და მოგვწონს თუ არა ნიუტონის კანონი მოქმედებს. ინფლაცია არის ეკონომიკური განვითარების თანმხლები პროცესი. თუ ეკონომიკური ზრდის ტემპები უფრო დიდია ვიდრე ინფლაცია, მაშინ ინფლაციას ვერ მოიცილებ თავიდან.