საქართველოს ელექტროსისტემას ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის მართვის მექანიზმი არ გააჩნია. ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რეზო არველაძე ენერგეტიკოს, თემურ ჭიჭინაძის განცხადებას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდაზე. როგორც თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, ელექტროენერგიის იმპორტის რეკორდული ზრდა უკავშირდება ენგურზე მიმდინარე სამუშაოებს და აფხაზეთთან არსებულ ვალდებულებს.
„იმპორტის ზრდა შეიძლება დავუკავშიროთ იმ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც ენგურჰესზე ტარდება და ასევე იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს აფხაზეთთან. ვალდებულების მიხედვით, ენგურის გამომუშავების 50%–მდე უნდა წაიღონ მათ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
როგორც არველაძე განმარტავს, ეს პოლიკური საკითხია. მისი მტკიცებით, ენგურჰესის სამანქანო დარბაზი განთავსებულია ჩვენგან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, გალში, რასაც აფხაზეთი სრულად აკონტროლებს.
„აფხაზ და დანარჩენი საქართველოს მხარეს არსებობს შეთანხმება, რომ აფხაზეთმა უნდა წაიღოს ენგურჰესის გამომუშავების 40 პროცენტი, საქართველომ - 60 პროცენტი. აფხაზური მხარე ამას უხეშად არღვევს.ზამთრის პერიოდში აფხაზურ მხრეს გამომუშავების 100 პროცენტიც კი მიაქვს. ამის დარეგულირების მექანიზმი საქართველოს ელექტროსისტემის მართვას ამ ეტაპზე არ გააჩნია. სამომავლოდ, ვნახოთ როგორ იქნება. ელექტროენეგიაზე მოთხოვნილება აფხაზეთშიც იზრდება. ჩემი ინფორმაციით, იქ მიდის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს მომხმარებლების გამრიცხველიანება, რაც ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიას გამოიწვევს“-აცხადებს არველაძე.
სემეკის მონაცემებით,საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 3.5 პროცენტით იზრდება. ელექტროენერგიის დეფიციტური წარმოების პირობებში, დენის იმპორტი გასულ წელთან შედარებით საქართველოში თითქმის გაორმაგდა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2017 წლის 8 თვეში 2620.2 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენდა, აქედან აფხაზეთის მოხმარება 1329.0 მლნ.კვტ.სთ-ი იყო, რაც ენგურჰესის მთლიანი გამომუშავების 50.7 პროცენტს შეადგენდა.
2016 წელს ენგურჰესმა 3548.7 მლნ.კვტ.სთ-ის ელექტროენერგია გამომიუშავა, აქედან კი აფხაზეთმა 1926.9 მლნ.კვტ.საათი მოიხმარა (54.3%).