2015 წელს ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იმხანად სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ძეგლის სტატუსის მინიჭება წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ის დაიცავდა ამ ნაგებობას გაყიდვისგან, პრივატიზებისგან.
დღეს კი ენგურჰესზე დიდ იმედებს ამყარებენ და არა მხოლოდ ენერგომიწოდების თვალსაზრისით. ენგურჰესი ტურისტებისთვის მიმზიდველ ცენტრად უნდა გადაიქცეს.
„ენგურჰესს ვაქცევთ საერთაშორისო ტურისტულ კომპლექსად, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი ანალოგი აშშ-ში ექნება“,-აცხადებს საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ენგურჰესის ტურისტული ცენტრის ორიგინალური, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობას აანონსებს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს მძლავრი ჰესი საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცევა.
პრემიერის ნათქვამს იზიარებს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა, რომელიც ენგურჰესის აშენების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ და დიდი ღვაწლი მიუძღვის მის მშენებლობაში, როცა მჟავანაძის მთავრობამ ეს პროექტი რუსებს „შეაპარა“.
For.ge-სთან საუბარში ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ ისეთი უნიკალური ნაგებობები, როგორიცაა ენგურჰესი და მისი ანალოგები მსოფლიოში, ყველგან გამოცხადებულია ტურისტული ზონის ღირშესანიშნავ ობიექტებად. ასეთ ნაგებობებს შესანიშნავად იყენებენ ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც ენგურჰესით განსაკუთრებული დაინტერესება გასაკვირი არ არის.
„დადებითია ის ფაქტი, რომ ენგურჰესს მიენიჭა ინდუსტრიული მშენებლობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რადგან ასეთი ობიექტები მსოფლიოში ერთეულებია და ამ ერთეულებს შორის ენგურჰესი ერთადერთია, თავისი უნიკალური პარამეტრებით, მახასიათებლებით. მრავალ ქვეყანაში პირადად მინახავს, რომ ჰიდროტექნიკური კვანძები, მათი უნიკალური შემადგენლობით, დერივაციული სისტემებით, წყალსაცავებით, შესანიშნავ ობიექტად ქცეულა გართობისა და ტურისტების მიზიდვის თვალსაზრისით. ასე ხდება აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, ავსტრიაში.
რაც შეეხება ენგურჰესს, ის არის სვანეთისა და სამეგრელოს რეგიონების გზაჯვარედინზე, გზაგასაყარზე და ითვლება ამ ორი რეგიონის შემაერთებელ ხიდად. ის ინტერესი, რომელიც შეიმჩნევა ამ ორი კუთხის მიმართ, კიდევ უფრო გაძლიერდება ენგურჰესის ტურისტულ კომპლექსად გადაქცევის შემთხვევაში“, - აცხადებს ანზორ ჭითანავა ჩვენთან საუბარში და განმარტავს, რომ ენგურჰესი დღესაც იზიდავს ტურისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ენგურჰესის მიდამოებში მაღალი დონის ინფრასტრუქტურა არ არის, ბევრი ტურისტი, მათ შორის, სპეციალისტი ეტანება ამ ნაგებობას და გამოხატავს აღფრთოვანებას ამ ობიექტის ნახვით.
თავად ანზორ ჭითანავას კი ახსენდება განვლილი წლები, როცა აშშ-ში, კალიფორნიაში ჩასვლისას მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოროვილის თაღოვანმა კაშხალმა. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი, როცა სან-ფრანცისკოს ზონაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა და საბჭოთა ექსპერტების შემადგენლობა მასთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში მიწისძვრის შედეგების შესაფასებლად. 14 ობიექტი დაათვალიერეს აშშ-ში, კალიფორნიაში, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონად ითვლებოდა და ოროვილის თაღოვან კაშხალსაც ეწვივნენ, რომლის სიმაღლეც 220 მეტრია.
„18 დოლარი ღირდა იმ ტერიტორიაზე შესვლა. ექსპერტებს გადაგვიხადეს ფული, შეგვიყვანეს და გვაჩვენეს ეს ობიექტი. იქ დაგვხვდა ყველაფერი ის, რაზეც დღეს საქართველოში საუბრობენ. სანახაობითი, ისტორიის, მხარეთმცოდნეობის, ევოლუციის თვალსაზრისით წარმოგვიდგინეს, თუ როგორ ხდებოდა ამ რეგიონის ათვისება, აბორიგენებიდან დაწყებული, თანამედროვეობით დამთავრებული. იმ დროს ჩვენი კაშხალი ყველა პარამეტრით აღემატებოდა ამერიკის კაშხალს, რომელიც 220-მეტრიანია, ხოლო ჩვენი 271-მეტრიანი იყო. ჩვენ ვიყავით პირველ ადგილზე და ამაყად დავდიოდი, რადგან იმ ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახლდით, რომელსაც ეს კაშხალი დაუპროექტებია და მასზე ზედამხედველობა გაუწევია. ამიტომაც მიმიწვიეს ამერიკაში, სადაც ხელი მოვაწერე, რომ იქაური დამანგრეველი მისწისძვრის შედეგად იმ ნაგებობებსა და წყალსაცავებს არაფერი მოსვლიათ, ერთი კენჭიც არ ჩამოვარდნილა არსად. შეიძლება, მიკერძოებად ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენს ენგურჰესთან მიმსგავსებული ამერიკის თაღოვანი კაშხალი სხვა ქვეყნებში ნანახ კაშხლებზე მეტად შემიყვარდა“.
ჩვენ დავინტერესდით, ენგურჰესთან მისასვლელი გზა, ასევე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენად ძვირადღირებული იქნება, რაზეც ანზორ ჭითანავამ განმარტა, რომ იქ გზები უკვე გაყვანილია. თავის დროზე განხორციელებული მშენებლობის დროს თავისთავად დარჩა გარკვეული ინფრასტრუქტურა და იქ არაფერია გასაყვანი და ასაფეთქებელი. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისითაც სირთულეები გამორიცხულია. უფრო მეტიც, იქ საბაგირო გზაც იყო გაყვანილი, კაბელ-კრანებიც არსებობდა, ლიფტებიც მუშაობდა, გზაც იყო, რომელსაც მე-11 გზად მოიხსენიებდნენ სპეციალისტები.
ეს გზა დღესაც არის. უბრალოდ, შეიძლება, იგი კეთილმოწყობილად იქცეს და იქ განთავსდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის ელემენტები - მაღაზიები, სპორტული ცენტრები. ენერგეტიკოსის აზრით, ეს ინფრასტრუქტურა რაც არ უნდა ძვირი დაჯდეს, ყოველთვის გამართლებულად ჩაითვლება, რადგან ეს იქნება უკვე არსებული ბაზის ზედნაშენი.
„საამისო პროექტი კეთდება, დავალება გაცემულია, მუშაობენ ორგანიზაციები. სავარაუდოდ, ამის შემდეგ მოხდება ამ პროექტის საჯარო განხილვა. ალბათ, მეც მივიღებ მასში მონაწილეობას. შემდეგ უკვე გამოცხადდება ტენდერი მის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ საქმეში ჩაერთვებიან ენგურჰესის დღევანდელი პატრონები, ექსპლუატაციის სამსახურის მაღალკვალიფიციური პერსონალი. მთავარი ის კი არ არის, ტურისტული ინფრასტრუქტურა შევძინოთ ენგურჰესს, არამედ მთავარია, ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ შეძლოს სანახაობითი და ეკონომიკური ნაწილის გამართლება. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე შესწორება შევიტანოთ ექსპლუატაციის პირობებში, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას და ამ ობიექტის თუ კვანძის ფუნქციონირებას. აღნიშნული ღონისძიების დამთავრების შემდეგ ტურისტი გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებს, გართობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ელემენტების ჩართვა კი ადგილობრივ პირობებს უფრო კარგად წარმოაჩენს“.