ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე: "იმოქმედეს პრინციპით: სანამ დროა, ფული ვიშოვოთ, ბიჭებო!"

"უკრაინაში ბევრი შიდა და გარე მოთამაშის ინტერესები იკვეთება - უპირველესად უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინა, ფაქტობრივად, რამდენიმე ოლიგარქის გავლენის სფეროებად არის დაყოფილი და სააკაშვილისა და ოპოზიციის უკან პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქებიც დგანან. გარე ინტერესზე როცა ვლაპარაკობთ, მიუხედავად სააკაშვილის ერთგვარად თავზე ხელაღებული ნატურისა, წარმოუდგენელია, ეს მხოლოდ მისი დაგეგმილი ოპერაცია იყოს", - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "იმოქმედეს პრინციპით: - "სანამ დროა, ფული ვიშოვოთ ბიჭებო" / "კიდევ ერთი რევოლუციითა და არეულობით დასუსტებული უკრაინა დიდი საცდური იქნება რუსეთისთვის" / "მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიების დიდი ნაწილი ვალის მოხდის მიზნით ჩაერთო ამ კამპანიაში" / "ეს მაგალითი ამხელს იმ დაუსჯელობის სინდრომს, რაც განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებშია ფესვგადგმული, ისევე, როგორც კორუფციული გარიგებები".

"საეჭვოა, სააკაშვილი დღეს გადაწყვეტილებებს მარტო იღებდეს - პირდაპირ ვთქვათ, მას არ მისცემდნენ ამდენის უფლებას. ქვეყანა, საიდანაც მან შეანგრია უკრაინის საზღვარი, პოლონეთია - აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი და ევროკავშირის ორგანული წევრი. ეს რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს ნატოსა თუ ევროკავშირის ქვეყნებთან, პოლონეთის ხელისუფლების ეს ქმედება უდავოდ განსაზღვრულ სანქციებს დაექვემდებარებოდა. რა არის ამ პროცესის საბოლოო მიზანი ძნელი სათქმელია. სააკაშვილისა და უკრაინის ოპოზიციის მოქმედებებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ეს რისკები გასათვლელია. მთავარი რისკ-ფაქტორია რუსეთი, რომელმაც უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუციის შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება დაიკავოს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები და სოფლები - ისე, როგორც ყირიმის შემთხვევაში, გაუჩნდეს საბაბი, რომ თითქოს დასავლურ რევოლუციას არ იზიარებენ უკრაინის რუსებით დასახლებული სამრეწველო რაიონები და მზად არიან რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

"ამ ყველაფრის მიღმა რა არის ის რეალური მიზანი, რასაც სააკაშვილის მხარდამჭერი თუ უკან მდგომი დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი გეგმავს, ძნელი დასანახია. ვერავინ დაიჯერებს, რომ დასავლეთს ამ ეტაპზე მხოლოდ პოროშენკოს კორუმპირებული რეჟიმი აწუხებს. ჩანს, მიზეზები უფრო ღრმად არის საძებნი. თუმცა, ცხადზე ცხადია ისიც, რომ პოროშენკო ქვეყნის სათავეში არ აკმაყოფილებთ. სწორედ ამიტომაცაა, რომ სააკაშვილი აანონსებს ვადამდე არჩევნების მოთხოვნას და კიევში აქციების დაწყებას აპირებს... შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლაა. გაცილებით შორს მიმავალი მიზნები იმალება ამ ყველაფრის უკან, რეალურ მიზნებს, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავინახავთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სააკაშვილის მოქმედებებიდან გამომდინარე, ცხადად ჩანს, რომ ის ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. განცხადებებში ცდილობს, ხაზი გაუსვას ერთ საკითხს, რომ ის იბრძვის არა მხოლოდ დემოკრატიისთვის უკრაინაში, არამედ საქართველოს დემოკრატიისთვისაც. თუმცა, დღეს მისი მთავარი სცენა უკრაინაა და საქართველოსთვის ნაკლებად სცალია. ამას მაფიქრებინებს მისი ერთ-ერთი ბოლო სკანდალური განცხადება, როდესაც თქვა, რომ პრეზიდენტობის დროს თურმე სამართალდამცავებს უკრძალავდა თვალთვალსა და ფარული ჩანაწერების გაკეთებას, მათ შორის აგენტებისა და კრიმინალების შემთხვევაშიც კი - ეს განცხადება იმდენად ცინიკური იყო ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამას მოჰყვა ქართულ სოციალურ ქსელებში მძაფრი რეაქცია. რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას კეზერაშვილთან დაკავშირებით - თუკი სააკაშვილი პოზიციების გაიმაგრებს უკრაინაში, ეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში დიდ რყევებს გამოიწვევს და გააჩენს პრობლემებს "ნაციონალური მოძრაობისგან" შობილ თუ გამოყოფილ პარტიებს შორის. სააკაშვილის ფაქტორი იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმის გამოსავლენად, თუ ვინ რას წარმოადგენს და ვინ რა ინტერესებით არის გადასული თუ ჩანერგილი ამა თუ იმ პარტიაში. მელიას განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა წავიკითხოთ", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ეს არის აბსოლუტურად მშვიდი, უფრო სწორად, დუნე წინასაარჩევნო კამპანია, რაც არ არის განპირობებული იმით, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნებისადმი დაბალია ინტერესი. უაღრესად მნიშვნელოვანია და ნებისმიერ დეპუტატზე დიდი წონა აქვს პირდაპირი და საყოველთაო წესით არჩეულ დედაქალაქის მერს, ასევე დიდი წონის ფიგურები არიან ქუთაისისა და ბათუმის მერები... აქედან გამომდინარეც კი, თავისი პოლიტიკური წონითა და მნიშვნელობით დიახაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. შესაბამისად, თითქოსდა გაუგებარი უნდა იყოს, რატომ მიმდინარეობს ასე დუნედ, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს -ხელისუფლებას არ სჭირდება მაღალ ემოციურ რეგისტრში მიმდინარე საარჩევნო პროცესი იმიტომ, რომ რაც უფრო დიდი დაძაბულობით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, მით მეტი მოქალაქე მიდის არჩევნებზე, რაც უფრო დუნეა კამპანია, მით უფრო ნაკლებ ამომრჩევლის ყურადღებას იპყრობს. ეს კი სახელისუფლებო პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც ის, როგორც წესი, ახერხებს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

"რაც შეეხება ოპოზიციას, მის ინერტულობას განაპირობებს ის, რომ მას არ ყოფნის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ემოციური, დინამიკური და ინოვაციური კამპანიის საწარმოებლად. ოპოზიციას არა აქვს საზოგადოების მხარდაჭერა არც ცალ-ცალკე და არც ერთად აღებულს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიების დიდი ნაწილი ვალის მოხდის მიზნით ჩაერთო ამ კამპანიაში. ზოგადადაც, ეს არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. ბევრი პარტია, რომლებმაც თბილისის მერობის არჩევნებში წამოაყენეს თავისი კანდიდატურა, სრულიად გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობს, რა არის მოტივაცია, როდესაც დასაწყისშივე წაგებულია ბრძოლა. რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ პარტიას ეს არ შეეხება. "ნაციონალური მოძრაობა" გარანტირებულად გადალახავს ბარიერს და სააკაშვილის ბედი როგორც წარიმართება უკრაინაში, ნაწილობრივ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი აქაური პარტიის პროცენტების ზრდა თუ შემცირება. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათგან ბარიერის გადალახვის შანსი აქვს "პატრიოტთა ალიანსსა" და ბარიერთან ახლოს იქნება "ევროპული საქართველოც". საბოლოდ კი ისე მოხდება, რომ ხელისუფლება კი არ გაიმარჯვებს, უფრო ოპოზიცია დამარცხდება", - თვლის რესპონდენტი.

"თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე ექსცენტრიკული და აქტიური კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც კი ძალიან დუნე კამპანიას ატარებს. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურშივე დასრულდეს. იმედია, ხელისუფლება ძირითადი კონკურენტების მიმართ შავ პიარს არ მიმართავს. ამ მხრივ ეს კამპანია საკმაოდ სუფთად მიმდინარეობს, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზედაპირზე ამოსული სიბინძურისგან რადიკალურად განსხვავდება... რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პრეზიდენტის მიერ მოლაპარაკების დაწყებას ოპოზიციასთან, ეს ყველაფერი წყლის ნაყვასა და მოქმედების იმიტაციას ჰგავს. დაგვიანებულია პრეზიდენტისა და ოპოზიციის აქტიურობა. მათ შეეძლოთ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე მანამდე ეზრუნათ. ხელისუფლების დიალოგისთვის მზაობაც არარეალურია. ჩანს, ეს განცხადებები განპირობებულია იმით, რომ დასავლეთიდან გრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე და შეკითხვაზე - "ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 11-მა საჯარო მოხელემ ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის 10 150 ლარის ოდენობის პრემია-დანამატები აიღო..." - პასუხობს:

"როგორც გავიგე, ბორჯომის ამჟამინდელი გამგებელი აღარ არის კანდიდატად წამოყენებული, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საბიუჯეტო სახსრების პირდაპირ დატაცებასთან გვაქვს საქმე. გამოდის, იმოქმედეს პრინციპით: "სანამ დროა, ფული ვიშოვოთ, ბიჭებო!" ეს ყოვლად გაუმართლებელია მაშინ, როდესაც ამ ხანძრებმა გამოაჩინა ტექნიკური აღჭურვილობის კატასტროფული დეფიციტი. უპირველესი, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, პრემიები კი არ უნდა გაეცა, მით უფრო სახელმწიფო ჩინოსნებზე, ტექნიკურ აღჭურვაზე უნდა გადაესროლა მთელი თანხები, შემდეგ კი უშუალოდ იმ პირებისთვის მიეცა პრემია, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად აქრობდნენ ხანძრებს. ეს მაგალითი ამხელს იმ დაუსჯელობის სინდრომს, რაც განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებშია ფესვგადგმული, ისევე, როგორც კორუფციული გარიგებები. ეს არ არის ერთი და გამონაკლისი შემთხვევა. სამწუხაროდ, ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში".