გაძვირდება თუ არა პროდუქცია წინასაარჩევნოდ?!

გაძვირდება თუ არა პროდუქცია წინასაარჩევნოდ?!

ელიან თუ არა პროდუქციის გაძვირებას წინასაარჩევნო პერიოდში და გამართლდება თუ არა პროგნოზი, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, მალე პროდუქტების ფასები 5-10%-ით მოიმატებს?! ამის შესახებ For.ge ეკონომისტებს ესაუბრა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას მიაჩნია, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა საკმაოდ იმპულსურია და დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაზე, საგარეო ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე, ტურიზმზე, უამრავ ფაქტორზე. ამდენად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე პროდუქციის გაძვირების დაბრალება არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, არჩევნები გვქონდეს, მაგრამ იმდენი ტურისტი და უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს, რომ არჩევნების ფაქტორი გაბათილდეს და წინასაარჩევნოდ ჭარბი ფულის ხარჯვა არაფერს დაემჩნეს.

„გასაგებია, რომ საარჩევნო წელია, მაკროეკონომიკური პარამეტრების ოდნავი შესუსტება შეიმჩნევა, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით შემცირდა უცხოური ინვესტიციები, თუმცა მეორე მხრივ, იზრდება ჩვენი ექსპორტი. შესაბამისად, დიდი გაძვირება მოსალოდნელი არ არის. წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის ნიშნული დადგენილია 2 ლარსა და 50 თეთრზე. საშუალო წლიურ ჭრილში ეს ნიშნული თუ ვერ იქნა უზრუნველყოფილი, სახელმწიფო ბიუჯეტს შეექმება გარკვეული პრობლემები.

დღეს ისეთი რეალობაა, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ერთობლივი ძალებით ცდილობენ, ამ 2.50- ნიშნულის ირგვლივ იტრიალონ. ჩვენ ვნახეთ, რომ ზაფხულში ძალიან დიდი ფულადი ნაკადების შემოდინება შეიმჩნეოდა საქართველოში. ამას შეეძლო, ლარი გაემყარებინა, თუმცა ეროვნული ბანკი, პირიქით მოქმედებდა და ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. შემდგომში კი, როდესაც ტურიზმის სეზონი დასრულდება, არჩევნების სეზონი დადგება და პარალელურად დაიწყება ლარის გაუფასურების პერიოდი (რადგან ამ დროს ლარი გაცილებით მეტი იხარჯება), ეროვნული ბანკი ხელს აღარ შეუშლის ლარის გამყარებას; ანუ საპირისპირო სვლას იწყებს. კარგია თუ ცუდია, რომ 2.50-ია ლარი, ამაზე არავინ დავობს, სადავო ის არის, რომ ლარის გამყარება და უცებ გაუფასურება არ არის კარგი, ეს აფუჭებს ბაზარს და იწვევს ფასების გაზრდას. თუ ლარი მყარდება, ფასები ბაზარზე იგივე რჩება, ხოლო, თუ ლარი უფასურდება, ფასს ეგრევე ზევით სწევენ და ლარის მომდევნო გამყარებისას ფასებს უკან არ აგდებენ. ამიტომ სასურველია, ნიშნული 2.50 მიღწეულ იქნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტის შემოსავლებს პრობლემა შეექმნება“,-აცხადებს ვახტანგ ჭარაია ჩვენთან საუბრისას და შემოდგომის სეზონისთვის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფების კვალდაკვალ, იმპორტირებული პროდუქციის მცირედით გაძვირებას არ გამორიცხავს”.

მისივე თქმით, თუ ლარი გაუფასურდება, ასი დოლარის პროდუქციაში 240 ლარის ნაცვლად, 245 ან 247 ლარის გადახდა მოგვიწევს. ეს ნიშნავს, რომ იმპორტი ჩვენთვის არ გაიაფდება. იმპორტული პროდუქცია გაიაფდება მაშინ, თუკი მომწოდებელი მხარე გააიაფებს, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. შესაბამისად, უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს, ვიდრე ვიხდით, მაგრამ კატასტროფული ზრდა ეს არ იქნება. უბრალოდ, თუკი ადამიანი იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული და მისი შემოსავალი 800 ლარია, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში 30-40  ლარით ნაკლები საქონელი შეიძინოს, ვიდრე აქამდე იძენდა.

ეკონომისტი პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივი ძველი პროდუქცია ამოიწურება და სადღაც სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში შემოვა ახალი პროდუქცია, პირველ რიგში, ყურძენი, რაც ხილზე ფასებს გააიაფებს. ამ ეტაპზე კი პროდუქტებზე ფასების მცირეოდენი ზრდა გარდამავალი პერიოდით არის განპირობებული და ფასები გაზრდილი იქნება მანამ, სანამ მასობრივად არ შემოვა ახალი სასოფლო პროდუქცია. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, მასზე გავლენას ლარის დევალვაცია და სხვა ფაქტორები უთუოდ მოახდენს.

„ზოგადად, ქართულ ბაზარს ახასიათებს, რომ, როცა რაღაცაზე ფასები გაიზრდება, ის ფასები ძნელად ბრუნდება საწყის ეტაპზე, რთულად იაფდება პროდუქცია, რადგან გამყიდველები ფიქრობენ, მყიდველები მაინც შეიძენენო. ასეთი სიტუაცია მთელი საქართველოს მასშტაბითაა. ფასები ბაზრით რეგულირდება და სახელმწიფო ფასებს აღარ არეგულირებს. სახელმწიფო ფასებს რომ არეგულირებდეს, მაშინ მისთვის უკეთესი იქნებოდა, საარჩევნოდ ზედმეტი ხმების მისაღებად ყველაფერი გაეიაფებინა.  პომიდორზე ან ყურძენზე ფასის ზრდა სახელმწიფო ინტერესებს ნაკლებად უკავშირდება. ჩვენთან ბაზარი არის, მოთხოვნა-მიწოდებაც არსებობს, მონოპოლიებიც შეიმჩნევა და ყველაფერი ეს გავლენას ახდენს საბაზრო ფასებზე. არჩევნებთან ამის დაკავშირება რთულია. არჩევნებს შეიძლება დავუკავშიროთ ბუნებრივ აირზე ფასი ან სხვა ფასები, რასაც სახელმწიფო მონოპოლიები კურირებენ“, - აცხადებს პაატა აროშიძე.