"24 ნოემბერს ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გაიმართება. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც ამ პროგრამის მონაწილე ის ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირთან დაახლოების მხრივ შესამჩნევი პროგრესი განიცადეს, სამიტისთვის ერთობლივად ემზადებიან. გუშინ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლებმა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის მიზნით იტალიაში, კომოს ტბაზე, შეხვდრაც გამართეს. მანამდე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს ესტონეთში. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ამ სამი სახელმწიფოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით შემუშავების სტადიაზეა ახალი კონცეფცია - "აღმოსავლეთის პარტნიორობა პლუსი", რომელიც, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, პროგრამის მონაწილეთათვის პერსპექტივაში შენგენის ზონაში გაწევრიანების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატაში სათაურით საქართველოს ახალი მიზანი: შენგენის ზონაში გაწევრიანება.
"საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით ევროპარლამენტარებიც გამოდიან. ამის შესახებ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის შესახებ მომზადებული ანგარიშის მომხსენებელმა ლაიმა ანდრიკიენემ "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერს დასჭირდება დრო. თუმცა, ამ დროის განმავლობაში საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. მანამდე კი, თუ როგორ ემზადება საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რას მიიღებენ ასოცირებული სახელმწიფოები ევროკავშირის მხრიდან და რას გულისხმობს კონცეფცია "აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსი", - ამაზე "რეზონანსს" რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი გაესაუბრა. მისი თქმით, "აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსი" არის მოსაზრება, რომელიც ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო წრეებში წარმოიშვა და ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირთან", - აღნიშნავს გამოცემა.
"ეს გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, შესაძლო საბაჟო კავშირს ან შენგენის ზონაში გაწევრიანებას; ზოგადად, ევროკავშირის ბაზარზე დაშვების გაფართოებას, მის პროგრამებში უფრო აქტიურ მონაწილეობას, უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ფორმატში უფრო ფართო მონაწილეობას და ა.შ. თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წინადადება, ეს გადაწყვეტილებაში ჯერჯერობით არ გადაზრდილა. სამიტის ფარგლებში საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანება არ განიხილება. ეს არის ის წინადადება, რომელიც პარლამენტარების მხრიდან გაჟღერდა, არაოფიციალურ ფორმატში. თორემ, ეს არც დღის წესრიგშია და არც განხილვის პროცესში. ეს ყველაფერი ჯერჯერობით პოლიტიკურ ფორმატში განიხილება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ ყარაულაშვილი.
"რაც შეეხება საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ერთობლივ სამოქმედო გეგმას ეს არის სამი ქვეყნის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ ჩვენი მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. ეს ეხება ევროკავშირთან უფრო დაახლოებასა და თანამშრომლობის გაფართოვების პრაქტიკულ ნაბიჯებს. იქ არის დოკუმენტი 2020-ის მიმართულებითაც, სადაც საუბარია დემოკრატიის, ეკონომიკის, ვაჭრობისა თუ განათლების სფეროზე. ამ სამმა ქვეყანამ, პირველ რიგში, ამ დოკუმენტის განხორციელებას დაუჭირა მხარი. ამასთან ერთად, არის განსაკუთრებული მიმართულებები, რომლებიც ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტია. მაგალითად, ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებს, ენერგოუსაფრთხოებას (ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას), სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განვითარებას (აქ ყველა სახის ტრანსპორტზეა საუბარი, რაც დააკავშირებს რეგიონს ევროპასთან). ასევე მოიცავს განათლების სფეროს, განსაკუთრებით, მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას და მეტი ერთობლივი პროექტის განხორცილებას, რაც ხელს შუწყობს ინოვაციების სფეროში თანამშრომლობას და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ საკითხებზეც უფრო ინტენსიურ კონსულტაციებსა და თანამშრომლობას ევროკავშირთან", - ამბობს არჩილ ყარაულაშვილი.
"პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ითვალისწინებს "აღმოსავლეთის პარტნიორობა პლუსის" დოკუმენტს, რაც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება -"აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველო ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, რადგან პარტნიორი 6 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. რაც შეეხება "აღმოსავლეთის პარტნიორობა პლუსის" პროგრამას, ის ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ სახელმწიფოებთან. ამ დოკუმუნტის ფარლებში ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს "აღმოსავლეთის პარტნირობის" წევრ ქვეყნებში (განსაკუთრებით - ამ სამ ქვეყანაში) დემოკრატიის ინსტიტუტების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, რათა, საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას კანონის უზენაესობა", - განმარტავს ჩიტაძე, რომლის თქმით, ამის გარდა დოკუმენტის მიზანია ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება - თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური სივრცის შექმნა და სავაჭრო ბრუნვის ზრდა ევროკავშირისა და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებს შორის", - დასძენს გამოცემა.
"ასევე ითვალისწინებს კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობასა და ევროკავშირის მხრიდან დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას სხვადასხვა რეფორმის განსახორციელებლად. გარდა ამისა, ითვალისწინებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასაც. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ასზე მეტი მშვიდობისმყოფელი იმყოფება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს სამშვიდობო ოპერაციები. რაც შეეხება შენგენის წევრობაზე გამოთქმულ რეკომენდაციებს, ეს მეტად ხანგრძილივი პროცესია. მართალია, არის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის არა, მაგრამ შენგენის ზონის წევრები არიან და პირიქით, თუმცა, ისინი აკმაყოფილებენ დემოკრატიის ყველა სტანდარტს, განსაკუთრებით - კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ამიტომ მათთან შენგენის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოსთვის გაცილებით რთული იქნება, რომ გახდეს შენგენის ზონის წევრი. ეს საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში გადასაწყვეტი საკითხია და ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით შენგენის ზონის წევრი", - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.