5-თეთრიანმა გადასახადმა ბიზნესის გულისწყრომა გამოიწვია

5-თეთრიანმა გადასახადმა ბიზნესის გულისწყრომა გამოიწვია

ქათმის ხორცმა ბაზარზე გაძვირება დაიწყო. მართალია ეს მომხმარებლისთვის დიდად შესამჩნევი არ არის, მაგრამ ბიზნესი მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე მწვავედ რეაგირებს. საქმე ეხება სურსათის უვნებლობის ახალ ტარიფებს, რომელიც მეფრინველეობის ფერმებს აგვისტოს ბოლოს დაუდგინდათ. მწარმოებლებმა პროდუქციის უვნებლობის სერტიფიკატის, “ფორმა 2”-ის აღებისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს თითოეულ ქათამზე 5 თეთრი უნდა გადაუხადონ.

ცვლილებას ქათმის ადგილობრივი მწარმოებლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. მეფრინველეობის ხორცპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია “ჩირინას” დირექტორი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ მათთვის საერთოდ გაუგებარია რატომ უწესებს მთავრობა ამ გადასახადს. ვაშაკიძის თქმით, მათ აქვთ მიღებული ISO და HACCP სერტიფიკატები და აკმაყოფილებენ ევროკავშირის ყველა ნორმებსა და მოთხოვნებს.

“უნდა ვუხადოთ სურსათის სააგენტოს 5 თეთრი. ეს დაახლოებით 600 000 ლარია გადასახდელი წლიურად. ამ ფორმა 2-ის აუცილებლობა საერთოდ არ არის. ჩვენ ვართ აღიარებული სახელმწიფოს მიერ და გაუგებარია რაში ვიხდით თანხას”, - ამბობს ვაშაკიძე.

ბიზნესნებეი აცხადებენ, რომ პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება. საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ეს სავსებით ლოგიკურია:

“აღნიშნული 5 თეთრი კომპანიების მოგებიდან იხარჯება და ეს ხარჯი რომ დაფარონ, იძულებულნი არიან პროდუქცია სულ ცოტა, 10 თეთრით მაინც გააძვირონ. დადგენილება 24 აგვისტოს შევიდა ძალაში, თანაც, ყოველგვარი შეთანხმებისა და კონსულტაციების გარეშე. ამის შესახებ 23 აგვისტოს სრულიად მოულოდენლად შეატყობინეს მეწარმეებს და გადასახადი ისე დაუმატეს, რომ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს.

რამდენიმე ფაბრიკამ უკვე გააძვირა თავისი პროდუქცია, ზოგმა - 10, ხოლო ზოგმა - 20 თეთრით. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გაზრდილი გადასახადი პროდუქციის ფასზე არ აისახოს, ამიტომ პროდუქციას სხვა კომპანიებიც გააძვირებენ.

“ფორმა 2” ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ფასიანი არ იყო, ახლა კი ფასიანი გახდა. რატომ? ამაზე პასუხი გვაინტერესებს და ვერ ვიღებთ. ალბათ ამ თანხას ბიუჯეტში გაუშვებენ, მაგრამ რასაც ვიხდიდით, არ იყო საკმარისი? საქართველოში ყოველ წელიწადს დაახლოებით 4 მილიონი ფრთა ფრინველი იკვლება და 5 თეთრზე რომ ვიანგარიშოთ, ამ გზით ბიუჯეტში 1 მილიონამდე ლარი შევა. ეს 1 მილიონი სად წავა, ეს არის საკითხავი”, - განუცხადა `ბიპიენს~ უჩუმბეგაშვილმა.

მისი თქმით, კარგ დღეში არც იმპორტიორები არიან. საქმე ის არის, რომ როცა იმპორტიორს საქართველოში ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შემოაქვს, მისი ინსპექტირება გარკვეული თანხა ღირს. აქამდე ეს 2500 დოლარი იყო, ახლა კი, 3000 დოლარამდე ავიდა. “ეჭვი გვაქვს, რომ ამ დარგის შეზღუდვა მიზანმიმართული პროცესია - ვიღაცამ დაინახა, რომ მეფრინველეობის დარგი სწორი გზით ვითარდება და ხელს უშლის”, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.

სულ სხვაგვარად უყურებს საკითხს სურსათის უვნებლობის დეპარტემენტი, სადაც მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე არ გაძვირდება. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ქურდაძე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფოს წარმომადგენელია. გამონაკლისი არც საქართველოა. ყველგან არის ვეტექიმი, რომელიც დაკვლის წინა და შემდგომ შემოწმებას ახორციელებს. ეს კი ფასიანი მომსახურებაა.

„ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჩვენ უფრო ვაფართოებთ  კონტროლს და ამან მოიცვა ფრინველთა სასაკლაოებიც. ასეთივე რამ მოხდა ცხოველთა სასაკლაოებში, ამას კი საქონლის ხორცის გაძვირება არ გამოუწვევია”, – აცხადებს  ქურდაძე.

მისი მტკიცებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ბიზნეს ოპერატორებთან ხშირი კონტაქტი აქვს და ეს გადაწყვეტილება მათთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა.