BBC - საქართველოს პატრიოტი ახალგაზრდების აღზრდა სურს

BBC - საქართველოს პატრიოტი ახალგაზრდების აღზრდა სურს

[ტომ ესლემონტი]
რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ პატრიოტიზმის გააქტიურებისკენ მიმართული ძალისხმევა საქართველოში ახალი გადაუდებელი აუცილებლობა გახდა.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ქვიშის ფონზე ფერადი კოშკია წამოჭიმული. ახალი შენობა წითელ, მწვანე და ყვითელ ფერებშია შეღებილი. ის „ლეგოს“ სტანდარტული ბლოკებისგან აშენებულ ნაგებობას მოგაგონებს. ყველა სიმაღლიდან ქართული დროშა ფრიალებს, მაგრამ ეს კოშკი არ არის – ეს ახალგაზრდული ბანაკია.

ზაფხულის განმავლობაში აქ სულ 2 000 ახალგაზრდა ჩამოვა და 10 დღეს გაატარებს. პროგრამა ხუთი წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ანალოგიურ ღონისძიებებში სულ 150 000 ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ყველას ვინც აქ ჩამოდის, საქართველოს დროშის ფერის, წითელი და თეთრი ფერის ფორმებს აძლევენ, თუმცა მათი ტარება სავალდებულო არ არის.

„ოცნება“
ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველი ელენე ლომიძე მეუბნება, რომ ის პატრიოტია. „ეს ყველა ქართველშია, ბავშვებში, მოხუცებში“ – მიხსნის ის.
„ომი ყველა თაობას აქვს ნანახი“ – ამბობს იგი.
„ეს ომები მეც ვნახე. ჯერ 17 წლის ვარ და ეს საშინელებები უკვე ნანახი მაქვს“.

ელენე 1993 წელს დაიბადა, როდესაც 200 000 ქართველი სეპარატისტული რეგიონიდან, აფხაზეთიდან გამოდევნეს. აფხაზეთმა ახლახანს საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

„ერთ დღეს ის ჩვენი გახდება“ – მეუბნება იგი – „დედაჩემისგან ვიცი, რომ ეს უმშვენიერესი ადგილია“.
საზაფხულო ბანაკი სადაც ელენეა, 6 კილომეტრში მდებარეობს აფხაზეთის საზღვრისგან, რომელიც ქართველების უმრავლესობისთვის დახურულია. „ჩემი ოცნებაა აფხაზეთში წავიდე და ერთი დღე იქ ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად ვიყო“.

მკაცრი კრიტიკა
მაგრამ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს, საქართველომ ის ნომინალური კონტროლიც დაკარგა რაც გააჩნდა აფხაზეთსა და მეორე სადაო რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე.

ეს საქართველოსთვის დამამცირებელი იყო და მას შემდეგ მთავრობა კონცენტრირებულია მისი სამხედრო და ეროვნული სიამაყის აღდგენის გზებზე. ამ უკანასკნელის დეფიციტი არ არსებობს.

ყოველ დილით თინეიჯერები მწკრივში დგებიან ნაციონალური ჰიმნის მოსასმენად. ყოველ დღე ეროვნულ დროშას სხვადასხვა პატრიოტი აღმართავს. შემდეგ ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველი აივანზე დგება და მთელი ბანაკის წინაშე ემოციურად კითხულობს ქართულ პატრიოტულ ლექსს.

ბანაკის ლიდერი ლენა ქოჩიაშვილი BBC-ის ექსკურსიას უტარებს და უხსნის იმას, თუ რატომ მიაჩნია, რომ ბანაკები მნიშვნელოვანია.
ბანაკები სავალდებულო არ არის, მაგრამ ოპოზიციური ფიგურები მას მკაცრად აკრიტიკებენ.

საქართველოს ”კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ მისი აზრით, ეს ავტოკრატიისთვის დამახასიათებელი ტვინების გამორეცხვაა.
„კომუნიტების ეპოქაში ჩვენ ანალოგიური სისტემა გვქონდა ყველა სკოლაში, არსებობდა პიონერთა ბანაკები და შემდეგ კომკავშირი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის“ – მითხრა მან.

„და დღესაც საბჭოთა დროშების ნაცვლად იქ ეროვნული დროშებია და ასეა თუ ისე, ეს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთაა“. მთავრობა ამბობს, რომ ბანაკში მან პატრიოტული ელემენტი შეამცირა და პოლიტიკური მოტივის არსებობას გამორიცხავს.
ის აცხადებს, რომ მისი მიზანი უბრალოდ ბავშვური ღირსების აღზრდაა.

„საკუთარ თავზე შეყვარებული ნაციონალისტები“
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქცენტი ძლიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე გააკეთა.
მისი თანამდებობაზე არჩევის შემდეგ სახელმწიფო უწყებებიდან და პოლიციიდან უფროსი თაობის ადამიანები დაითხოვეს.

დღეს მთავრობაში ყველაზე ცოტა 8 მინისტრი 35 წლის ან უფრო ნაკლები ასაკისაა. „მას აშკარად აქვს ერთგვარი ფსიქოლოგიური მიდრეკილება“ – ამბობს მწერალი და კულტურის სპეციალისტი ზურაბ ქარუმიძე – „ის ახალგაზრდობასთან თამაშს ამჯობინებს“.

მაგრამ ომიდან ორი წლის შემდეგ და რუსეთთან ასეთი ურთიერთობების ფონზე, ხომ არ შეიძლება სახიფათო ოყოს ასეთი ულტრა-პატრიოტული ახალგაზრდობის (როგორც მას ზოგიერთები უწოდებენ) გამხნევება ასეთ დროში, ვეკითხები მე მას. მისი თქმით, ქართველები საკუთარ თავზე შეყვარებული და არა აგრესიული ნაციონალისტები არიან.

„ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ კარგები, ჩვენ ვართ საუკეთესოები. ისინი აგრესიულები არასდროს ყოფილან“ – ამბობს ბატონი ქარუმიძე.

თბილისის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის დირექტორი ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, პატრიოტული ბანაკები მნიშვნელოვანია ქართული იდენტობის გამოწრთობისთვის.
„სააკაშვილს და მის ბიჭებს ესმით, რომ საჭიროა ახალი სახის ნაციონალიზმის განვითარება: სახელმწიფო ნაციონალიზმის“ – ამბობს ბატონი რონდელი.

„მაგრამ ჩამოსული უცხოელებისთვის ეს ცოტა გულუბრყვილო და გამაღიზიანებელია: თქვენ ის ტოტალიტარულ სახელმწიფოებს ან რაღაც მსგავსს გაგონებთ, მაგრამ მე ვიტყოდი რომ, ეს აბსოლუტურად აუცილებელია“.

პროპაგანდა
ბანაკში, აფხაზეთის საზღვართან ახლოს, მისი ლიდერები ახალგაზრდა პატრიოტებისთვის წარმოდგენას მართავენ.
დაძაბული მუსიკის ფონზე მამაკაცები თეთრ მაისურებში (წარწერით „რუსეთი“) ზურგიდან ეპარებიან და იჭერენ სხვა მონაწილეებს, რომელთა მაისურებსაც აწერიათ „სამხრეთ-ოსეთი“ და „აფხაზეთი“.

რამდენიმე წამის განმავლობაში, ეს ორი “მსხვერპლი“, ხელებშეკრულები სცენის უკან დაკავებული ჰყავთ, ვიდრე მათ ქართველი მეგობრები არ გაათავისუფლებენ. ეს მარტივი, ანტი-რუსული თეატრალური პროპაგანდაა, რომელსაც აუდიტორია აღფრთოვანებული აპლოდისმენტებით ხვდება.

მოგვიანებით მე ელენას შევხვდი, რომელიც შოუს დროს ცრემლებს ძლივს იკავებდა.
„არ ველოდი თუ ასეთი დიდებული შოუ იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ჰქონდა“.

მე ვკითხე მას, კარგი დრო გაატარა თუ არა ბანაკში.
„ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დღეებია. დიახ, მართლა“ – სთქვა მან.

ამ სიტყვებით და დროშის ფრიალით ის სიბნელეში გაუჩინარდა სხვა ხმაურიან, ახალგაზრდა და მხიარულ ქართველ მედროშეებთან ერთად.
foreignpress