[ეკა ბაქრაძე]
უგულავამ რამდენიმე თვის წინათ დასუფთავების გადასახადი 110%-ით გააძვირა, შემდეგ დენის ქვითარს მიაბა და 100%-იანი ამოღების მაჩვენებელი გაინაღდა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერის დაოკება ვერაფერმა შეძლო. ამჯერად დასუფთავების გადასახადი კვლავ იზრდება.
თბილისის მერიამ შეიმუშავა დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის ახალი, სრულად გაუგებარი და მსოფლიოში ჯერ არსად გამოყენებული სქემა. კერძოდ, დასუფთავების გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება ერთი აბონენტის მიერ მოხმარებულ ყოველ კვტ_სთ-ზე და ის განისაზღვრება 1 კვტ_სთ-ზე 5 თეთრით. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, უქმდება დასუფთავების მოსაკრებლის სულადობრივი გადასახადი. დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მიერ მიმდინარე წლის 17 ივნისს საკრებულოში წარდგენილი გადაწყვეტილების პროექტის თანახმად, ახალი ტიპის გადასახადი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთთან დაკავშირების იდეა უშუალოდ გიგი უგულავას თავში მომწიფდა და მისი გაჟღერება საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა იკისრა.
ხაჩირიშვილის განცხადებით, პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღნიშნული სისტემის შემოღების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ისარგებლებს შეღავათებით. გარდა ამისა, ქალაქის უდიდეს ნაწილს, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს, გაუიაფდება გადასახადი და მესამე, დასუფთავების მოსაკრებლის სისტემა გახდება უფრო ეფექტური.
გარდა ამისა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ზეპირი განცხადებების ნაცვლად, თავად წარმოადგინონ კომუნალური გადასახადის გადახდის უფრო ეფექტური სისტემა.
უგულავას თავში მომწიფებულმა ინიციატივამ მთელი თბილისის მასშტაბით უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. ყველა დარწმუნებულია, რომ დასუფთავების გადასახდი მკვეთრად გაიზრდება. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება, რაც დასუფთავების გადასახადს 50%-ით გაზრდის.
„ხელისუფლება მოსახლეობას კიდევ ერთ „სიურპრიზს“ უმზადებს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, 1 კვტ_სთ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე აბონენტს 0,05 ლარის ოდენობის დასუფთავების გადასახადი დაერიცხება. ანუ, თუ ადამიანი 200 კვტ_სთ ელნერგიას მოიხმარს, ეს უნდა გამრავლდეს 0,05 ლარზე და დასუფთავების გადასახადი სულ მცირე, 50 პროცენტით გაძვირდება. მით უმეტეს, რომ არის ოჯახები, რომელთც გაზი არ აქვთ და მხოლოდ ელექტროენერგიას მოიხმარენ“, - განაცხადა სამუშიამ და აქვე დასძინა, რომ საკრაბულოს უმრავლესობამ და თბილისის მერმა აღნიშნული კანონპროექტი დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიონ.
„კარად უნდა დაანგარიშდეს, რამდენს უნდა შეადგენდეს დასუფთავების გადასახადი. გვაინტერესებს ასევე ქალაქის ბიუჯეტში დასაუფთავებასთან დაკავშირებით გაწერილი 40 მილიონი ლარის მიზნობრიობა“, - დასძინა სამუშიამ.
გაძვირების კონკრეტული კოეფიციენტი ჯერ არ გამოუყვანიათ „თავისუფალ დემოკრატებს“, რადგან პირველ ეტაპზე, ისინი თბილისის მერიისგან პასუხს ითხოვენ.
„თავისუფალი დემოკრატები“ ინტერესდებიან, რა კავშირია დასუფთავებასა და მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას შორის, ასევე, რა კავშირია ენერგოკომპანიასა, რომელიც ბიზნესსტრუქტურაა და დედაქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურს შორის; რამ გამოიწვია ისედაც გაძვირებული დასუფთავების საფასურის კიდევ უფრო გაძვირება; იურიდიული პირები, კერძოდ, საავადმყოფო, სასტუმრო, სკოლა, რესტორანი, სასადილო და ა.შ. ისინიც აღნიშნული ტარიფით გადაიხდიან თუ არა; ზამთარში, როცა ადამიანები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მეტ ნაგავს აგროვებენ? - ამ კითხვებით, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ მერიას უკვე მიმართა. მან ასევე, მოითხოვა შეწყდეს, სიდუხჭირის ფონზე, მოსახლეობის კიდევ დამატებით ძარცვა.
ახალი მემარჯვენეები კი აცხადებენ, რომ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის და მისი გადახდის ახალი წესის შემოღება, რომელიც საკრებულოს უახლოეს სხდომაზეა დაგეგმილი, არასამართლიანია და თბილისის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.
„ახალი კანონპროექტი რეალურად ნიშნავს, რომ მომხმარებელს, რომელიც 100 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს მოუწევს 5 ლარის გადახდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის. დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისთვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის ასევე, დგინდება დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ტარიფის გაანგარიშების წესი დაგროვებული ნარჩენების სახეობის, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბანკო-კომუნალური მომსახურების მოცულობის და ა.შ. მიხედვით. ტარიფების დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
ამ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ქალაქის მერია ასაბუთებს იმით, რომ დედაქალქში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია, მოსახლეობის რეგისტრაციის ოფიციალური მაჩვენებელი არ შეესაბამება ფაქტიურ მდგომარეობას, რაც იწვევს ქალაქში არსებული რეალური სურათის დამახინჯებას“, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ჩვენი თბილისის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ.
უგულავას ჯერარსმენილმა ინიციატივამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ მისი გარჩევა პარლამეტშიც დაიწყო. საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრის მაგდა ანიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ქვითრის მისვლის პერიოდი, კოშმარად გადაუქცია.
„თვის ბოლოს ქვითრის მისვლის დრო კოშმარად გადაექცა მოსახლეობის დიდ ნაწილს. ეს ის დროა, როცა ბევრმა ოჯახმა არ იცის როგორ გააგრძელოს ცხოვრება და როგორ მოუარონ შვილებს. ეს არის კოშმარი და ამ პირობებში ბევრს უწევს ცხოვრება“, - განაცხადა ანიკაშვილმა როგორც ერთიანი ადმინისტრირების უსამართლობაზე, ასევე დასუფთავების გადასახადის მოსალოდნელ გაზრდაზე საუბრისას.
მისი აზრით, რაც უფრო მძიმდება სოციალური ფონი, უფრო და უფრო არაადექვატურ გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება. დასუფთავების გადასახადის გაანგარიშების ახალი წესით კი, როგორც ანიკაშვილი აცხადებს, გადასახადი 2-3 ჯერ გაიზრდება.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი თვლიან, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ოფიციალურად სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ განეკუთვნება და ყოველთვიურ დახმარებას სახელმწიფოსგან არ ელის, შეძლებული ფენაა და მათთან მიმართებაში კომუნალური გადასახადების გაზრდა დასაშვებია.
სწორედ ასეთი პათოსით სავსე განცხადებით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე, რომელიც მთელი სერიოზულობით ირწმუნება, რომ დედაქალაქის მოსახლეობისთვის დასუფთავების გადასახადის ახალი ფორმით დაანგარიშებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პროტესტი „უპასუხისმგებლობაა“.
არგუმენტად კი მელაძეს სათქმელი მხოლოდ ის აქვს, რომ „სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომლის რაოდენობაც თბილისის მასშტაბით 200 ათასამდე ოჯახს შეადგენს, დასუფთავების გადასახადი უმცირდება, ხოლო მათ, ვინც გარკვეულად შეძლებულ ფენას წარმოადგენს, მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევთ“.
მელაძე რომ სოციალურ-ეკონომიკურ პარამენტრებში ვერ ერკვევა, ახალი ამბავი არ არის. მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მის „ჰაეროვან გაანგარიშებას“ ცივი წყალი ექსპერტმა გადაასხა.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ თუ ეს პროექტი წარმოდგენილი სახით დამტკიცდება, დედაქალაქის მოსახლეობას ცხოვრება კიდევ ერთხელ გაუძვირდება.
„ეს ცვლილება - 1 კვტ_სთ ელექტროენერგიაზე 0,05 ლარი, პირდაპირ აისახება იმ კატეგორიაზე, რომელიც 13-თეთრიან ტარიფს იხდის. გამოდის, რომ მას გადასახადი 40 პროცენტით უძვირდება. ადამიანს რაც უფრო დაბალი გადასახადი აქვს, ელექტროენერგიასაც ნაკლებს ხარჯავს, თუმცა ამის მიუხედავად, ტარიფი მაინც უძვირდება.
მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ, საკრებულოში ოჯახებს გადასახადებს ხელაღებით უზრდიან. ეს საკითხისადმი ორმაგი მიდგომაა. მალე, ალბათ, ლუკმა-პურის რაოდენობის მიხედვითაც შემოიღებენ გადასახადს“, - ამბობს სოსო არჩვაძე.