საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის სტაბილურობა ქარიშხლებმა დაარღვია. აშშ-ში მძვინვარე სტიქიის გამო საწვავის ფასი გაიზარდა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე ასევე საქართველოში. ადგილობრივ ბაზარზე ბენზინი და დიზელი უკვე 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. საერთაშორისო არასტაბილურობას ზედ დაერთო ეროვნული ვალუტის მოულოდნელი რყევა და ამჯერად საცალო ქსელში მორიგ გაძვირებას ელიან.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობმწარმოებლების ინფრასტრუქტურა ტროპიკური ქარიშხლებისთვის მეტწილად მზადაა, სტიქიამ მაინც თავისი გაიტანა. მატერილური ზარალის მიყენების შემდეგ აშშ-ში ნავთობპროდუქტების დეფიციტზე ალაპარაკდნენ. საერთაშორისო ბირჟებზე, „ჰარვის“ მსგავსად, ფასების მატებას ამჯერად „ირმას“ უკავშირებენ.
აშშ-ში გადამამუშავებელი ქარხნების შეჩერების შედეგად შეიქმნა საწვავის დეფიციტი, რის გამოც აშშ-ში ბენზინისა და დიზელის საწვავი მნიშვნელოვანად გაძვირდა და 1 გალონის (3,78 ლ) საშუალო შეწონილი ფასი უკვე 2,60 დოლარზეა.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, საწვავის ფასი კიდევ ერთხელ დაიძრა მაღლა. ზედიზედ 2 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის გაიაფების ტენდენცია ნარჩუნდებოდა, თუმცა დაახლოებით 10 დღის წინ მან გეზი იცვალა. როგორც მოსალოდნელი იყო ცვლილება ადგილობრივ ბაზარსაც შეეხო და საწვავი როგორც არაბრენდირებულ სექტორში, ასევე ბრენდირებულ სადგურებშიც, რამდენიმე თეთრით გაძვირდა.
მიუხედავად ამისა, როგორც ანალიტიკოსი ბექა კემულარია ვარაუდობს, მსხვილ ბენზინგასამართ სადგურებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ ფასი შეინარჩუნონ. მეტიც - კიდევ რამდენიმე პუნქტითაც რომ გაუფასურდეს ლარი, ქართველ მომხმარებელს საწვავი არ უნდა გაუძვირდეს.
„უნდა დაველოდოთ რა მოხდება უცხოურ ბაზრებზე და გარკვეულ პერიოდში იგი აისახება საქართველოს საცალო ქსელშიც. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ფასის მკვეთრ ზრდას არ უნდა ველოდოთ. 5 კომპანიას იმდენი მოგება აქვს, რომ ფასი დროებით დააბალანსონ. კურსი 2,7-ზეც რომ ავიდეს, მაინც აქვთ სათანადო რესურსი. იგივეს ვერ ვიტყვი არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე“, - აცხადებს კემულარია.
ბოლო 2 კვირაა ნავთობის ფასს ოკეანისგაღმა მძვინვარე ქარიშხლები განსაზღვრავს. აშშ-ში სტიქიის გამო მექსიკის ყურის რაიონში მუშაობა შეაჩერა 15-მდე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. მათ შორის, ტეხასის შტატში პორტ-არტურში მდებარე უმსხვილესმანავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ოტივა Enteprises-მა. აღნიშნული ქარხნები უზრუნველყოფდნენ აშშ-ში ნავთობის გადამუშავების დაახლოებით 20%-ს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქარიშხალი „ჰარვის“ შედეგების გამო აშშ-ში მექსიკის ყურეში 25%-ით შემცირდა ნავთობის მოპოვება. კერძოდ, დღე-ღამეში 1,74 მლნ. ბარელიდან 1,32 მლნ ბარელამდე.
აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეჩერების შედეგად შეიქმნა საწვავის დეფიციტი, რის გამოც აშშ-ში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის მნიშვნელოვანი მატება მოხდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ ნავთობის ფასი არ გაზრდილა მნიშვნელოვნად იმ მიზეზით, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეჩერების ფონზე შემცირდა ნავთობის მოხმარება.
ექსპერტთა აზრით, ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია დიდ ხანს არ შენარჩუნდება და ფასების დასტაბილურება ამლევე მოხდება ქარიშხალი „ჰარვის“ შესუსტების ფონზე და მექსიკის ყურეში წარმოების აღდგენისთანავე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ-ის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის სტრატეგიული მარაგებიდან 500 ათასი ბარელის გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა”.