ირაკლი ალასანია: „ზოგს დროზე ადრე გაურბის სიტყვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო, ერთმანეთს რაღაცეები არ ვაპატიოთ“.

ირაკლი ალასანია: „ზოგს დროზე ადრე გაურბის სიტყვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო, ერთმანეთს რაღაცეები არ ვაპატიოთ“.

[როზი ჯღამაია]

პოლიტიკურ აგონიაში მყოფი „რვიანი“ ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული. გაერთიანების გადარჩენის იმედი არც მასში შემავლ პარტიებს აქვთ და ამის არც საჭიროება არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე, ხმები „რვიანის“ გარდაცვალების შესახებ, როგორც იტყვიან, მაინც გადაჭარბებული აღმოჩნდა.  

როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა, ვიღაცას – ნებისყოფამ და დროზე ადრე დააანონსა „რვიანის“ დატოვების სურვილი. სულ ცოტა, პოლიტიკური წინდახედულება იყო საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკურ ჩიხში მოქცეულ ხელისუფლებას, საარჩევნო გარემოს დათმობაზე, ან ჰო ეთქვა ანა – არა.

რატომღაც მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და საზოგადოებაში სწორედ ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს. თუმცა, პრესაგე.ტვ–სთვის მიცმულ ინტერვიუში „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია ამბობს, რომ გაუგებრობა ამოწურულია და „რვიანი“ ძველ ფორმატში, ერთი პირით ელაპარაკება ხელისუფლებას, რომელსაც, ამჟამად მცირე დრო აქვს იმის სათქმელად, აპირებს თუ არა საარჩევნო გარემოს შეცვლას და ამ გზით ხელისუფლების დათმობას. დანარჩენს კი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზოგადოება თვალს ადევნებდა, როგორ ცდილობდა პოლიტიკური „რვიანის“ დაშლას მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების ნაწილი. ადასტურებთ, რომ „რვიანმა“ ამოწურა თავისი თავი?

- არა, „რვიანის“ ამოცანა შესრულებული იქნება მაშინ, როდესაც მოლაპარაკების შედეგად შედეგს წარუდგენს საზოგადოებას. მე მაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკება გაგრძელდება და შესაძლებლობა გვექნება სერიოზული წინადადებები მოვისმინოთ ხელისუფლების მხრიდან. ამ წინადადებებზე დაყრდნობით ნათელი  გახდება, შედგება თუ არა შეთანხმება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამის შემდეგ, ის ამოცანა, რომელიც „რვიანს“ ჰქონდა - ერთი პირით ელაპარაკა ხელისუფლებასთან – დასრულდება. თუმცა, ჩვენი საბოლოო ამოცანა არის შეიცვალოს საარჩევნო გარემო და იმედი მაქვს, რომ ამ შანსს გამოიყენებენ, როგორც ოპოზიციური ძალები, ისე - ხელისუფლებაც.

რაც შეეხება „რვიანის“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, მე ამ პერიოდში აქ არ ვიყავი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მეორე და მესამეხარისხოვანია. განსხვავებული პოზიციები „რვიანს“ ექნება გარკვეულ საკითხებზე, რადგან განსხვავებული პარტიები ვართ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ერთი პირით ვსაუბრობთ ხელისუფლებასთან.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, „რვიანი“ კორექტული იყო მასში შემავალი პარტიების განსხვავებული აზრის მიმართ, ახლა კი ეს პრინციპი დაირღვა. ქრისტიან-დემოკრატებმა ალეკო შალამბერიძის საგაზეთო ინტერვიუ გამოიყენეს, „ახლებმა“ აბსოლუტურად გაუგებრად, დაიწყეს საუბარი, რომ „რვიანის“ 7 ივნისის განცხადებას ემიჯნებოდნენ. რატომ - მაინც და მაინც ახლა, როცა 26 მაისის შემდეგ საზოგადოების მთელი ყურადღება თქვენსკენ იყო მოპყრობილი?

- გეთანხმებით, ეს დაძაბული პროცესია, ეს არის ნებისყოფის გამოცდა და გარკვეული ტესტი. ზოგს დროზე ადრე გაურბის სიტყვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო, ერთმანეთს რაღაცეები არ ვაპატიოთ.

გაურბის რას ნიშნავს, ანუ, მათ საფრთხე იგრძნეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა დამჯდარიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან?

- მე ერთს ვიტყვი - შედეგი არის ის, რომ „რვიანი“ ერთი პირით აპირებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას.

ინდივიდუალური მოლაპარაკებების შემთხვევაშიც?

- არა, ასეთი გაგება საერთოდ არ არსებობს.

რას ნიშნავს "არ არსებობს"?! ორი კვირის განმავლობაში, „ახლებისგან“ იმის მეტი არაფერი გაგვიგია, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში აპირებდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებას. ბოლოს და ბოლოს, რა ხდება?

- არაფერიც არ ხდება... ჩემს პარტნიორებს ერთმანეთში გარკვეულწილად, აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც თავიდან ვთქვით, ყველაფერი ისევ ისე გრძელდება - „რვიანი“ ერთი პირით ელაპარაკება ხელისუფლებას.

ჩამოვიდა  ალასანია და დალაგდა ყველაფერი...  რა გარანტიები მიეცით ასეთი თქვენს პოლიტიკურ პარტნიორებს?

- ეს ყველაფერი დალაგებული იყო. მე მგონი, ყველას გვაქვს იმის განცდა, რომ ეს არის ჩვენი შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ჩვენს განსხვავებულ აზრზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დავაყენოთ.

რჩება თუ არა ძალაში „რვიანის“ განცხადება, რომელმაც საჯარო გახადა „რვიანში“ არსებული პრობლემები? ვგულისხმობ ქუჩის აქციებს.  

- რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი სამოქალაქო მოძრაობაზე. ჩვენ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში შევთანხმდეთ საარჩევნო გარემოს რაღაც ასპექტებზე, სისტემაზე, დავების განხილვის საკითხზე და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამართლიანობა დამყარდა. სამართლიანობის დამყარებას მხოლოდ მას შემდეგ აქვს შანსი, რაც ხელისუფლება შეიცვლება. მანამდე, სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად, გვინდა, რომ ყველა მიმართულებით ვიმუშაოთ, ეს იქნება პენიტენციალურ სისტემებში არსებული პრობლემები, სოციალური  პრობლემები, უმუშევრობა, შრომითი ბაზარი, რომელიც დაუცველია და ა.შ. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

ანუ, არჩევნები უნდა მოიგოთ არჩევნებამდე...

- სწორედაც, არჩევნები უნდა მოვიგოთ არჩევნებამდე. თითოეულ სოფელში მოგვიწევს ჩასვლა, რათა დავანახოთ ხალხს, რას ართმევს მათ სააკაშვილი და რა ალტერნატივას ვთავაზობთ, თუ თვითონ იქნებიან თანამონაწილე ამ ცვლილებების. ამას სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერ გავაკეთებთ და ამიტომაც გავშალეთ ეს ფრონტი. მქონდა უამრავი შეხვედრები და ამას გავაგრძელებ „რვიანთან“ და „რვიანის“ გარეშე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ძალებში ბევრი პარტნიორი გვეყოლება.

„ახალმა მემარჯვენეებმა“ თქვეს, რომ „რვიანის“ შიგნით არის ინიციატივები ბლოკებად გაერთიანებისა, თუმცა, თავად შესაძლოა, ეს საკითხი უფრო მაღალ ხარისხში აიყვანონ. საუბარია რამდენიმე ძალის ერთ პარტიად ჩამოყალიბებაზე. რამდენად სერიოზულად განიხილება ეს საკითხი „რვიანის“ წევრებს შორის? გარდა ამისა, „ახლები“ და ქრისტიან-დემოკრატები ფიქრობენ, რომ დროა, დაიწყონ საკუთარი პარტიის იდენტიფიცირებაზე ზრუნვა, რადგან „რვიანმა“ თავისი თავი ამოწურა. 

- ლაპარაკი რაღაც გაერთიანებებზე ნაადრევია, რადგან ჯერ არ ვიცით, როგორი საარჩევნო სისტემა გვექნება. მეორე - ჩვენ შეგვიძლია პარტნიორულ რეჟიმში ვიყოთ და როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვე იქნება დარჩენილი, მაშინ მივიღოთ გადაწყვეტილებები – რომელ პოლიტიკურ ძალას, რომელ პოლიტიკურ ბლოკში შეუძლია მონაწილეობა. ეს არ არის  საჩქარო, დღეს მთავარია ხელისუფლებას დავათმობინოთ საარჩევნო გარემო.

რაც შეეხება პარტიის გაძლიერებას და ინფრასტრუქტურის შენებას, ეს ყველა ნორმალურ სახელმწიფოში პარტიის მთავარი ამოცანაა. „თავისუფალი დემოკრატები“ ვაგრძელებთ პარტიულ საქმიანობას, პარტიული აქტივის შექმნას, გაწვრთნას და ვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის.

როგორ ფიქრობთ, სამომავლოდ დადგება თუ არა პარტიების გაერთიანების აუცილებლობა?

- დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია ამის თქმა, ეს დამოკიდებული იქნება პარტიული მუშაობის წარმატებაზე, ან წარუმატებლობაზე. ანუ, ჩვენ რამდენადაც ბევრ შრომას ჩავდებთ რეგიონებში, დედაქალაქში ჩვენი ინფრასტრუქტურის შექმნაში, იმდენად წელში გამართული ვიქნებით არჩევნებისთვის. დაგვჭირდება თუ არა სხვასთან ალიანსში ყოფნა, ესეც მაშინ გამოჩნდება.

დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ამოცანაა გაძლიერება, ახალი სისხლის მიღება, ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩამოყალიბება, საზოგადოებაში ბრძოლის უნარის ჩამოყალიბება ჩვენი იდეოლოგიით – ეს არის იდეოლოგია მომავლისკენ მიმართული და არა რეტროგადული. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება გარედან დახმარება, მაგრამ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება მედიაგარემოს, პენიტენციალურ სისტემას, სასამართლოს და სხვა საკითხებს... ეს საკითხები პარტნიორობას საჭიროებს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ ასეთივე ერთობა შევქმნათ ამ საკითხებთან დაკავშირებით.

26 მაისის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება „რვიანისკენ“ იყო მიპყრობილი, თუმცა, რაც ამ ბოლო პერიოდში მოხდა, ამან  „რვიანის“ რეიტინგი მნიშვნელოვნად დასცა. არ მეთანხმებით?

- ვიზიარებ ამ შეფასებებს... საზოგადოებაშიც და ჩემშიც იყო მეტი მოლოდინი, რომ „რვიანის“ მეტი აქტიურობა შეავსებდა იმ ვაკუუმს, რაც 26 მაისის შემდეგ შეიქმნა საზოგადოებაში და ამაზე ნამდვილად არ იმოქმედა კარგად ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის სულსწრაფობამ და მათმა ნაჩქარევმა განცხადებებმა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მეტი პატიება და თანაგრძნობა უნდა გამოვავლინოთ ერთმანეთის მიმართ და ეს არ უნდა გავხადოთ იმის მიზეზად, რომ ვიღაცა გავკიცხოთ და „რვიანიდან“ გავრიცხოთ.

დავივიწყოთ რაც მოხდა?

- იცით, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ისევე ხდება შეცდომების დაშვება, როგორც ადამიანურ ცხოვრებაში.  

კიდევ ერთხელ გეკითხებით - „რვიანი“ ისევ იმ პრინციპით აგრძელებს ბრძოლას, როგორც მანამდე, სანამ ეს გაუგებრობები დაიწყებოდა?

- კიდევ ერთხელ მინდა ცალსახად დავადასტურო: „რვიანის“ მთავარი ამოცანა - შეცვალოს საარჩევნო გარემო და ერთი პირით ელაპარაკოს ხელისუფლებას – სრულდება.

სააკაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში არავის აძლევდა გაძლიერების საშუალებას. ამ დღეებში აშკარა იყო, რომ გიგი უგულავამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაიწყო მზადება. შეიძლება  თუ არა ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილმა მემკვიდრე უკვე დაასახელა? 

- მსგავსი სპეკულაციებისგან თავს შევიკავებ, ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტი იქნება გამოკვეთავენ თუ არა კანდიდატებს. ჩვენ ჩვენი საქმე გვაღელვებს.

უგულავა ერთხელ უკვე იყო თქვენი კონკურენტი და არ გაღელვებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც იგი გახდეს თქვენი კონკურენტი?

- მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ხელისუფალი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ იქნება. ნაციონალური მოძრაობის 7-წლიანი მმართველობის პერიოდში ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ მარცხი ასოცირდებოდა მათ პოლიტიკასთან. ის, რასაც მათი კონტროლირებადი „რუსთავი 2“ და „იმედი“ აპიარებს - ერთია, მაგრამ რეალობა მეორეა და ხალხი ამას გრძნობს.

როგორ გითხრათ... ონის მაგალითზე ამას ვერ ვიტყოდით.

- ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი იქნება სხვაც და რეალობის განცდა უფრო მეტი უნდა იყოს ხალხში, მაგრამ წალენჯიხაში შემხვდა ერთი ქალბატონი, რომელმაც მითხრა - „როდესაც ტელევიზორში ვხედავდი, რომ სადღაც რაღაც კეთდებოდა, სულ მეგონა, რომ ეს ოდესღაც ჩემამდეც მოვიდოდა. როცა 7 წლის განმავლობაში, ჩემს ირგვლივ არაფერი არ შეიცვალა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი არის სიყალბე“. ხალხი გრძნობს, რომ ყველაფერი, რითაც სააკაშვილი ამაყობს არის მხოლოდ და მხოლოდ პიარი. 

ასე რომ, ამ გადმოსახედიდან, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ცვლილება იქნება სრულფასოვანი და ეს არ იქნება ერთი პიროვნებიდან მეორე პიროვნებაზე ხელისუფლების გადაცემა. ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს პოლიტიკურ არსებობას, ჩემი წარმოდგენით, ძირითადად, პარლამენტში იქნებიან და ესეც ხელს შეუწყობს, საქართველო გადავიდეს ახალი პოლიტიკური კულტურის ეტაპზე, სადაც მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი არ ნიშნავს, რომ ის შენი მოსისხლე მტერია. 

საქართველოს პოლიტიკას აკლია მოლაპარაკებების, შეთანხმებების მიღწევის კულტურა. ამიტომ, ამ კუთხით ჩვენი პარტიის დიპლომატიური გამოცდილება კარგად წაადგება ქართულ პოლიტიკას. ეს ცალკე თვისებაა, რომელიც უნდა გამოვიმუშაოთ, 20 წლის განმავლობაში სწორედ შეუთანხმებლობებმა მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ასეთ კატასტროფამდე.    

რატომ? სწორედ რომ პოლიტიკური კულტურის მაღალი დონით გამოირჩევიან მოლაპარაკებებში ჩართული პარტიების ნაწილი. გვერდიდან იცით ეს ყველაფერი როგორ ჩანს? - ხელისუფლება სწორედაც მოლაპარაკებების გზით ცდილობს „რვიანში“ შემავალი პარტიების გადაბირებას - ეს უცხო პრაქტიკა ნამდვილად არაა ჩვენთვის. ხელისუფლების მცდელობა ყოველთვის იყო „რვიანის“ დაშლა...

- და არ გამოუვიდა...

ეს  ჯერ კიდევ საკითხავია. ხელისუფლება ცდილობს მოისყიდოს პარტიები, მათგან რამდენიმეს შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ არა იმდენს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგოს, თუმცა წარმოაჩენს, რომ ახალი პარლამენტი არის მრავალპარტიული. ეს პარტიებიც რას კარგავენ? ხელისუფლების მიერ პარლამენტში შეყვანილი პარტიები კი ვხედავთ რა „დისკომფორტსაც“ უქმნიან ნაციონალურ მოძრაობას. ასე რომ, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რეალობაში ჩვენ მივიღოთ ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ რამე შეიცვალა?

- თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. თუმცა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თანმიმდევრულად, სააკაშვილს, ჯერ, უნდა დავათმობინოთ საარჩევნო გარემო. ამაში ჩვენ ვერ გაგვხლიჩა ხელისუფლაბამ.

სწორედაც რომ გაგხლიჩათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა რაღაც შეიცვალა...

- არა, მე უკვე ვთქვი, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ბევრს ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ ახლა ყველაფერი თავის კალაპოტში დაბრუნდა. ახალ საარჩევნო გარემოში ყველას ექნება სივრცე, რომ წარმოაჩინოს თავისი რეალური სახე. საზოგადოება მოტყუებული ვერ დარჩება, დამერწმუნეთ - პარტიების იმ რიგს, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი ხელისუფლების მიერ, პერსპექტივა არ ექნებათ. პერსპექტივა ექნებათ იმ პარტიებს, ვინც რეალურად იმუშავებს და საზოგადოების ნდობას მოიპოვებს, არა მხოლოდ გულში მჯიღის ბრახუნით, არამედ კონკრეტული ალტერნატივის შეთავაზებით. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სწორედ ეს გზა ავირჩიეთ ხალხთან ურთიერთობის და, ჩემი აზრით, იმედსაც ეს მოიტანს.

უიმედობას ის აღრმავებს, რომ ყოველი არჩევნების წინ მსგავს დაპირებებს ვიღებთ, მაგრამ რეალობას - სხვას.

- გეთანხმებით, მაგრამ თუ ჩემ ძველ განცხადებებსაც გაიხსენებთ, ყოველთვის ვამბობდი, რომ აგრესიულ, ძალადობრივ მოქმედებებს ქართულ პოლიტიკაში აღარ ექნება ადგილი და ასეც მოხდა. ადრე არ ყოფილა, რომ ელექტორულად, ხედვებით, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები ერთად მდგარიყვნენ და ერთი პირით ელაპარაკათ ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს მოხდა და ახლაც გეუბნებით, რომ უახლოეს მომავალში, თუ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ხელშესახები ცვლილებები განხორციელდა, მართლაც გვექნება კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნების ჩატარების შანსი.

თუ არ მოხდა ეს  ყველაფერი, მერე რა იქნება?

- თუ ხელისუფლების ცვლილების შანსი და სივრცე სააკაშვილმა ჩაკეტა, მაშინ, 6 თვეში, 1 წელიწადში, ან რამდენიმე წელიწადში, ჩვენს პოლიტიკაში რადიკალიზმი ისევ მოტრიალდება და განვითარდება მოვლენები ისე, როგორც ეს ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში. თუ ამ გზით წავიდა ჩვენი საზოგადოება სააკაშვილთან ერთად, მაშინ ჩვენ გველოდება ახალი სამოქალაქო დაპირისპირება, რისი მიზეზიც გახდება მზარდი და უკვე გამყარებული ტოტალიტარული მმართველობა. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლების შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნება. ამ გზით რომ არ წავიდეთ, ამიტომ, ვცდილობთ ოპტიმიზმი გავაჩინოთ, რეალური ნაბიჯები გადავდგათ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისკენ.

დღეს იგივე სააკაშვილის გარემოცვაში, დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხვდებიან - გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ზოგადად ქვეყნის პრობლემა გახდა, მათი პოლიტიკური მომავლის პრობლემაც გახდა. ამიტომ, მართლაც არ ჩაყვებიან სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში.

ბიომეტრულ მოწმობებთან დაკავშირებით, საინტერესო რამ ხდება. ხელისუფლება თანახმაა ეს საკითხი დათმოს, მაგრამ ამავდროულად, იმიზეზებენ, რომ მთელ ქვეყანაში არ მოხერხდება ბიომეტრული მოწმობების დამზადება და ამბობენ, რომ ძველი მოწმობებითაც მოხდეს ხმის მიცემა. არ ფიქრობთ, რომ ეს გაყალბების ახალი მექანიზმი გახდება?

- თუ სადმე ვერ მოესწრება ბიომეტრიის დანერგვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ერთიან სისტემაზე შევთანხმდეთ. ამის ვარიანტები ჩვენ გვაქვს და მოლაპარაკებებში ამ ვარიანტებზე შეთანხმება შედგება.

ვადების დასახელება ცუდად დასცადა ქართულმა პოლიტიკამ, მაგრამ უსასრულოდ ვერაფერი გაგრძელდება. ამიტომ, უნდა თქვათ, სად გადის ის ზღვარი, რომლის იქით უკვე მოსალაპარაკებლად ხელისუფლების ლოდინი შეუძლებელი იქნება.

- ლოდინს  რომ არ ვაპირებდით, იმიტომაც დავიწყეთ ლაპარაკი სამოქალაქო მოძრაობაზე. ჩვენ სათქმელი უკვე ვუთხარით ხელისუფლებას. მათ რომ ცინიკური დამოკიდებულება გამოამჟღავნეს, იმიტომაც გაიყინა პროცესი. ახლა ისინი იძულებულნი არიან, დაუბრუნდნენ ამ პროცესს. ამას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, სერიოზული მხარდაჭერაც მოყვა და ზეწოლაც. ამიტომ, ჩვენ არ ველოდებით მათ, მაგრამ მაქვს გარკვეული შესაძლებლობა ვთქვა, რომ უახლოეს 10 დღეში, წესით, პროცესი უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. 

„მემარჯვენეებისგან“ კიდევ მოვისმენთ განცხადებებს, რომ ისინი ქუჩაში არ გავლენ?

- მათ ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა, მათ ყოველთვის ჰქონდათ პრინციპული პოზიცია, რომ ქუჩის აქციებს ეწინააღმდეგებოდნენ. ჩვენი პოზიცია კი იყო, რომ თუ საჭირო გახდა, მანიფესტაციები არის ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი, აიძულო ხელისუფლება შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულებები, და ამ აზრზე ვრჩებით. როდესაც დავაპირებთ ამ აქციებში მონაწილეობას, არ არის აუცილებელი „მემარჯვენეები“ მონაწილეობდნენ ამ აქციებში.  

პრინციპულობის რა მოგახსენოთ, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლების ჩარევის გარეშე არ მომხდარა ეს „გაუგებრობები“, დათო გამყრელიძე ლიანდაგებზე გვახსოვს და ბურჯანაძის კარებთანაც მოშიმშილე...

- მე რაც გითხარით იმით შემოვიფარგლები...