კრემლი აფხაზეთის ანექსიის „მეორე ეტაპზე“ გადადის

კრემლი აფხაზეთის ანექსიის „მეორე ეტაპზე“ გადადის

[მერაბ ბრეგაძე]

მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჯარებს 2,5-ჯერ გაზრდის. ინტერნეტგამოცემა „ლაიფნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „თბილისის მხრიდან პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად“, კრემლი და მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საზღვრებზე რუსული ძალების გაზრდის საკითხზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეთანხმება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება.

რუსეთის თავდაცვის უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს მხრიდან, „ჯერ კიდევ გრძელდება პარტიზანული ომები გალის რაიონში“. მისი თქმით, სოხუმი და მოსკოვი შეთანხმდნენ, ამ რეგიონში „სამშვიდობო ძალების“ გაზრდის თაობაზე.

ანონიმი მაღალჩინოსნის განცხადებით, 2013 წლისთვის რუს სამშვიდობოთა რაოდენობა აფხაზეთში 3500 ადამიანამდე გაიზრდება. დღეისთვის მათი რაოდენობა 1500-ს შეადგენს. მისივე თქმით, აღნიშნული რაოდენობა არ აჭარბებს იმ პარამეტრებს, რომელიც დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილების ფარგლებშია დადგენილი.

როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აცხადებს, „არავის არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსეთი და აფხაზეთი საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს“.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა: „რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელოვნურად ხდება ვითარების ესკალაცია, რომ შეიარაღებეული ძალების გაზრდის დამატებითი „არგუმენტები“ მიეცეთ. ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება 2013 წელისთვის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული შეირაღებული ძალების ორნახევარჯერ გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უზარმაზარი საფრთხის შემცველი და მატარებელი ინფორმაცია, განსაკუთრებით იმის ფონზე რაც ხდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე“.

დეპუტატმა ონის რაიონიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ათი ქართველიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა ქართველები ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს, მათი ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება:

„ამ ყველაფერს თან ერთვის განცხადები, რომელიც სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებას უკავშირდება, სადაც აღნიშნულია იმის აუცილებლობა, რომ ყველა საზღვარი რუსეთის, მათ შორის აფხაზეთის ე.წ. საზღვარი საქართველოსთან მიმართებაში ჩარაზული უნდა იყოს. ყველა ეს ინფორმაცია ერთმანეთის მიყოლებით გავაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ხელოვნურად ხდება ესკალაცია იმისთვის, რომ რუსეთს მიეცეს დამატებით „არგუმენტები“, რომელსაც თავად ქმნის ასეთი ნაბიჯების შედეგად და, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს შეირაღებული ძალების, ტექნიკის და სამხედროების რაოდენობის ზრდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

ამასთან, თარგამაძემ პარლამენტს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მოუწოდა, რომ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების გაზრდასთან დაკავშირებით იმსჯელონ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ, რომ მათ ხელთ არსებული დიპლომატიური წყაროების მეშვეობით ინფორმაცია გადაამოწმონ და პარლამენტის უკვე გადამოწმებული მონაცემები მიაწოდონ:

„საქართველოს ხელისუფლება უნდა მიიღოს გადამწყვეტი და მკაცრი ზომები, მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს მძიმე გამოცდილება 2008 წლის მოვლებების მომწიფებასთან დაკავშირებით და აუცილებელია აღნიშნულ საკითხზე ახლავე მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება“.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა მმართველ გუნდს საქართველოს ჟენევის კონსულტაციებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის რეკომენდაციითაც მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუსეთის მიერ აფხაზეთში სამხედრო კონტინგენტის 2,3-ჯერ გაზრდის თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, „ქრისტიან-დემოკრატების“ პოზიციას იზიარებს.

ბაქრაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაეთანხმა „ქრისტიან-დემოკრატების“ მიმართვას საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი, რათა ამ უწყებამ რუსეთის მიერ აფხაზეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, ოფიციალურად გადაამოწმოს და პარლამენტს მიაწოდოს.

მისი თქმით, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის და იგი მხოლოდ ერთი-ერთი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებას ეყრდნობა. თუმცა, ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ქართული მხარე ფრთხილად უნდა იყოს და პროცესს თვალყური ყურადღებით ადევნოს.

ამასთან, ბაქარაძეს საკითხის ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირება, შეუძლებლად მიაჩნია.

ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი აკეთებს:  

„აღსანიშნავია, რომ რაიმე სერიოზულ გართულებას გალის რაიონში ადგილი არ აქვს და თუ აქვს, ისიც მხოლოდ რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ თავიანთი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო. რუსული მხარის მიერ აღნიშნული გამოიყენება, როგორც საბაბი, რათა დაასაბუთოს კონტინგენტის გაზრდა, პირველ რიგში, ევროპელი დამკვირვებლებისა და შემდეგ, უკვე, აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის.

კონტინგენტის გაზრდა, ერთი მხრივ, გამოწვეულია ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებით და ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა, ექნებოდა თუ არა ადგილი სიტუაციის გამწვავებას, სადმე ოკუპაციის ხაზის გასწვრივ.

გარდა ამისა, ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვის საბაბით შემოყვანილ საოკუპაციო კონტინგენტს სხვა ამოცანებიც გააჩნია. სამხედრო მოსამსახურეებით აფხაზეთის ტერიტორიის გავსება, მარიონეტული რეჟიმის მომავალ ხელმძღვანელებზე სერიოზული ზეწოლაც იქნება. მითუმეტეს, რომ დღეს აფხაზეთის საზოგადოება მომავალი „არჩევნების“ მოლოდინში იმყოფება და წინასაარჩევნო პროცესი ჯერ აქტიურ ფაზაში არ გადასულა.

აქვე აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაზრდილი საოკუპაციო კონტინგენტის ფარგლებში შესაძლოა ვიხილოთ საპენსიო ასაკს მიახლოებული ოფიცერთა დიდი კორპუსი, რომლებსაც ოლიმპიადის ჩატარების და პენსიაზე გასვლის შემდეგ სოხუმსა და მოსკოვს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის მოთხოვნა შეეძლებათ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საოკუპაციო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება სრულად ჯდება რუსეთის გეგმებში მყარად გაიდგან ფესვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე; მოახდინონ აფხაზეთის საქართველოს სხვა ტერიტორიებისაგან სრული იზოლაცია, რის შემდეგაც მათი მოქმედებები გადავა მესამე ფაზაში – ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამომავლო ბატონობის განმტკიცებაზე, რაც უკვე აფხაზეთის შიდამმართველობითი სადავეების ხელში ჩაგდებას, აფხაზების მმართველი წრეების „რუსი სპეციალისტებით“ ჩანაცვლებას, მოსახლეობის აქტიურ რუსიფიცირებასა და აფხაზების რუსეთის პოლიტიკურ–ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

ამის შედეგად აფხაზები დიდ რუსეთში „გაიწოვებიან“, ხოლო აფხაზეთის ტერიტორია, სოჭის მსგავსად, ერთი ჩვეულებრივი რუსული გუბერნია გახდება“.