[თეონა ხარაბაძე]
რატომ გაძვირდა თბილისში ხორცი? მართალია, ამ კითხვაზე პასუხი ყველამ იცის, მაგრამ ხელისუფლება მაინც არ აღიარებს, რომ ხორცის გაძვირება მონოპოლიურმა გარემომ გამოიწვია. მას შემდეგ, რაც მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ სასაკლაოებზე დაკლული საქონლის ხორცის გაყიდვაა შესაძლებელი, აღმოჩნდა, რომ თბილისში მხოლოდ ორი სასაკლაოდან შემოდის ხორცი. ეს კი, რა თქმა უნდა, ხორცის ფასს ზრდის. ხელისუფლებას კი ამის აღიარება არ სურს და პარლამენტის ბოლო სხდომების განმავლობაში მუდმივად კამათის საგანი ხდება.
დღევანდელ სხდომაზე კი ამ კამათმა უჩვეულოდ დაძაბული ფორმა მიიღო და უმრავლესობა-ოპოზიციის ჩხუბში სხდომის დღევანდელი თავმჯდომარე გიგი წერეთელიც ჩაერია. ოღონდ იმით, რომ “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელს ლევან ვეფხვაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა, უმრავლესობას კი მიკროფონი იმდენჯერ ჩაურთო, რამდენჯერაც მოითხოვეს.
ამან კი, ცხადია, ვეფხვაძის უკმაყოფილება გამოიწვია და წერეთელს რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა. ამ შენიშვნას კი, გიგი წერეთელი როგორ აიტანდა და მათ შორის ხმამაღალი კამათი კარგა ხანს გრძელდებოდა. შემდეგ წერეთელს ბობოხიძე დაეხმარა და ვეფხვაძეს ორი მხრიდან უტევდნენ.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ოპოზიციას „ხორცის თემის პოლიტიკური ანგაჟირება“ დააბრალა და განაცხადა, რომ „ხორცის გაიაფება ძალიან მალე, სულ რაღაც თვე-თვე ნახევარში დაიწყება“.
როგორც ბობოხიძემ განაცახა, პარლამენტის წინა სხდომაზე „შეშფოთებულ ტონში“ გაკეთდა განცხადებები ხორცის ფასის ზრდასთან დაკავშირებით და „ლამის ბრალდებული იყო ხელისუფლება - თითქოს, ხელოვნურად ცდილობს ხორცის გაძვირებას“.
ბობოხიძის თქმით, დღეს ხორცის ფასი, ნამდვილად ძვირია, მაგრამ არ არის იმდენი, რამდენიც სახელდება – 17, 20 და 24 ლარი. ბობოხიძე დარწმუნებულია, რომ „ხორცის ფასი ახლა 14 ლარია“, მაგრამ არც იმას უარყოფს, რომ „ესეც ძვირია“. მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ იგი ხორცის სიძვირის აღიარების მიუხედავად, მაინც ოპოზიციას ადანაშაულებს.
მისი თქმით, ძალიან მალე, როგორც კი ადმინისტრირების პრობლემა მოგვარდება და ახალი სასაკლაოები გაიხსნება, ფასის პრობლემა აღარ იქნება.
ფაქტია, ოპოზიციაც სწორედ ამას ჩივის, რომ არ არის საკმარისი სასაკლაოები და ამის გამო, ხორცის ფასის ხელოვნური მატება ხდება. ამიტომაც გაუგებარია, ოპოზიციას რატომღა საყვედურებენ.
ბობოხიძე კი ხელისუფლების გამართლებას იმით ცდილობს, რომ, თურმე, „ყველას აქვს სასაკლაოების გახსნის უფლება, თუ შესაბამის სტანდარტებს დაიცავს და საგადასაახდო აღრიცხვაზე ავა“.
იმ პირობებში კი, როდესაც ქვეყანაში არც ანტიმონოპოლიური გარემო არსებობს და რეალური ანტიმონოპოლიური სამსახური, რაც არაერთხელ ყოფილა მსჯელობის საგანი, ახალი სასაკლაოების გახსნა როგორ უნდა მოხერხდეს, ძნელი წარმოსადგენია. მით უმეტეს, რომ არსებული სასაკლაოები ხელისუფლების ფავორიტებს ეკუთვნით და მათთან დაპირისპირება რამდენად მარტივია, ამაზე ბობოხიძე არაფერს ამბობს.
იგი მხოლოდ იმას ამბობს, რომ „არასწორია ინფორმაცია, თითქოს ხორცი დედაქალაქში მხოლოდ ნატახტარის სასაკლაოდან შემოდის. სპეციალურად დავინტერესდი და გავარკვიე, რომ, მინიმუმ, ხუთი სასაკლაოდან შემოდის ხორცი. ესენია ასპინძის, ხაშურის, ნატახტარის, გარდაბნის და თელეთის სასაკლაოები“, – განაცხადა ბობოხიძემ და დასძინა, რომ „დღეს თუ ვინმე ცდილობს ხორცის გაძვირებას, ეს ის სპეკულანტები არიან, რომელთაც მონოპოლიზებული ჰქონდათ თბილისის ხორცის მომარაგება და ხან ვირის და ხან ცხენის ხორცს ყიდიდნენ“.
მისთვის პასუხის გაცემა ლევან ვეფხვაძეს უნდოდა, მაგრამ წერეთელმა მას მიკროფონი არ ჩაურთო. ამიტომაც ვეფხვაძემ ის ფაქტი გააპროტესტა, რომ წერეთელმა ბობიხიძეს მიკროფონი ორჯერ, რეგლამენტის დარღვევით ჩაურთო, მას კი არ ურთავდა.
ვეფხვაძე ყვიროდა, რომ რეგლამენტი დეპუტატისთვის მეორედ სიტყვის ჩართვას არ ითვალისწინებდა, არადა წერეთელი ბობოხიძეს მიკროფორს რიგგარეშედ ურთავდა.
„რეგლამენტი რას იცნობს და რას არა, თქვენზე კარგად ვიცი. გაჩერდით რა, სხდომის თავმჯდომარე ბუტაფორია კი არ არის, ბატონო ლევან“, - მიმართა გაღიზიანებულმა გიგი წერეთელმა ვეფხვაძეს და მანდატურს მოუწოდა, „ურჩ დეპუტატებს მიხედეო“.
მიუხედავად ამისა, ვეფხვაძე ადგილიდან დაჟინებით იმეორებდა, რომ სხდომის წამყვანი რეგლამენტს არღვევდა. ამაზე კი წერეთელი თავისას იმეორებდა:
„თქვენი წონა რეგლამენტი მაქვს წაკითხული, თქვენ რამდენჯერმე მიმართეთ აკაკი ბობოხიძეს და მას უფლება აქვს, სიტყვა მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მას სიტყვა მისცეს თუ ამის საჭიროება არსებობს“.
ლევან ვეფხვაძემ კი წერეთელს რეგლამენტის შესაბამისი მუხლის განმარტება სთხოვა, თუ სად ეწერა მსგავსი რამ.
„მაგ მუხლებსაც მოგახსენებთ“, - უთხრა წერეთელმა ვეფხვაძეს, თუმცა, რეგლამენტის შესაბამისი მუხლი არ მიუთითებია.
საინტერესო კი ის არის, რომ ამ კამათის მიუხედავდ, წერეთელმა მიკროფონი ისევ ბობოხიძეს ჩაურთო.
ბობოხიძემ კი ვეფხვაძეს მატყუარა უწოდა: „ბატონო ლევან, გეფიცებით, ამის თქმას არ ვაპირებდი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ თქვენ ორჯერ იცრუეთ და თქვენ ხართ მატყუარა კაცი!“
მან სწორედ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან „თბილისში ხორცი 5 სასაკლაოდან შემოდის და არა ორი სასაკლაოდან“.
„პარლამენტის წევრი ხართ და მაინც აპელირებთ რაღაც სატელევიზიო გამოძიებაზე მაშინ, როდესაც მე და თქვენ საშუალება გვაქვს, წავიდეთ და ვნახოთ, შემოდის თუ არა ხორცი 5 სასაკლაოდან და არის თუ არა ის ფასები, რასაც ამბობთ“, - მიმართა ვეფხვაძეს და ყარაჯალას სასაკლაოზე დაპატიჟა:
„მე და თქვენ ჩავჯდეთ მანქანაში, ყველა სასაკლაო შემოვიაროთ და შევხვდეთ ყველა სუბიექტს, არა ლოტკინელ სპეკულანტებს, რომლებიც ვირის ხორცით ვაჭრობენ თბილისში, რომელიც ბრუცელოზითა და ციმბირის წყლულით არის დაავადებული, არამედ წავიდეთ ნორმალურ სასაკლაოებში.“
ვეფხვაძე მზად არის, რომ ბობოხიძის შეთავაზება მიიღოს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ამას არ გააკეთებს, რადგან „ოპოზიციის სიმართლე დადასტურდება“.
„მე არ დავალ თქვენს დონეზე ბატონო კაკო და არ ვიტყვი იმ სიტყვებს, რითაც თქვენ მომმართეთ და მატყუარა მიწოდეთ. ჩემი ღირსებისთვის შეუსაბამოა მაგ ტერმინებით საუბარი. მაგრამ უნდა აღიაროთ, რომ ეს დეფიციტი და ეს პრობლება ხელოვნურად შეიქმნა“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ამის შემდეგ სხდომაზე კამათი ამოიწურა, მაგრამ უცნობია, როდის წავლენ ან საერთოდ წავლენ თუ არა ვეფხვაძე და ბობოხიძე ხელისუფლების სიმართლის თუ ტყუილის შესამოწმებლად ყარაჯალაში.