მთავრობა ხალხისგან მიღებულ ფულს აპროცენტებს

მთავრობა ხალხისგან მიღებულ ფულს აპროცენტებს

ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო ნაშთების ბანკებში გადამისამართებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამოდის, რომ მთავრობა ხალხისგან მიღებულ ფულს აპროცენტებს, ხოლო ბანკები საით მიმართავენ ერთბაშად მიღებულ ასეულობით მილიონ ლარს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რაც არ უნდა იყოს, მიმოქცევაში ზედმეტი ლარის გაშვება კურსის სერიოზულ რყევას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

დეპუტატ რომან გოცირიძის აზრით, მთავრობა ლარს ხელოვნურად აუფასურებს, რადგან ქვეყანაში ამის ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს. ტურიზმი, ტრანსფერები, სავალუტო ნაკადი პოზიტიურია. გოცირიძეს იმ „მავნებლის“ ვინაობა აინტერესებს, ვისი შეთავაზებითაც მთავრობა სადეპოზიტო მექანიზმი დანერგა.

დეპუტატს ეჭვი აქვს რომ გადაწყვეტილება ზედაპირულად მიიღეს. ვიღაცამ კეინსის ბროშურა წაიკითხა და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ეფექტი ჭკუაში დაუჯდა. ადრე მუდმივად განიხილებოდა ბანკებისგან მოზიდული რესურსით ბიუჯეტის დაფინანსება და ახლა საპირისპირო პროცესი, სამინისტროს მევახშეობის, რაზეც მისი განცახდებით ფინანსთა მინისტრმა უნდა აგოს პასუხი.

„აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა მავნე, ავანტიურისტული მექანიზმი დანერგა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2 თვის წინ. ფინანსთა სამინისტრომ შემოიღო ახალი ინსტრუმენტი - 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვი ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე და თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული გასცა სესხად ბოლო 2 თვის განმავლობაში ხაზინამ - ნახევარი მილიარდი ლარი.

ორი თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა სამთვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. ყველამ იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებიდან აქეთ იღებს სესხს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ვის მოუვიდა აზრად, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაიწყოს მევახშეობა, ფულის გაპროცენტება? ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამ უნდა აგოს ამაზე პასუხი და თქვას, ვის თავში დაიბადა ეს მავნე მექანიზმი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ განცხადებას მთავრობაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ხაზინის ფულის მართვის ოპერაციებზე პირველად კომენტარი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მექანიზმი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულია, მასთან კოორდინირებით ხორციელდება. იგი შემუშავებულია მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდისა დახმარებით.

“ეს ოპერაციები არ იწვევს ფულის მიწოდების ზრდას გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიური მოცულობით ხდება ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირება. ეს მსგავსი პროდუქტებია და ერთმანეთს აბალანსებს”, განაცხადა მესტვირიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი კი ამბობს, რომ სპეკულაციები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ფულადი სახსრების მართვის განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

ყავლაშვილის მტკიცებით, ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს. „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ხაზინის ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში, პირდაპირ პროპორციულად შემცირდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა. ეს ბუნებრივია, რადგან ეს ორივე ინსტრუმენტი ლარის მიწოდების კუთხით თანაბარწონადია“, - აღნიშნა ყავლაშვილმა.

ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში 2017 წლის ივლისიდან ხორციელდება და ამ დროისათვის, ბაზარს მიეწოდა 450 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით.

„თვალი რომ გადავავლოთ რეფინანსირების სესხების გაცემის სტატისტიკას, ვნახავთ 400 მილიონიან შემცირებას. ასევე მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ რესურსს ბანკები აშშ დოლარის საყიდლად იყენებენ. ასეთ შემთხვევაში, ბანკებს სავალუტო პოზიცია ეხსნებათ, რაც ეროვნული ბანკის შესაბამის რეგულაციებს ეწინაარმდეგება“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ხაზინა ნაშთებზე არსებულ თანხის ნაწილს ბანკებში აუქციონის მეშვეობით ათავსებს. ამისთვის მთავრობას „ბლუმბერგის“ სისტემაში ცალკე პლატფორმა აქვს. ტერმინალით სარგებლობა ყველა სუბიექტისთვის, მათ შორის მთავრობისთვის და სებ-ისთვისაც სტანდარტულია. სატარიფო პოლიტიკა ერთია, 1 თვის მომსახურება 1900 დოლარი ღირს.