„საქართველომ ავღანეთში გამოცდა ჩააბარა და პაპზე მეტი კათოლიკობა საჭირო არ არის“

„საქართველომ ავღანეთში გამოცდა ჩააბარა და პაპზე მეტი კათოლიკობა საჭირო არ არის“

[მერაბ ბრეგაძე]

ხვალ ბარაქ ობამა ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის გეგმის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ გამოცემა „ნიუსრუ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. მათი მონაცემებით, სახელმწიფოს მეთაური საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა განსაზღვრულ ვადებში დააზუსტებს, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დაუბრუნდება ოჯახებს ივლისში.

პრეზიდენტი ობამა წარმოადგენს ფართომასშტაბიან გეგმას იმის შესახებ, რაც 2014 წლისთვის ავღანეთის ხელისუფლებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლის გადაცემას უკავშირდება.

რა გავლენას მოახდენს ავღანური კამპანიის აქტიური ფაზის დასრულება ქართულ–ამერიკულ სტრატეგიულ ურთიერთობაზე და ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის მისწრაფებებზე, „პრესაგე.ტვ–მ“ ამ კითხვით ანალიტიკოსებს მიმართა.  

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, ნატოს ოპერაცია ავღანეთში რაღაც ფორმით გაგრძელდება და საქართველოს ამ პროცესში განსაზღვრული როლი ექნება. მისივე თქმით, აქტიური სამხედრო ოპერაციის დასრულება უფრო მოსკოვი–ვაშინგტონის დამოკიდებულებაზე იმოქმედებს, რადგან ქაბულისთვის განკუთვნილი ამერიკული ტვირთები სწორედ რუსეთზე გადის.

გია ნოდია: „ეს პროცესი ქართულ–ამერიკულ ურთიერთობაზე ძალიან დიდ და სერიოზულ გავლენას არ მოახდენს. ამით, ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის ერთ–ერთი ფორმა დასრულდება. თუმცა, არ მგონია ავღანეთში ალიანსის ღონისძიებები მთლიანად შეწყდეს.  ჯარის რაღაც ნაწილებს გამოიყვანენ, მეორე ნაწილს სხვა ფორმით დატოვებენ. საქართველო ამ ოპერაციაში მონაწილეობას გარკვეული ფორმით გააგრძელებს. 

მეორე მხრივ, ამან შეიძლება ამერიკა–რუსეთის თანამშრომლობის საჭიროება შეამციროს. დღეს ავღანეთი ერთ–ერთი მიმართულებაა, სადაც აშშ–ს რუსეთი სჭირდება. სწორედ რუსეთის გავლით მიედინება იქ უზარმაზარი ტვირთები. ვაშინგტონი გარკვეულწილად მოსკოვზე დამოკიდებული გამოდის და ესეც ნაკლებად გამოხატული იქნება. ეს კი, არაპირდაპირ პოზიტიურად აისახება საქართველო–რუსეთის ურთიერთობაზე.

ნატო–საქართველოს შემდგომი ურთიერთობების კონტექსტშიც, პირდაპირი კავშირი არ იკვეთება. ამ თვალსაზრისით, ძირითადი პრობლემა  ნატოს–რუსეთის ურთიერთობებშია.  ურთიერთობის ეს ტიპი და წამყვანი ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთისადმი პრინციპულად ვერ შეიცვლება, ვგულისხმობ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ნატოში მიღებას ეწინააღმდეგებიან.

მცირე გავლენებს რაც შეეხება, ეს შეიძლება უფრო პოზიტიური იყოს, ვიდრე ნეგატიური. იმ თვალსაზრისით, რომ ნატოსთვის ავღანეთის პრობლემა ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ალიანსი იქ ჩაფლულია და ყურადღება, პირველ რიგში, ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ არის მიმართული. თუ ეს საკითხი ნაკლებად შეაწუხებს, თეორიულად უფრო მეტი შანსებია ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე“.

ალექსანდრე რონდელის თქმით, საქართველომ ავღანეთში თავისი მხედრული ვალი მოიხადა და ახლა მთავარია, რადიკალური ისლამი ქვეყნის ფარგლებს გართ არ გავიდეს. მისივე თქმით, ამერიკელი და ქართველი სამხედროები ერთმანეთის გვერდიგვერდ სისხლს ღვრიან და ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს არაფერი ემუქრება. 

ალექსანდრე რონდელი:  „ჩვენ ვალი მოვიხადეთ და მეგობრებს ავღანეთში ვეხმარებით. იქ ვითარება კიდევ შეიცვლება. მთავარია, არ მოხდეს თალიბების უპირობო, ან ძალით დაბრუნება. რადიკალური ისლამი ავღანეთის საზღვრებს გარეთ არ უნდა გავიდეს. მაშინ ის ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის დიდ პრობლემა წარმოადგენს.

ამერიკელებთან ავღანეთში სერიოზულად ვთანამშრომლობთ, ორი ქვეყნის სამხედროები რისკის ზონაში მოქმედებენ და ერთად ღვრიან სისხლს. ეს ლამის სამოკავშირეო ურთიერთობაა. სამშვიდობო პროცესი კი ძალიან დიდხანს გაგრძელდება. საბრძოლო ნაწილები შემცირდება და ძირითადი აქცენტი სწავლებაზე, წესრიგის დაცვაზე იქნება გადატანილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს ზიანი არ მიადგება, მათ შორის ქვეყნის მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებითაც, ორი ქვეყნის სტრატეგული ურთიერთობებს არაფერი ემუქრება, თუ იგი „მერკანტილურ ინტერესებზე“ არ დგას.

სოსო ცისკარიშვილი: „ავღანეთის დატოვებას სერიოზული მნიშვნელობა შეიძლება მიეცეს იმ შემთხვევაში, თუ ქართულ–ამერიკული ურთიერთობები მერკანტილიზმს ეფუძნება. არ მგონია, ეს პროცესი რაიმე გადამწყვეტი ცვლილების მომასწავებელი იყოს, ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში.

ვაშინგტონის მხრიდან შემოთავაზებული სტრატეგიული პარტნიორობა, სამომავლოდაც თანამშრომლობის მოქმედი პროგრამა იქნება. ამერიკას ამ რეგიონში ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოს სახით ეგულება, ადვილად არც მოსაპოვებელია და არც დასათმობი. ამიტომ, თეთრ სახლში არ ფიქრობენ, რომ საქართველოში ხელისუფლების შესაძლო ცვლილებით, ქვეყანასათან ურთიერთობა შეიცვლება.

ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ცდილობს ამერიკის ელჩის მხრებზე გადატეხოს ქართული ხელისუფლების ველური გამოვლინებები. არ მგონია, ასეთ დამოკიდებულებას რეალური საფუძველი ჰქონდეს.

საერთაშორისი სამხედრო პროგრამებში მონაწილეობას რაც შეეხება, საქართველომ ეს გამოცდა უკვე ჩააბარა. არ არის საჭირო, პაპზე მეტი კათოლიკობის დაჩემება. ამდენი ჯარისკაცის ჩართვა ასეთ ოპერაციებში, თავად ქვეყნის პოტენციალისთვის არაადექვატურია“.

თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ავღანური ოპერაციის ვადების მიუხედავად, საქართველოს აშშ–სთან სამხედრო ურთიერთობა ყოველთვის ექნება. მისივე თქმით, თბილისი–ვაშინგტონის სტრატეგიული თანამშრომლობის მთავარი ხაზი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გადის. 

თორნიკე შარაშენიძე: „სამხედრო კამპანიის სხვა ფაზაში გადაყვანა გავლენას რეგიონზე მოახდენს, მაგრამ ქართულ–ამერიკულ ურთიერთობაზე ნაკლები ზემოქმედება ექნება, თუ ჩვენ მოვინდომებთ, რომ ეს ხარისხი არ დაეცეს. სამხედრო ოპერაციები ერაყშიც ხორციელდება და ბევრგან სხვაგანაც. აქ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ, სამხედრო ურთიერთობა აშშ–სთან ყოველთვის გვექნება.   

რაც შეეხება ნატოს მიმართულებას, ეს საკითხი უფრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებაზეა დამოკიდებული და არა ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობაზე. ავღანეთში ჩვენი დახმარება უფრი სიმბოლურ, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მთავარი ხაზი, რა  თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე გადის“.