„მორატორიუმი უცხოელებზე მიწების გაყიდვაზე ფაქტობრივად შეჩერებულია“

„მორატორიუმი უცხოელებზე მიწების გაყიდვაზე ფაქტობრივად შეჩერებულია“

მორატორიუმი უცხოელებზე მიწების გაყიდვაზე ფაქტობრივად შეჩერებულია, რასაც სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება გულისხმობს, რომელიც პარლამენტართა ჯგუფმა მოამზადა.

აღნიშნული კანონპროექტის კომენტირება ეკონომისტ ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ.

“მთავრობა ცუდ დღეშია. ხალხი, საზოგადოების უმრავლესობა სასოფლო–სამეურნეო სავარგულების უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგია. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.

მთავრობა ორ ცეცხლსშუაა მოქცეული. მან ევროგაერთიანების და სტრატეგიული პარტნიორების მიდგომებიც უნდა გაითვალისწინოს და საზოგადოებრივ აზრსაც გაუწიოს ანგარიში. თითქოსდა გამოსავალი მოიძებნა – მთავრობა ხალხს შეჰპირდა, რომ კონსტიტუციაში არ ასახავდა მიწაზე საკუთრების საკითხს და ეს დარეგულირდებოდა ცალკე კანონით, თუმცა ქართული საზოგადოება არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა და მასობრივი აქციების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება თითქოსდა დათანხმდა უცხოელებზე სასოფლო–სამეურნეო სავარგულების აკრძალვას გარკვეული დათქმებით, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ სექტორში შესაძლებელს ხდის. მაგრამ ზეწოლა, ჩანს, გრძელდება. ამოქმედდა ბანკების ლობი, რომელსაც მთავრობაში სერიოზული პოზიციები აქვს, გადაიდგა პირველი ნაბიჯიც, მოიძებნა მოტივიც. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მორატორიუმი არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში წარმოეშობათ. კანონპროექტი გარკვეულწილად ბუნდოვანია და განმარტებებს საჭიროებს, ბუნდოვანია ამის თაობაზე გავრცელებული საინფორმაციო ცნობაც.

მთავარი, რაც ნათელია, ესაა, რომ ფაქტობრივად მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე შეჩერებულია და გარკვეული პირობების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება საქართველოს არამოქალაქეებისთვის საკუთრებაში სასოფლო–სამეურნეო მიწების გადაცემა.

მთავრობას და პარლამენტს არასგზის არ სურთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, მაგალითად, ჩეხეთის, სადაც დიდ ხანს აკრძალული იყო უცხოელებზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვა, იმ მოტივით, რომ მეზობელი გერმანელები უფრო მდიდრები იყვნენ, ვიდრე ჩეხი ფერმერები და ასეთი მიდგომა წლების განმავლობაში გაგრძელდა. ლიტვის გამოცდილებაც უარყოფილია, სადაც 10 წლის განმავლობაში აკრძალული იყო უცხოელებზე მიწების მიყიდვა, ასე გახდა ლიტვა ევროკავშირის წევრი და დღესაც ამ პროცესს იქ სერიოზული დათქმები ახლავს. აღარაფერს ვიტყვი სხვა ქვეყნებზე და ჩვენს სამეზობლოზე. ყველგან ეს საკითხი ეროვნული სპეციფიკიდან გამომდინარე არის დარეგულირებული. პარადოქსია, მაგრამ ინდოელებს, რომლებიც ქართულ მიწებს ხალისით ყიდულობენ, თავიანთ ქვეყანაში უცხოელებზე სასოფლო–სამეურნეო მიწების გაყიდვა აკრძალული აქვთ. აი, ესე! – აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.