არჩევნების წინ ლარი გაუფასურების გზას დაადგა

არჩევნების წინ ლარი გაუფასურების გზას დაადგა

ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად გეზი გაუფასურებისკენ აიღო. კურსი უკვე 2,45-ის ფარგლებში ტრიალებს. უკვე 1 კვირაა ლარი მუდმივად თმობს პოზიციებს, როცა საამისო ეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას ებრძოდა და ამისათვის სავალუტო ბაზარს 130 მილიონი დოლარი გამოაცალა. ამ ნაბიჯებით კურსს გამყარების შესაძლებლობა მოესპო, ახლა კი სავალუტო ბაზარზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ეკონომისტები ლარი გაუფასურების ფუნდამენტურ ფაქტორებს გამორიცხავენ და ხელოვნურ პროცესებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ფინანსისტი დავით წიქარიძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურად მართული პროცესია და ამით ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის დაგროვებას ცდილობს.

„პროცესები ხელოვნურად იმართება, ამაში ეჭვი არ მეპარება. წლის ბოლომდე სახელმწიფოს ვალის მომსახურების საკითხი აქვს მოსაგვარებელი. ჩემი ვარაუდით, ეროვნული ბანკი ცდილობს რეზერვები გაზარდოს, სავალუტო სახსრები მოაგროვოს, რათა ვალების დაფარვა მოხდეს.

ახლა ზაფხულია, სავალუტო შემოსავლები გაიზარდა. ამის ფონზე დოლარზე დეფიციტი რომ არ არის, ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას რომ აგრძელებს და ამას არც მალავს, ამიტომაც მგონია, რომ ეს სახელმწიფო ვალების გასტუმრებასთან არის დაკავშირებული. ჩემი ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში რეზერვის აუცილებელი ზომა უკვე არის და დამატებითი რესურსების მოზიდვა სხვა ვერაფრით აიხსნება, თუ არა საგარეო ვალის მომსახურება“, - აღნიშნა წიქარიძემ და დასძინა:

„სწორია თუ არასწორია, ამაზე პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ვალი გვაქვს გასასტუმრებელი. მაშინ რა ქნას ეროვნულმა ბანკმა? თუ ვალს არ გავისტუმრებთ, ქვეყანაში დეფოლტი გამოცხადდება და დაინგრევა. სახელმწიფოს სხვა შემოსავალი რადგან არ აქვს, ისევ შიდა მობილიზაციას ახორციელებენ და ხალხისგან იღებენ თანხებს. ინვესტიციები დიდად არ იზრდება და ამდენად, სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ აქვს“, - განუცხადა „კომერსანტს“ წიქარიძემ.

იგი ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში მცირედი გაუფასურება იქნება, წლის ბოლოს კი მასშტაბები უფრო გაიზრდება.

ანალიტიკოსი გიორგი პაპავა კი ამბობს, რომ კურსზე საგრძნობლად იმოქმედა მიმდინარე ინფრასტრუქტურულმა და სოციალურმა პროექტებმაც, რომელიც საარჩევნოდ ყოველთვის აქტიურდება. ამისათვის ლარის მასა ბრუნვაში ყოველთვის იზრდება.

„ყოველთვის არჩევნების წინ მოუნდებათ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება - გზების დაგება, თანხის გაცემა და სხვა, რაც კურსზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია არ გაგრძელდეს, ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში ასე არ ხდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ კურსი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, თუმცა მცირე რყევას ხშირად უნდა ველოდოთ“, - განმარტავს გიორგი პაპავა.

ფინანსისტი ბესო ნამჩავაძე კი ამბობს, რომ ეროვნულ ვალუტას სეზონურობა ახასიათებს. ბოლო წლებში ლარი დოლართან მიმართებაში ზაფხულის ბოლოს ყოველთვის განიცდის რყევას.

„ლარს სეზონურობა ნადვილად ახასიათებს, თუმცა თუ გადავხედავთ ფუნდამენტურ ფაქტორებს როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ამ მხრივ ტენდენცია ნამდვილად დადებითია. ასე რომ, დიდ რყევას არ უნდა ველოდოთ. იქნება სეზონური მერყეობა რამდენიმე თეთრით, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუფასურება არ უნდა მოხდეს. ასეთი ნიშნებს არც საგარეო ფაქტორები არ იძლევა“, - აცხადებს ნამჩავაძე.

სპეცილისტები ამბობენ, რომ წელს მასშტაბური დევალვაცია მოსალოდნელი არ არის, როგორც შარშან ნოემბერ-დეკემბერში მოხდა.