ქართული ენა აიკრძალა!

ქართული ენა აიკრძალა!

“ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" მცხოვრები მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი ორშაბათს, 4 სექტემბერს იწყება და, სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის ქართული სკოლების შემდეგ, მშობლიურ ენაზე სწავლება ახალგორში დარჩენილ 8 ქართულ სკოლაშიც ეკრძალებათ ქართველ მოსწავლეებს. სკოლების გარდა, ქართულ ენას სეპარატისტები ბაგა-ბაღებშიც ებრძვიან და ბავშვებისთვის ქართულად ლაპარაკი სკოლამდეც არ არის ნებადართული. აფხაზეთისა და წელს პლუს "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, ქართველი ბავშვები განათლებას მხოლოდ რუსულ ენაზე მიიღებენ რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით და თან, ამ წიგნების შეძენა მშობლებს თავად მოუწევთ. 2017 წლის 4 სექტემბრიდან ახალგორის სკოლების პირველ კლასში მისულ ბავშვებს ქართული "დედაენის" ნაცვლად რუსული ანბანი დახვდებათ. თანაც, სეპარატისტებმა არა მარტო პირველი კლასის ბავშვებს აუკრძალეს მშობლიურ ენაზე სწავლა, არამედ ერთი ხელის მოსმით გააუქმეს ქართულად სწავლება 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით, რაც ქართველ ბავშვებს დიდ პრობლემებს უქმნით რუსული ენის არცოდნის გამო. პარალელურად, ქართული ენა დარჩება მხოლოდ რიგით საგნად და მას კვირაში თითო-თითო საათი დაეთმობა - ერთი საათი - ქართულ ენას და ერთი - ლიტერატურას. ასე, ერთი ხელის მოსმით, მშობლიურ ენაზე სწავლა სეპარატისტულმა რეჟიმმა ჯერ აფხაზეთში გააუქმა, წელს კი ქართველი მოსწავლეებისათვის ქართულად სწავლება ახალგორშიც იკრძალება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართული ენა აიკრძალა! / ახალგორის სკოლებში ბავშვებს ქართული "დედაენის" ნაცვლად რუსული ანბანი დახვდებათ

"აფხაზეთში 2014 წლამდე 11 ქართული სკოლა იყო დარჩენილი, ისიც გალის ე.წ. ქვედა ზონაში. 2014-2015 სასწავლო წელს კი ქართულად სწავლება 1-ლიდან მე-4 კლასის ჩათვლით აიკრძალა. წელს გალში 6 კლასის ჩათვლით სწავლება რუსულადაა, 5 წელიწადში კი მთელი ეს სკოლები სრულად რუსული გახდება. ჯერჯერობით ზედა კლასებში ყველა საგანი ქართულად ისწავლება, თუმცა აკრძალულია ქართულად დაბეჭდილი გეოგრაფია და ისტორია. ამ საგნებს სეპარატისტების მიერ შექმნილი რუსული წიგნებით ასწავლიდნენ. თუმცა, პედაგოგები მოსწავლეებს ჩუმად ქართულ გეოგრაფია-ისტორიას მაინც ასწავლიდნენ. გალისაგან განსხვავებით, ახალგორში მთელი ეს წლები ქართულ სკოლებს არავინ ეხებოდა. აკრძალვა ეხებოდა ქართულ ისტორიასა და გეოგრაფიას. წელს კი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის მიერ გაცემული დავალებით, ოკუპირებული გალის შემდეგ ახალგორშიც უქმდება ქართული სკოლები. უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 სექტემბრიდან ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" არსებულ 8 ქართულ სკოლაში სწავლება რუსულად იქნება. მოსწავლეები რუსული სახელმძღვანელოებით ისწავლიან, ის ქართველი პედაგოგები, ვინც ე.წ. ატესტაციას თავის საგანში რუსულად ვერ ჩააბარებენ, სამსახურის გარეშე დარჩებიან და მათ ცხინვალიდან ოსი პედაგოგები შეცვლიან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალგორის ქართული სკოლების დირექტორები და პედაგოგები ცხინვალში, დე ფაქტო განათლების სამინისტროში უკვე დაიბარეს, ასევე ჩატარდა პირველი "ატესტაციაც" და ახალგორელებისთვის სექტემბრიდან მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვაც უკვე ცნობილია. ქართული სწავლება იკრძალება ახალგორის რაიონში მოქმედ ექვს სკოლაში, ასევე - საჩხერის სოფელ სინაგურისა და ზნაურის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თითო ქართულ სკოლაში, სადაც 1-ლიდან მე-4 კლასის მოსწავლეები ყველა საგანს რუსულად ისწავლიან. ე.წ. განათლების მინისტრის მოადგილე ელისო გაგლოევა აცხადებს, რომ "განათლების სამინისტრომ დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები, ქართულ სკოლებში სწავლების რესპუბლიკის სტანდარტებზე გადასაყვანად" და ყველა ქართული სკოლა გადავა ამ ახალ სტანდარტზე, რაც ყველა საგნის რუსულად სწავლას გულისხმობს. ის ყველაზე დიდ პრობლემად ისტორიის სწავლებას ასახელებს. ამბობს, რომ ქართულ სკოლებში ისტორიას მათ საწინააღმდეგოდ, ტენდენციურად ასწავლიდნენ, ეს წიგნები რეალურად "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" წინააღმდეგ იყო, რის გამოც სახელმძღვანელოები სკოლებიდან გააძევეს. ახლა ჯერი მთლიანად ქართულ ენაზე სწავლაზეც მიდგა. საგულისხმოა ის, რომ ახალგორის ქართულ სკოლებში არც პედაგოგებმა და არც ქართველმა ბავშვებმა რუსული ენა არ იციან, ეს ცნობილია ე.წ. სამინისტროშიც, თუმცა, გაგლოევას თქმით, არც ოსმა ბავშვებმა იცოდნენ რუსული ენა, მაგრამ "ისინი მოდიან პირველ კლასში და სწავლობენ რუსულ ენაზე", - განაგრძობს გამოცემა.

" ე.წ. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქართველი პედაგოგებისთვის სავალდებულო ხდება რუსული ენის სრულყოფილად ფლობა, რადგან მათ საგნები რუსულად უნდა ასწავლონ. ამიტომ, ვინც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან. "სამხრეთ ოსეთის" ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროს სოსო ცოტნიაშვილის თქმით, მოსწავლეებმა რუსული არ იციან. ახალგორში კიდევ შეიძლება, რუსული ცოტათი იცოდნენ, ახალგორის სოფლებში კი ბავშვებმა რუსული სიტყვაც არ იციან და ძალიან გაუჭირდებათ. "პრაქტიკულად, წინა წლებში ქართულად სწავლებაში ხელის შეშლა არ ყოფილა. საოკუპაციო რეჟიმი მკაცრად მხოლოდ იმ საკითხს აყენებდა, რომ ჩვენთან 12-წლიანი სწავლაა, მათთან - 11-წლიანი და ამ 12-წლიან სწავლას არ უშვებდნენ, ეს კი მოსწავლეებს ხელს უშლიდათ, ქართული, ეროვნული სასწავლო გეგმა სრულყოფილად შეესრულებინათ. "თუმცა, ქართულ ენაზე თავისუფლად სწავლობდნენ. ცოტნიაშვილის თქმით, დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ისინი გააფრთხილა, რომ სექტემბრიდან დაწყებით კლასებში რუსულ ენაზე იქნება სწავლა მთლიანად, მე-5 კლასის ზემოთ კი ეს ცვლილება არ შეეხებათ", - დასძენს გამოცემა