„ქაღალდის ჭიქებში არაყი ჩამოვასხით და კლდის მწვერვალზე სმას შევუდექით...“

„ქაღალდის ჭიქებში არაყი ჩამოვასხით და კლდის მწვერვალზე სმას შევუდექით...“

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

დღევანდელ წერილში ტრადიციულად სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ „თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.

თავდაპირველად სიტყვას ცნობილ ქართველ მსახიობს არჩილ გომიაშვილს გადავცემ რომელიც თავის დროზე გახმაურებული კინოსურათი „12 სკამის“ გადაღების დროს „დაფიქსირებულ“ ერთ კურიოზს გაიხსენებს.

„ლეონიდ გაიდაი რომ „12 სკამს“ იღებდა, მაქსიმალურად ცდილობდა, „საბინაო სცენების“ გარდა, რომლებსაც ძირითადად, „მოსფილმის“ პავილიონებში ვიღებდით, ყველა დანარჩენი იმ ადგილებში გადაეღო, რომლებიც წიგნშია აღწერილი. ამგვარად, სცენა, რომელშიც გამწარებული, კბილებში ძეხვგაჩრილი მამა თევდორე (ფეოდორი) კავკასიონის ერთ-ერთ ციცაბო კლდის პლატოზე ადის და ვეღარ ჩამოდის, ორჯონიკიძესთან (ვლადიკავკაზი) ახლოს, ერთ-ერთ კლდეზე გადავიღეთ. ლეონიდ გაიდაიმ ერთი კლდე შეარჩია, რომელსაც რამდენიმე პლატო ჰქონდა და მიხაილ პუგოვკინს უთხრა: აი, იმ კლდის პირველ პლატოზე უნდა ახვიდე და თუ გინდა, კასკადიორს მოგახმარო. პუგოვკინმა კლდეს თვალი შეავლო, მზერით გაზომა და გაიდაის მიუგო:

– არ მინდა. სულ რაღაც ათიოდე მეტრია, თანაც ადვილი ასასვლელი. მე თვითონ, დუბლიორის გარეშე გავუმკლავდებიო...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირველი დუბლი ჩამოჰკრეს და მოტორი ჩაირთო. პუგოვკინმა ძეხვი დაითრია და შეუბერა. მაგრამ ისეთ აზარტში იყო, პირველ პლატოსაც ასცდა, მეორესაც, მესამესაც და კლდის წვერზე, ოთხმოცდაათმეტრიან პლატოზე არ მოექცა? სხვათა შორის, ფილმში სწორედ ეს კადრია შესული, რომელიც იმავდროულად, ერთადერთიცაა. მიხაილ ივანოვიჩმა მწვერვალს რომ მიაღწია და ქვევით გადმოიხედა, ძალიან შეშინდა და ყვირილი ატეხა, – ჩამომიყვანეთო. სამწუხაროდ, იმ მომენტში, იქ არც ალპინისტები იმყოფებოდნენ ჩვენ დასაზღვევად და არც მეხანძრეები. პუგოვკინი კი ნელ-ნელა პანიკაში ვარდებოდა. უბედურება რომ არ მომხდარიყო, მისი გამხნევების გადაწყვეტილება მივიღე. მსახიობ სერგეი ფილიპოვს, რომელიც კისა ვორობიანინოვის როლს ასრულებდა ფილმში და არყის მოყვარული გახლდათ, ერთი ბოთლი არაყი ვესესხე. შემდეგ ნახევარლიტრიანი ჯიბეში ჩავიდე და კლდის მწვერვალზე შერჩენილი პუგოვკინისკენ დავიძარი. სხვათა შორის, მიხაილ ივანოვიჩიც პატივს სცემდა ამ კეთილშობილურ სითხეს და  მასთან რომ ავედი და არაყი „გავუჩითე“, მან ხელით ძეხვი დატეხა. შემდეგ ქაღალდის ჭიქებში არაყი ჩამოვასხით და კლდის მწვერვალზე სმას შევუდექით. სანამ მაშველები მოვიდნენ, მე და პუგოვკინმა ბოლომდე გამოვცალეთ ბოთლი და მიხაილ ივანოვიჩი ისე გაათამამა არაყმა, რომ შიში გაუქრა, თავისი ძალებით დაეშვა ძირს, თან მეუბნებოდა: – ხომ არ დაგეხმაროო. ჩემმა „გამხნევებამ“ დადებითად იმოქმედა კოლეგაზე და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩამოსვლა ბევრად უფრო გამიჭირდა, ვიდრე ასვლა და ასეთი რამ, აღარასდროს გამივლია თავში“.

მოგონებების ესტაფეტას ბატონ გურამ ფირცხალავასთან გადავალ.

„1968 წელია. მე და ზურიკო ქაფიანიძე მოსკოვში ვართ. სისხლი გვიდუღს. არც თუ ისეთი ცუდი გარეგნობა გვაქვს, თანაც, „ჯვარცმულ კუნძულში“ უნდა გადაგვიღონ და რომ იტყვიან, ქვეყანა ჩვენია. ზურიკომ, გვარს არ დავასახელებ და, მომავალში ძალიან ცნობილი საბჭოთა აქტრისა „დააბა“. ის მაშინ სტუდენტი იყო და მოსკოვის ცნობილი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მეჩვიდმეტე სართულზე ცხოვრობდა თავის თანაკურსელ გოგონასთან ერთად, ორადგილიან ოთახში. პიკანტურ წვრილმანებს გამოვტოვებ და ვიტყვი, რომ ზურიკომ სტუმრის ბარათი „იჩალიჩა“, რაც უფლებას აძლევდა, ღამით თავის „დასთან“ დარჩენილიყო საერთო საცხოვრებელში. საერთოში შეპარვა და ოთახში ღამით დარჩენა, მეც მოვახერხე. მაგრამ, სტუმრის ბარათი არ მქონდა და ვინმეს რომ აღმოვეჩინე, არც მე დამადგებოდა კარგი დღე და მით უმეტეს, არც ოთახის დიასახლისებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაინცდამაინც ჩვენი სტუმრობის მეორე დილას, საერთო საცხოვრებელში დიდი „შმონი“ ჩატარდა. ეს კი ასე ხდებოდა – არასაუწყებო დაცვის ასეული საერთო საცხოვრებელს ალყაში აქცევდა და ყველა იქიდან გამსვლელს საბუთებს უმოწმებდა. ვინც „იქაური“ არ იყო, აკავებდა და მილიციაში მიჰყავდა. ამის პარალელურად კი, ოთხ-ოთხი „ჟლობისგან“ შემდგარი ჯგუფები კარდაკარ დადიოდნენ – ოთახებში შედიოდნენ, იქაც საბუთებს ამოწმებდნენ და დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად, მასპინძლებსაც აკავებდნენ. მათ კი უკვე, შიდაგანაწესის დარღვევისთვის, საცხოვრებლიდან აგდებდნენ.  „შმონის“ ჯგუფებს არაფერი ეპარებოდათ და ვერსად დაემალებოდი, რადგან ყველაფერს ამოწმებდნენ. კარს თუ არ გააღებდი, ისინი თავისი გასაღებით აღებდნენ. ერთი სიტყვით, საშველი არ იყო და როცა კარზე მოაკაკუნეს, ოთახის დიასახლისები გაფითრდნენ. ჩემს პარტნიორს ცრემლები წამოსცვივდა და იმეორებდა: ქუჩაში დავრჩი, საცხოვრებლის გარეშეო.

– ნუ გეშინია. აქ ვერ მომაგნებენ, – დავამშვიდე მტირალი და სანამ ზურიკო და დიასახლისები გონს მოეგებოდნენ, ფანჯარა გავაღე და მეჩვიდმეტე სართულის კარნიზზე გადავძერი. მის ქვეშ სამოცმეტრიანი უფსკრული იყო და ხელით ვანიშნე მათ – მიხურეთ-მეთქი.

შემდეგ ასეთი რამ მოხდა: „ამბლებმა“ საეჭვო რომ ვერაფერი აღმოაჩინეს ოთახში და წასვლას აპირებდნენ, ჯგუფის უფროსს ახალბედასთვის უთქვამს: აბა, ერთი გარეთ გაიხედე, კარნიზზე ხომ არავინ დგასო. ჰოდა, როცა იმ ბიჭმა გამოიხედა და დამინახა, ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, შევეცოდე და უფროსს უთხრა, არავინააო. ეს რომ ზურიკომ და გოგონებმა გაიგონეს, იფიქრეს, ალბათ, გადავარდაო და სამივეს ერთად წაუვიდა გული. ატყდა ხმაური. უცებ ოთახში მე შევედი ფანჯრიდან და გაოგნებული „ამბლების“ თვალწინ, სამივე გულწასულს მოსულიერება დავუწყე. გოგონებმა რომ ცოცხალი დამინახეს, მეორედ წაუვიდათ გული. ზურიკომ კი, ცოცხალი რომ დამინახა, ჯერ მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ ავაზასავით წამოხტა და ოთხივე „ამბალი“ ისე დაზილა და დაალილავა, რომ მილიციის ხუთი მანქანა გამოიძახეს და ისე წაგვიყვანეს განყოფილებაში. სასჯელისგან ბატონმა გია დანელიამ დაგვიხსნა, რომელიც უკვე ცნობილი კინორეჟისორი იყო. იმ წელს „არ დაიდარდოს“ იღებდა და ზურიკოსაც შესთავაზა როლი ამ გენიალურ ფილმში“.

დღევანდელი წერილის დასასრულს გია ფერაძის კიდევ ერთ „ოხუნჯობას“ გაგახსენებთ. ცნობილი ქართველი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა:

„გია ფერაძე რომ სხვადასხვა ოხუნჯობის მოწყობის დიდოსტატი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ყოველთვის მიკვირდა, როგორ მოსდიოდა თავში ესა თუ ის „საკაიფო“ სიუჟეტი. 1981 წელს, თბილისს არკადი რაიკინის მინიატურების თეატრი ესტუმრა, სადაც გიას მეგობარი და თეატრის დირექტორის ვაჟი, კონსტანტინე რაიკინიც მუშაობდა. გია და კოსტია რაიკინი მეგობრები იყვნენ და მიუხედავად ამისა, მისი გაშაყირება გადაწყვიტა და მითხრა: ნახე, როგორ „ვაჯირითო ტუფტაზეო“... კოსტია რაიკინი ცნობილი იყო თავისი ანეკდოტებითა და პაროდიების უნარით. შეეძლო, ნებისმიერი ცხოველისა თუ ადამიანისთვის მიებაძა. არ არსებობდა ადამიანი, ყველაზე გაუცინარიც კი, ვისაც ერთხელ მაინც არ გააცინებდა. მოკლედ, გიამ  სთხოვა:

– კოსტია, ერთი ავადმყოფი ნათესავი მყავს, რომელიც მელანქოლიითაა დაავადებული და არამც თუ  იცინის, არც კი ეღიმება. ექიმებმა მას სიცილი გამოუწერეს და იქნებ შენმა ხუმრობებმა გააცინოს, თორემ შეიძლება, სულიც კი განუტევოსო.

მოკლედ, გიამ კოსტია რაიკინი „შეკერა“. მოიყვანეო, – უთხრა გიას და თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთ აუდიტორიაში მიიყვანა გიამ ის კაცი. კოსტიას წინ დაუსვა. ჩვენ (მე და გია ფერაძე) კი კუთხეში დავსხედით და გიამ გადმომიჩურჩულა: ახლა ნახე, კოსტია რას „იჯირითებსო“. მართლაც,  ორი საათის განმავლობაში რა ანეკდოტი არ მოყვა კოსტია რაიკინმა, როგორ არ იხტუნავა და რა ცხოველს არ მიბაძა, რა ხმები არ გამოსცა, ის კაცი კი სველი თვალებით მისჩერებოდა პაროდისტს და არც კი ეღიმებოდა. მე და გია კი სიცილით ვიხეოდით. ბოლოს, ქანცგამოლეულმა კოსტია რაიკინმა თავი გააქნია და გიას უთხრა:

– ეტყობა, მართლა ძალიან მძიმედაა ავად ეს შენი ნათესავი. მე ძალა აღარ შემრჩა და აღარ შემიძლია, ხომ ხედავ, ვერ გავაცინეო.

გია ფერაძემ თავის მეგობარს თანაგრძნობით შეხედა და მიუგო:

– ვერც გააცინებ, ეგ ყრუ-მუნჯია და არაფერი ესმისო...

კოსტია რაიკინს ისე ეწყინა ეს გაშაყირება, რომ რესტორანში მის წასაყვანად დიდი ხვეწნა-მუდარა დაგვჭირდა“.