"სახანძრო უსაფრთხოების მხრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვართ"

"ტყის ხანძრის ლოკალიზება ყოველთვის უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს, ჩვენს რელიეფზე - ბევრი ციცაბო კლდე და რთულად მისადგომი ადგილია. ამ ყველაფერს ბორჯომში ისიც დაერთო, რომ ტერიტორიაზე წიწვოვანი ტყეა, რომელიც სხვა მცენარეებთან შედარებით, გაცილებით მეტი სისწრაფით იწვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბორჯომში დიდი ხანია ნალექი არ ყოფილა და ნიადაგი ძალიან გამომშრალი იყო. ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას სახანძრო ჯგუფმა, რომელსაც სათანადო ტექნიკაც კი არ გააჩნია, არც გამოცდილება აქვს და შესაბამისი მომზადებაც არ გაუვლია? სახანძრო უსაფრთხოების მხრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვართ და ეს ბორჯომის ტყის ხანძარმაც ცხადყო. არაფერს ვამბობ ერთადერთ ვერტმფრენზე, რომელმაც ხანძრის შედარებით მცირე კერის ლოკალიზებაც ვერ მოახერხა და მთელი სამაშველო სისტემა, ფაქტობრივად, ერთი დღის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოების დახმარებას ელოდებოდა", - აცხადებს ყოფილი მეხანძრე ალექსანდრე რეკვავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ცეცხლი რამდენიმე ადგილას ერთდროულად გააჩინეს, რასაც რამდენიმე ადამიანი დასჭირდებოდა" / "არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიაზე ნავთობსადენი გადის".

"დასანანია ამის თქმა რომ მიწევს, თუმცა, ფაქტია, რომ სახელმწიფო მასშტაბურ ხანძართან ბრძოლაში აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა. წესით, უნდა არსებობდეს სტრატეგია და გეგმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ ხანძარს, ქვედანაყოფებს უნდა ჰქონდეთ საჭირო აღჭურვილობა. ასევე, უნდა შეეძლოთ პროგნოზირება, რა რისკები არსებობს კონკრეტული შემთხვევებისას. სამაშველო სამსახურს ნივთიერება "სულფანოლიც" კი არ ჰქონდა, რომ წყალში გაერია და ხანძრის ქრობის ეფექტიანობა გაეორმაგებინა. ამასთან, ხანძრის ქრობისას საჭიროა დიდი მოცულობის წყალი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ქართული ვერტმფრენი, რომელიც საქმეში დაგვიანებით ჩაერთო, მხოლოდ 1500 ლიტრ წყალს იტევს, რაც მცირე ტერიტორიას ფარავს, თანაც, სანამ წყლის ასაღებად წავიდა და დაბრუნდა, ხანძრის მასშტაბი უფრო გაიზარდა. არადა, ასეთ დროს ყველაფერს წამები წყვეტს. წყლის მინიმალური დოზით მიწოდება მაინც დროულად რომ მომხდარიყო, ცეცხლის ეპიცენტრში, სადაც ტემპერატურა მინიმუმ 450 გრადუსი იყო, ე.წ. გაგრილების პროცესი დაიწყებოდა. გაგრილება წვის ქიმიურ რეაქციებს ამუხრუჭებს და ის ნაკლები ინტენსივობით გრძელდება. ესეც ვერ მოხერხდა, არადა, შესაძლებლობა ნამდვილად იყო. ბუნებრივია, ჩემი საყვედური მეხანძრეებს არ ეხება. ისინი ნამდვილი გმირები არიან, მათ მხრებზე გადაიარა ჩამოშლილმა სისტემამ. პრეტენზიები იმ პირებთან მაქვს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სტრატეგიის დასახვასა თუ საჭირო აღჭურვილობით მომარაგებაზე. ისიც კი ვერ განსაზღვრეს, რომ წელს ბორჯომში ნაკლებად თოვლიანი ზამთარი იყო, როგორც გითხარით, ნიადაგიც გამომშრალი გახლდათ და როდესაც პირველი კერა გაჩნდა, ხანძრის განახლების საშიშროება მაღალი იქნებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე რეკვავა.

"როგორც კი ცეცხლის ლოკალიზებაზე გაკეთდა განცხადება, სატყეო სამსახურს უნდა შეექმნა ქვეითი პატრული, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს დაიწყებდა. ასე რომ, პრევენცია აბსოლუტურად არ მომხდარა და დღეს ვითომ ხანძრის მიზეზებს ეძებენ. ეს ფაქტორები კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად მასშტაბურ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, თუმცა, რა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი მომზადება არც კი გაუვლიათ?! ადრე პოლიციის აკადემიის ბაზაზე სახანძრო ფაკულტეტი არსებობდა, სადაც მეხანძრეებს ვამზადებდით, თუმცა, წინა ხელისუფლებამ ის გააუქმა. გული მტკიოდა, როდესაც ვუსმენდი ჯანდაცვის მინისტრს, მეტიც, ენერგეტიკის მინისტრმა "გვახარა", დაბაში დენი და გაზი უწყვეტად მიეწოდებათო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კი არაფერს ამბობდა. მოკლედ, ანეკდოტური მდგომარეობა იყო, როდესაც ხანძარი ლოკალიზებულად გამოაცხადეს, რამდენიმე საათში კი ცეცხლი მთლიან ტერიტორიას მოედო. პირადად მე, პირველ რიგში იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებდი, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა. სწორედ მის კისერზეა თითოეული მეტრი, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწვა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ორი სახის ხანძარი არსებობს - ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივად ხანძარი მაშინ ჩნდება, როდესაც მეხის დაცემის გამო ხეს ცეცხლი ეკიდება და შემდეგ ის მთელ ტყეში ვრცელდება, რაც აბსოლუტურად­ გამორიცხულია, რადგან ბორჯომში ჭექა-ქუხილიც კი არ ყოფილა. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანურ ფაქტორთან გვაქვს საქმე. არ გამოვრიცხავ, ეს დივერსიის შედეგი იყოს, რადგან ცეცხლის კერა ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაჩნდა. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს, შესაბამისმა სტრუქტურებმა სიგარეტის ნამწვის დაგდებიდან "მოლოტოვის კოქტეილის" გასროლის ჩათვლით ყველა ვერსია უნდა გადაამოწმონ", - ამბობს ყოფილი მეხანძრე.

"საერთოდ, ხანძრის გაჩენა "ბორჯომის" ბოთლითაც კი შეიძლება - როდესაც მზის სხივების გარდატეხა ხდება, წყლიან შუშას გამადიდებელი ეფექტი აქვს და ნიადაგის ზედაპირს მალევე ეკიდება. ერთადერთი, რაც ამ მხრივ მაეჭვებს, ის არის, რომ ბორჯომში ისეთი მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირებულა, ცეცხლი ბოთლიდან გაჩენილიყო. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი - ხანძარი ფერდობის ზედა ნაწილში გაჩნდა, იქ, სადაც ტურისტებისთვის მიუდგომელი ადგილია. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს. თუმცა, ბენზინის ბიდონის პოვნაზე გამეცინა, ეს ხრიკს უფრო ჰგავს -თუ ვიღაცას აზრად ცეცხლის გაჩენა მოუვიდა, იმასაც მოიფიქრებდა, რომ ბიდონი არ დაეტოვებინა; ან როდესაც მთელი ტყე განადგურდა და ცეცხლი მიწასაც კი ეკიდა, როგორ გადარჩა ბოთლში ტილოს ნაჭერი, რომელიც "მოლოტოვის კოქტეილად" გამოაცხადეს? დივერსიაზე მიანიშნებს ისიც, რომ ბორჯომის ტყეში ცეცხლის კერა რამდენიმე ადგილზე იყო და თანაც ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ ტერიტორიაზე. ხანძრის ასეთი დაყოფა ბუნებრივად გამორიცხულია. ჩემი ვერსიით, ხანძარი ბორჯომის ტყეში რამდენიმე ადგილას ერთდროულად გააჩინეს, რასაც რამდენიმე ადამიანი დასჭირდებოდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიაზე ნავთობსადენი გადის _ არ გამოვრიცხავ, ჩვენი ქვეყნის `კეთილმოსურნე~ სახელმწიფოს ეს ადგილი სწორედ ამ მიზნითაც შეერჩია. დანარჩენი გამოძიებამ უნდა გვითხრას", - დაასკვნის ალექსანდრე რეკვავა.

"ხანძრის სერიებზე რამდენიმე ვერსია მაქვს, თუმცა, ყველაზე რეალურად ცეცხლის კერების მიზანმიმართულად გაჩენა მიმაჩნია. ეს ხელს აძლევს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში დესტაბილიზაციით. საზოგადოდ, სპეცსამსახურები ხანძრების სერიას გეგმავენ მაშინ, როდესაც ობიექტ სახელმწიფოში სახანძრო უსაფრთხოების სისტემას შეისწავლიან - ანუ, თუ ვემხრობით ვერსიას, რომ დივერსია კონკრეტულ სახელმწიფოში დაიგეგმა, იქ კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხანძრების სერიას მოუმზადებელი შეხვდებოდა. მოვლენებიც ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ამ მასშტაბის ხანძრების ლოკალიზებისთვის მზად არ აღმოჩნდა, რადგან ბოლო 26 წელია საქართველოში სახანძრო უსაფრთხოებას ყურადღებას არავინ აქცევს. არაფერს ვამბობ ტექნიკურ აღჭურვილობაზე - ერთის გარდა, ვერტმფრენი ჩვენ არა გვყავს და სახანძრო მანქანების უმრავლესობაც ძველი და ამორტიზებულია. ამ დროს კი კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც, ფაქტობრივად, საჭირო დროს უფუნქციო და უუნარო აღმოჩნდა, სოლიდურ ხელფასებს ვუხდით", - აცხადებს ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორი დავით კუხალაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ცეცხლი პარალელურად მძვინვარებდა ბორჯომში, ატენსა და დუშეთში, ანუ ზუსტად იქ, სადაც ცეცხლი 2008 წლის აგვისტოსაც გაჩნდა".