"არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტებად შენიღბული ტერორისტები დაძრწოდნენ"

"მოდი, შექმნილ ვითარებას ცოტა უფრო გლობალურად შევხედოთ. ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი ხანძარი, ეს იყო ხანძრების მთელი სერია. რთულია ჯერ რაიმეს მტკიცება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი შემთხვევითი და ბუნებრივი პროცესი არ არის და ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ ქმედებებს. თუ ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას და გამოძიების პროცესს არ ჩავთვლით, ვფიქრობ, მთლიანობაში მთავრობამ შექმნილ კრიზისს ნორმალურად გაართვა თავი. რაც შეეხება ჩემ მიერ ნახსენებ გამოძიებას, მარტო ბორჯომის ხეობის ხანძარს არ ვგულისხმობ. ჯერაც არაფერი გარკვეულა "ბავშვთა სამყაროს" ან მთაწმინდაზე მომხდარი ხანძრის გაჩენის მიზეზებზე. ვფიქრობ, მრავალმხრივი და ეფექტიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, თან რაც შეიძლება მოკლე დროში, რაშიც, შესაძლოა, დაგვჭირდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებაც", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტებად შენიღბული ტერორისტები დაძრწოდნენ" / "ამ ხანძრების გაჩენამდე ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან დაიწყეს ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლება. ჩემთვის ეს ძალიან საეჭვო დამთხვევაა" / "სტრასბურგში მესამედაც თუ დაგვიწუნეს კანდიდატები, წულუკიანმა უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს" / "იმავე ჭიკაიძეს, თუ რაიმე საიდუმლო დავალებით არ იყო მივლენილი საფრანგეთში, მაშინ ხანძრის პირველივე დღეს უნდა შეეწყვიტა შვებულება და დაბრუნებულიყო საქართველოში".

"ხანძარი შეიძლება ყველგან გაჩნდეს. ხორვატიაში 350 ჰექტარზე მეტია უკვე დამწვარი, ლამის ერთი თვეა ცეცხლს ვერ აქრობენ. გვახსოვს ხანძრები საბერძნეთში, იტალიაში, აშშ-ში, ხანძრების ჩაქრობას ლამის თვეები დასჭირდა. ჩვენთან კი ძალიან მძიმე რელიეფურ პირობებში, ფაქტობრივად, 6 დღეში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა. ძალიან ცუდია, რომ 100 ჰექტარი დაიწვა, მაგრამ უარესიც შეიძლება მომხდარიყო, რომ არა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების თავდადება. ურთულეს, ლამის 80-გრადუსიან დაღმართზე გაიყვანეს გზა, რომლის საშუალებითაც ცეცხლის ძირითად კერებთან მოხერხდა სახანძრო მანქანებისა და მძიმე ტექნიკის მიყვანა. ჩემი აზრით, ეფექტიანად იმუშავა ხელისუფლებამ. რაც უნდა აკრიტიკონ, ყველანი ვხედავდით, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, პრემიერის თავკაცობით, თავი არ დაუზოგავთ. ახლა უმთავრესია ამ ხანძრების გამომწვევი მიზეზები დროულად დადგინდეს. საეჭვო რაღაცები გამოჩნდა, ვიღაცა ბოთლებს პოულობს, ვიღაცა ბიდონებს, ამბობენ, რომ ბენზინის კვალი ჩანს... ვფიქრობ, ტყეში შემსვლელთათვის საკონტროლო წესები უნდა დაწესდეს, როგორც, მაგალითად, იტალიაში. ბევრი კეთილისმსურველი გვყავს ქართველებს, მაგრამ ძალიან ბევრი მტერიც. არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურისტებად შენიღბული ტერორისტები დაძრწოდნენ, ხანძრებს აჩაღებდნენ ჩვენს ქვეყანაში და ამ ხერხით ქვეყნისთვის მილიონობით ზარალის მიყენებას ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

"ძალიან არ მინდა, დავიჯერო, რომ ქართული პოლიტიკური ძალა, რაც უნდა ოდიოზური იყოს ის, ამგვარ რამეს გაუკეთებს ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებში მრავლად არიან ცხელი თავის პატრონები, მათ შორის, მათი ლიდერიც, მაინც არა მგონია, ამაზე იყვნენ წამსვლელი. არსებობს პარტიული ინტერესები, მაგრამ ასევე არსებობს ზეპარტიული საკითხებიც, რაც, ვფიქრობ, ყველას გვაერთიანებს. ეს ამ საკითხთა რანგში გადის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ იყვნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას გარე მტერთან ერთად ეწევიან. როგორც წესი, გარე მტერი ხშირად იყენებს მისი სამიზნე ქვეყნის შიდა რესურსს. სულაც არ არის საჭირო, რომელიმე ქვეყნის ჯაშუში მაინცდამაინც ამ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე იყოს. ამ ხანძრების გაჩენამდე ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან დაიწყეს ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლება. ჩემთვის ეს ძალიან საეჭვო დამთხვევაა. ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის, ქვეყნის სასიცოცხლო მიზნების მისაღწევად, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პროცესის გასააქტიურებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ თუ ეს დივერსია იყო, დამტკიცდეს სამართლებრივად. ვიმეორებ, ხანძრების ასეთი სიმრავლე აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს მიზანმიმართული გეგმის ნაწილია, რომლის ავტორები ზღვარს გადავიდნენ, როგორც ხედავთ, უჭირთ გაჩერება, რადგან ბორჯომშიც კი გაბედეს მოქმედება. თუ ასეა, ისინი დროულად უნდა შევაჩეროთ!", - განაგრძობს რესპონდენტი.

"როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ვფიქრობ, ბორჯომის სტიქიის პარალელურად ბევრი კარგი რამ მოხდა. ჩვენ მოვახერხეთ კონსოლიდირება როგორც ხანძართან ბრძოლისას, ასევე დამწვარი ტერიტორიის რეაბილიტაციისთვისაც. პირველივე დღეებში გამოჩნდნენ ტყის აღდგენაში მონაწილეობის მსურველები, მძლავრი, საშუალო თუ მცირე ქართული კომპანიები, ცალკეული მოქალაქეები. რამდენად შესაძლებელია, რომ აღდგენა ახლავე დაიწყოს, არ ვიცი, რადგან ნიადაგია მოსამზადებელი, ბოლოს და ბოლოს, მიწა უნდა გაცივდეს, ნაცარი გადამუშავდეს", - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - "თუ ადევნებდით თვალს ბოლო დღეებში ქართულ სოციალურ ქსელებს, შეამჩნევდით გარკვეული ჯგუფების მცდელობას, რომ პანიკა შეექმნათ. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ რთული ვითარებით სარგებლობა და ამ გზით ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო თუ შესაძლოა, იყოს დივერსიული გეგმის ნაწილი, თუ დავუშვებთ, რომ ეს გეგმა რეალურია?" - პასუხობს:

"სწორად დასმული კითხვაა. თუ თივის ზვინს უკიდებ ცეცხლს, ისიც გააზრებული უნდა გქონდეს, შემდეგ რას გააკეთებ. თუ დივერსიის ვერსია სწორია, მაშინ ყველაფერი გასაგებია - ეს მისი პროპაგანდისტული ნაწილია. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა ვიქტორ ჩერნომირდინმა ერთხელ თქვა, "გვინდოდა, გაგვეკეთებინა საუკეთესოდ, მაგრამ გამოგვივიდა როგორც ყოველთვისო". ვიმეორებ, თუ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას, მაშინ როგორც ყოველთვის, ისე გამოუვიდათ. ჩვენში პანიკის შექმნა რუსეთს აგვისტოს ომის დროს ვერ გამოუვიდა, შფოთი, რა თქმა უნდა, იყო, სხვანაირად წარმოუდგენელიც არის, მაგრამ პანიკა არ ყოფილა. რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა აფეთქდეს სოციალური ქსელები, უკვე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნება იხვეწება..."

"სამწუხაროდ, არ ვფლობ სრულ ინფორმაციას კრიზისების საბჭოს საქმიანობაზე, შესაბამისად, ზერელედ ლაპარაკი გამიჭირდება. ვფიქრობ, მისი მოვალეობა უპირველესად საფრთხეების გაანალიზება და კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის ძიება უნდა იყოს. როცა პრემიერი ადგილზე იყო და ყველა დეტალს ის განაგებდა, არ ვიცი, რა უნდა გაეკეთებინა მინდია ჯანელიძეს, რომ გვეფიქრა, რომ მისი საქმიანობა დროული და მნიშვნელოვანია. სხვა საკითხია პოლიტიკური თვალსაზრისით რამდენად ახერხებს ეს საბჭო საფრთხეების გაანალიზებას. თუ ყველაფერი ისეა, რასაც ზედაპირზე ვხედავთ და რამე კონფიდენციალური დინებები ამ საბჭოს საქმიანობაში არ არის, მაშინ მისი მენეჯმენტია შესაცვლელი. მთლიანად გადასახედია როგორც ხელმძღვანელობა, ასევე საქმიანობის ფორმატი. თუ ეს არ მოხდება, მაშინ სრულიად ლეგიტიმურია კითხვა, რაში იღებს ეს ხალხი ძალიან მაღალ ხელფასებს, თუ მათი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოებასა და კრიზისების განმუხტვას არ ემსახურება? იმავე ჭიკაიძეს, თუ რაიმე საიდუმლო დავალებით არ იყო მივლენილი საფრანგეთში, მაშინ ხანძრის პირველივე დღეს უნდა შეეწყვიტა შვებულება და დაბრუნებულიყო საქართველოში", - მიიჩნევს თვალჭრელიძე.

"რუსეთისთვის დახმარება არ უნდა გვეთხოვა მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის დახმარება აპრობირებული მეთოდია - თუ ნამდვილად ისე იყო, როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ვფიქრობ, შეცდომა დაუშვია ჩვენს ხელისუფლებას. როგორც ჩანს, თავდაპირველად დაბნეულად იმოქმედეს, შემდეგ კი ვნახეთ პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური უარი. პირადად მე მიმაჩნია, რომ დახმარება არ უნდა მიგვეღო იმ ქვეყნისგან, რომელმაც ერთხელ უკვე გადაგვიწვა ტერიტორიები, ოკუპანტია და დღესაც ეჭვმიტანილია გარკვეულ ქმედებებში. ბოლოს და ბოლოს, რუსული ფორუმებისთვის რომ გადაგეხედათ, ნახავდით, როგორ უხაროდათ ჩვენთან გაჩენილი ხანძარი. არაკეთილსინდისიერი, მტრულად განწყობილი მეზობლისგან დახმარების მიღება არ შეიძლება, ეს ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა", - განმარტავს რესპონდენტი.

"საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების უკვე მესამედ შერჩევაზე ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა - შეგვარცხვინა თეა წულუკიანმა. არსებობს ასეთი, პეტერსონის კანონი, ანუ ბოლო გაჩერების სინდრომი, რომლის მიხედვითაც კარგი იურისტი და კარგი მოსამართლე სულაც არ არის აუცილებელი კარგი იუსტიციის მინისტრიც იყოს. ვფიქრობ, ქალბატონი თეა ძალიან ხისტია და ზედმეტად უნდა თავისი ნების ყველა მეთოდით გატარება. ეს არის აშკარად წამგებიანი და არასწორი პოზიცია. ბოლოს და ბოლოს, რომელ ქვეყანაში ტარდება შერჩევა სამჯერ? რომელ ქვეყანას ეუბნება სტრასბურგი ამდენ უარს? არც საქართველოსთვის უთქვამს აქამდე, როგორც ჩანს, ადრე ნორმალურ კანდიდატებს არჩევდნენ. ჩემი აზრით, პოლიტიკური ამბიციები განზე უნდა გადაიდოს და ცოტა სხვანაირად წავიდეს პროცესი, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ასე არ ხდება. სტრასბურგში მესამედაც თუ დაგვიწუნეს კანდიდატები, წულუკიანმა უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს. სამარცხვინოა, რაც აქამდე მოხდა, და მეშინია, რომ ეს ამჯერადაც გამეორდება. არ ვიცი, რატომ გახდა ქალბატონი წულუკიანი ასეთი შეუცვლელი. ის, რომ ჩვენ უკეთესი იუსტიციის მინისტრი გვჭირდება, ეს ცხადია.