[ნინო მიქიაშვილი]
თბილისის სააპელაციო სასამართლოს №3 დარბაზში, მოსამართლე მანანა ოთარაშვილს 21 ივნისს, 16 საათზე უნდა განეხილა ე.წ. „კავკასიას“ ბიჭების - რატი მაისურაძისა და ავთანდილ ზუმბაძის საქმე, მაგრამ წინა დღეს, მათი უფლებების დამცველ ადვოკატებს: მანანა კობახიძესა და ბესარიონ ქარცივაძეს აცნობეს, რომ ზუმბაძე-მაისურაძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ზეპირი განხილვის გარეშე გამოიტანს.
ამ სიახლის შესახებ „ობიექტივს“ რატი მაისურაძის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ 2010 წლის 7 მაისს მომხდარი ინცინდენტის გამო, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით, 2010 წლის აგვისტოში 8 ადამიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მომდევნო თვეში ორი მათგანის: რატი მაისურაძისა და ავთანდილ ზუმბაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით გამოიძიება დაიწყო. ბრალდების მხარის და მათი მოწმეების მტკიცებით, „კავკასიაში“ მომხდარ ინცინდენტამდე სამი დღით ადრე, ანუ 2010 წლის 4 მაისს, ზუმბაძემ და მაისურაძემ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან, ერეკლე დეისაძის წიგნის მხარდამჭერ აქციაზე იხულიგნეს.
საქალაქო სასამართლოში მაისურაძე-ზუმბაძის საქმეს მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი განიხილავდა. პროკურორი სოფო ბარაბაძე გახლდათ. ბრალდების მხარის მოწმეებად კი გამოდიოდნენ: სახალხო დამცველის აპარატთან არსებული „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი, „ლიბერალისა“ და „ტაბულას“ თანამშრომლები და პოლიციელები. პროკურორი ბარაბაძე მაისურაძისა და ზუმბაძისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. მოსამართლე გიგიტაშვილმა მიმდინარე წლის აპრილში მაისურაძე და ზუმბაძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სააპელაციოში საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებული გვქონდა და რატი მაისურაძისა და ავთანდილ ზუმბაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვდით, რადგან მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, ამ ადამიანების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება და ამასთან, მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევებითაა მოპოვებული. შესაბამისად, განაჩენი გასაუქმებელია“, - ამბობს მანანა კობახიძე.
მისივე თქმით, საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობას ავთანდილ ზუმბაძე და რატი მაისურაძეც ითხოვდნენ. ადვოკატის განმარტებით, რადგან მსჯავრდებულებს შედარებით მსუბუქი დანაშაული - ორწელიწადნახევარი აქვთ მისჯილი, შესაძლოა საქმეზე გადაწყვეტილების ზეპირი განხილვის გარეშე გამოტანა ამიტომ გადაწყვიტეს, რის გაკეთების უფლებასაც შიდა კანონმდებლობა იძლევა, მაგრამ ევროსტანდარტების მიხედვით, როცა აპელანტი საქმის განხილვაში მონაწილეობას ითხოვს, ის აუცილებლად უნდა მიიყვანონ და სხდომას დაასწრონ.
მანანა კობახიძის აზრით, პროცესის ზეპირი განხილვის გარეშე ჩატარება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ნაკლები პრობლემა ჰქონდეთ - „ეს არ არის მარტივი საქმე. როგორც ჩანს, ამ საქმეზე ზეპირი მოსმენა მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნით. ჩვენ შუამდგომლობები გვქონდა დაყენებული, რომ თავიდან გამოეკვლიათ მტკიცებულებები, ვიდოეფირები და ასე შემდეგ. ჩვენი მონაწილეობის გარეშე რას გამოიკვლევენ?! არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რამეს გააუქმებენ. სამწუხაროა, რომ განხილვა ჩვენს გარეშე ტარდება“.
საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევას „ობიექტივიც“ ესწრებოდა. საინფორმაციო საშუალებებში გასულ სიუჟეტებსა და პატრულის ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ კადრებში ვერსად დავინახეთ რატი მაისურაძისა და ავთანდილ ზუმბაძის ხულიგნობის დამადასტურებელი ფაქტები.
მანანა კობახიძის თქმით, მაისურაძესა და ზუმბაძეს ხულიგნობის სამართლებრივი ბრალდება აბსოლუტურად აბსურდულად აქვთ შეფარდებული - „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აშკარა ინტერესი არსებობს იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტებს აღვირახსნილობის რეკლამირებას და პროპაგანდირებას სახელმწიფო დაწესებულებებში. უნდათ აი, ამ ჯგუფის ექსტრემისტებად, ტერორისტებად და ფაშისტებად წარმოჩინება“.
ადვოკატის ვარაუდით, სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას ზუმბაძე-მაისურაძის საქმეზე მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.