ამერიკელი დიპლომატები ირწმუნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარს ბრმად არ უჭერენ

ამერიკელი დიპლომატები ირწმუნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარს ბრმად არ უჭერენ

[ნინო მიქიაშვილი]

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის მიერ 25-26 მაისს გაკეთებული განცხადებები თანმიმდევრული და ლოგიკური იყო“ - ასე აფასებს აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური ოფიცერი, ერიკ ჰოლმგრენი, ბასის მიერ, მშვიდობიანი აქციის დარბევამდე და დარბევის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს. ბატონი ჰოლმგრენი გაოცებას ვერ მალავს, იმ „ნაირნაირი ინფორმაციების“ გამო, რაც ქართულ პრესაში აშშ-ს საელჩოს საქმიანობის შესახებ იწერება. იგი ირწმუნება, რომ აშშ „ნაცმოძრაობას“ მხარს ბრმად არ უჭერს და, რომ ამერიკა უპირველესად ქართველი ხალხის მხარდამჭერია.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ოფიცერმა, საათი და 45 წუთი ისაუბრა, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისში, ამავე პოლიტიკური ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთისა და „ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით - „საუბრები დემოკრატიაზე“ , რომელსაც გარკვეული პოლიტიკური პარტიების: „სოციალ-დემოკრატების“, „რესპუბლიკელების“, „ქრისტიან-დემოკრატების“, „ახლების“, „ნაცმოძრაობის“ და „ეროვნული ფორუმის“ წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს  და ამ დროს, ჩვენი აზრით, თავად ამერიკელ დიპლომატზე უფრო დიდი დიპლომატობა და უკიდურესი კონსტრუქციულობა გამოავლინეს. იმ ახალგაზრდების კითხვებში, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციას, არ მალავენ,  სიმწვავის ნატამალი არ იყო...

მათ ამერიკელ დიპლომატს გამოცდილების გაზიარება სთხოვეს. დაინტერესდნენ რას ფიქრობს იგი, იმაზე, რომ ქართველი სტუდენტები პოლიტიკურად აქტიურები არ არიან. ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ისიც აინტერესებდათ, კონკრეტულად რას აკეთებს აშშ-ს საელჩო საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის და რამდენად იზიარებს აშშ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში...

ერთადერთმა ნათია სვანიძემ დასვა კითხვა, მწვავე ფორმით, 26 მაისს ჯონ ბასის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელზე პასუხის მოსმენაც, ჩვენი აზრით, არა მარტო მისთვის იყო საინტერესო. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა, ნათია სვანიძემ არ გაიზიარა ის დამოკიდებულება, რომ ქართველი სტუდენტები პოლიტიკურად აქტიურები არ არიან და მაგალითად, 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ, სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მოიყვანა, რომლის გამართვის დროსაც თურმე, პარლამენტთან სტუდენტებს დეპუტატი გიგი წერეთელი დახვედრია და ასეთი რჩევა მიუცია - „თქვენი საქმეა სწავლა და არა აქციების გამართვაო“.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ, ამერიკელ დიპლომატს გაეღიმა და ქართველ სტუდენტს დაჰპირდა, „როცა გიგის შევხვდები, ამის შესახებ აუცილებლად ვეტყვიო“.

ამის შემდეგ სვანიძე 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებულ კითხვაზე გადავიდა - 25 მაისს, 9 საათზე ჩვენ ამერიკის ელჩის პოზიცია მოვისმინეთ, რაც ერთის მხრივ იყო დასტური იმაზე, რომ დარბევა მომხდარიყო და 26 დილით იგივე ელჩმა ძალის გადამეტებაზე ისაუბრა, რაშიც ჩვენ ორმაგი დამოკიდებულება დავინახეთ და თქვენ რას ფიქრობთ ამაზეო?!

საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, ჯონ ბასის განცხადებები თანმიმდევრული და ლოგიკური იყო. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა კითხვის ავტორს ურჩია საელჩოს ვებგვერდზე, დედანში გაეცნოს ელჩის განცხადებას. ამასთან, იქ მყოფებს  შეახსენა, რომ საინფორმაციო საშუალებები ძალიან ხშირად, განცხადებას იმგვარად აშუქებენ, რომ მხოლოდ ცალკეული ნაწილი წარმოჩინდეს და არა მისი მთლიანი შინაარსი.

ამერიკელმა დიპლომატმა შეხვედრაზე მყოფ ახალგაზრდებს სთხოვა წარმოედგინათ, რა მოხდებოდა 5 000 ადამიანი, რომ გამწკრივებულიყო და ობამასთვის ეთქვა ინაუგურაციას არ ჩაგატარებინებთო. ერიკ ჰოლმგრენის თქმით, მათ აქციის გასამართად სხვა ადგილს შესთავაზებდნენ, მაგრამ თუ ამაზე უარს მიიღებდნენ, ძალის გამოყენებით დაშლიდნენ.

„ელჩმა თქვა, ხელისუფლებას მოვუწოდებ ამ ხალხს აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილი შესთავაზოსო. როგორც მოგეხსენებათ, ვინც პროტესტს გამოხატავდა, ამაზე უარი განაცხადა. ხელისუფლებას აქციის დაშლის ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, მაგრამ ეს არასაჭირო, ზედმეტი ძალის გამოყენებით მოხდა და ელჩი მეორე დღეს სწორედ ამაზე საუბრობდა - იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ძალას გადაამეტა, ღია და გამჭირვალე გამოძიება უნდა წარიმართოსო. ეს იყო თანმიმდევრული, ლოგიკური განცხადებები, რომლებიც ერთმანეთს სრულიად შეეხამება“, - ასე გამოხატა მისი და საელჩოს პოზიცია ერიკ ჰოლმგრენმა.

კითხვების დასმამდე აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ოფიცერმა, ედპ-ს ოფისში შეკრებილ საზოგადოებას ძალიან მოკლედ გააცნო მისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში.

იგი საქართველოში უკრაინიდან 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს გადმოიყვანეს. მისი თქმით, იქიდან მოყოლებული დღემდე, ამერიკის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ის გზა, რომლითაც აშშ ამ ქვეყანაშია ჩართული.

„მე ყოველთვის გაოცებული ვარ, როცა პრესაში ჩვენი საელჩოს საქმიანობაზე ნაირნაირ ინფორმაციებს ვკითხულობ. სინამდვილეში ჩვენი უპირველესი მიზანი და ამოცანაა დავეხმაროთ ქართველი ხალხს და ხელისუფლებასაც, წინ წავწიოთ დემოკრატიული განვითარების გზაზე, დასავლური ღირებულებების შესაბამისად“, - განაცხადა ჰოლმგრენმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრისას, „როცა რაღაცაზე აწვებიან“ და ამ დროს გაღიზიანებას ამჩნევენ, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ აშშ-ს საელჩო მათ დახმარებას ცდილობს.

„ჩვენ ძალიან დაძაბულად ვმუშაობთ და ვცდილობთ პროცესში მაქსიმალურად ბევრი პარტია მოვიზიდოთ და ჩავრთოთ. ორი მიზანი გვაქვს - მხარდაჭერა მოიპოვონ, გამარჯვებას არჩევნების გზით მიაღწიონ და არა ქუჩით და რევოლუციით. როცა ამას ვლაპარაკობ, არ გეგონოთ, რომ მიამიტი ვარ - ვიცი, რომ დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელი გარემო ხელისუფლებამ უნდა შექმნას“, - აღნიშნა აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ოფიცერმა.

მისივე განმარტებით, აშშ-ს საელჩო და შესაბამისად, ამერიკა უპირველესად დემოკრატიული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზეა ფოკუსირებული და არავითარ შემთხვევაში არ უჭერს მხარს ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ერიკ ჰოლმგრენის თქმით, ამერიკელები ყველაზე დიდ სახსრებს მედიის მხარდაჭერისთვის გამოყოფენ.

„ორი არხი გაქვთ - „იმედი“ და „რუსთავი 2“, რომელიც კერძო, მაგრამ ხელისუფლების მხარდამჭერია. ასევე გაქვთ „კავკასია“ და „მაესტრო“, რომლებიც აბსოლუტურად სხვაგვარ პოლიტიკას ატარებენ. სხვადასხვა პარტიული სიმპატიები არხებს ჩვენთანაც ახასიათებთ. ჩვენ ვერ ვეტყვით კერძო არხს, რომ ასეთი, ან ისეთი მიმართულება ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია ამა თუ იმ მედიასაშუალებას დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გააჩნდეს“, - განაცხადა ერიკ ჰოლმგრენმა და იქვე ისიც მიუთითა, რომ საელჩო ინტენსიურად მუშაობს საზოგადოებრივ არხთან, რომელიც ხალხის საკუთრებაა და რომელმაც ფართო დრო უნდა დაუთმოს ანალიტიკურ გადაცემებს და სხვადასხვა დებატებს ექსპერტებს შორის.

აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ისინი დიდ დროსა და რესურს ხარჯავენ ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელების განვითარებაზე და მხარს უჭერენ „პალიტრა.ტვ-ს“,  რომლის შესახებ ცნობები პრესაში ხშირად იბეჭდება.

სტუდენტებთან და ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე, იქ მყოფთაგან ასაკით უფროსმა, დაახლოებით 35 წლის ასაკის მამაკაცმა, ამერიკელ დიპლომატს კითხვა ვრცლად, ინგლისურ-ქართულად დაუსვა. მას თავი არ წარუდგენია, თქვა, რომ ამერიკაში დიდხანს სწავლობდა და ცხოვრობდა, რომ ამერიკა საქართველოს ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს და წესით, აქაური საზოგადოების აშშ-სადმი განწყობა დადებითი უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, უარყოფითია, რადგან საქართველოში ფიქრობენ, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას მხარს ბრმად უჭერს.

ამერიკელმა დიპლომატმა მისგან მარჯვნივ მსხდომი ახალგაზრდებისკენ მიიხედა - „ჩვენი მეგობრები „ნაცმოძრაობიდან“ დაგვეთანხმებიან, რომ ჩვენ ნამდვილად ბრმად არ ვუჭერთ ხელისუფლებას მხარს. გამოკითხვებით თუ დავაკვირდებით, აშშ-სადმი მხარდაჭერა თანმიმდევრული და საკმაოდ მაღალია“.

ერიკ ჰოლმგრენის განმარტებით, აქ მათ ისე უყურებენ, რომ თითქოს, მათ უნდა გადაჭრან გარკვეული პრობლემები, მაგრამ რეალურად, ეს თავად ამ ქვეყანამ უნდა გააკეთოს, რომლის საზოგადოებას პოლიტიკური გამოჯანმრთელება სჭირდება:  

„ჩვენ გვინდა გვერდზე გავდგეთ და ქართველები ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს“.

ერიკ ჰოლმგრენი ამბობს, რომ თვალშისაცემია ხელისუფლების წარმომადგენელთა ასაკი და ის, რომ მათ გამოცდილება აკლიათ - „მე 37 წლის ვარ და საქართველოს ხელისუფლებაში, რომ ვყოფილიყავი, ერთ-ერთი ჭარმაგი ადამიანი ვიქნებოდი. ამ ხელისუფლებამ რაღაცნაირად ჩამოიშორა ასაკიანი ხალხი, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებასთან იყო ასოცირებული. ერთი მხრივ, შეიძლება ეს გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, გამოცდილება დაიკარგა. თქვენ ალბათ, ფიქრობთ - ეს იდიოტები დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან. ასე ფიქრობენ ერთმანეთზე ამერიკაშიც, რესპუბლიკელები და დემოკრატები“.

ამერიკელმა დიპლომატმა არაერთხელ, გამოკვეთილად თქვა ის, რომ ცვლილების ყველაზე ოპტიმალური გზა არჩევნებია, რასაც, თან, მძიმე შრომა ახლავს და რომ აშშ-ს საელჩო და შესაბამისად, მათი ქვეყანა მხარს ქართველ ხალხს უჭერს და არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ან პოლიტიკოსს.

„გარკვეული ლიდერები საკითხის იმგვარად წარმოჩენას ცდილობენ, რომ ჩვენ მხარს „ნაცმოძრაობას“ ვუჭერთ. რომელიმე ლიდერი შეიძლება მოვიდეს, ელჩს 5 წუთით დაელაპარაკოს, შემდეგ ამომრჩეველთან შეხვედრაზე წავიდეს და განაცხადოს, რომ აშშ მათ პოლიტიკურ ორგანიზაციას უჭერს მხარს“, -  აღნიშნა ჰოლმგრენმა, რომლის აზრითაც, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ „კურიერში“ პირველი 15 წუთი გამოხვიდე და ისაუბრო. ამერიკელი დიპლომატის აზრით, სიტყვის  თავისუფლება ისაა, რომ ილაპარაკო იმაზე, რისიც გჯერა, გწამს და ამის გამო არ იქნე დაპატიმრებული.

ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური ოფიცერი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება სწორ გზას ადგას, რომელიც მისივე განმარტებით, ფოკუსირებულია დიპლომატიაზე, სახალხო დიპლომატიაზე. ჰოლმგრენის განმარტებით, ამ პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია, რაც „მგონი ყველას გააზრებული აქვს. არც ნატო, არც აშშ ამ კონფლიქტში არ ჩაერთვება“.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, საქართველოს პოლიტიკა დემოკრატიულ-ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა რუსეთის კოლონიად ყოფნას, დემოკრატიულ-ეკონომიკურ გარემოში ცხოვრება არჩიონ.

როგორც აღმოჩნდა, 37 წლის ამერიკელ დიპლომატს 20-21 წლის წინანდელი ლოზუნგებიც ხსომებია - „მახსოვს, გამსახურდიას დროს იყო ლოზუნგი - „საქართველო ქართველებისთვის!“ ახლანდელი ხელისუფლება არაქართველების ინტეგრაციას უწყობს ხელს“, რაც ერიკ ჰოლმგრენის აზრით, აფხაზებისა და ოსებისთვის კარგი მაგალითია.