[მერაბ ბრეგაძე]
საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი საფრანგეთის შუამავლობით მოეწერა. ამით მოსკოვმა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულება აიღო, რომ ოკუპაციურ ჯარებს აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე გაიყვანდა. სამი წლის თავზე რუსი სამხედროები თბილისიდან ორმოც კილომეტრში დგანან და არსად წასვლას არ ჩქარობენ. ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ფრანგული მხარე „გაღმა შეედავეს“ პრინციპით ამჯობინებს მოქმედებას.
ჟურნალ „თბილისელების“ ჟურნალისტის კითხვაზე, „გრძნობს თუ არა იგი პასუხისმგებლობას 2008 წლის 8 აგვისტოს ომისა და იმის გამო, რომ ბუქარესტში საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება ფაქტობრივად, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა“, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ განაცხადა, რომ :ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ორივე მხარის ნაციონალიზმს ეკისრება“:
„ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი) და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩს ერიკ ფურნიეს განცხადებაზე კომენტარის გაკეთება უჭირს. როგორც მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას მანამ, სანამ საფრანგეთის ელჩისგან უშუალოდ არ მოისმენს განმარტებებს:
„ძნელია ნებისმიერი სახის შეფასების გაკეთება, ვიდრე ელჩს არ გავესაუბრებით და არ ვკითხავთ მას, თუ რა იგულისხმა და რა ფორმით იყო ეს განცხადება გაკეთებული. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნის წარმომადგენელზე, რომელიც უშუალოდ მედიატორი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, ასევე, უშუალოდ მონაწილეობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაში მაშინ, როდესაც რუსეთის შეჭრა მოხდა ცხინვალში. შესაბამისად, გასაკვირი იქნება, თუ ასეთი განცხადების გააკეთა ერიკ ფურნიემ“.
აქვე შეგახსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტის ამასწინანდელ განცხადებას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი არ დგას. ეს განცხადება მან დოვილში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
„ახლა საქართველო მთლიანად თავისუფალია, ტანკები კი თბილისიდან 40 კილომეტრში იდგნენ. ბატონმა მედვედევმა თავისი სიტყვა შეასრულა“.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის თბილისურმა საელჩომ პრეზიდენტ სარკოზის მიერ დოვილში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
„ჩვენ პრეზიდენტ სარკოზის პრესკონფერენციის სრული ტექსტი არ გაგვაჩნია. საერთოდ, საელჩო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს“, - განაცხადეს საფრანგეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ფრანგი ელჩის ბოლო სადავო გამოსვლას შემდეგ შეფასებას აძლევს:
„პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ასეთი შეფასებები ელჩის კომპეტენციას სცდება. გარდა ამისა, ეს დიპლომატი ადრეც იყო შემჩნეული საქართველოს მიმართ არამეგობრულ განცხადებებში. თუმცა, მე თავს ვალდებულად მივიჩნევ, მას რეალური ინფორმაცია მივაწოდო და იმედი მაქვს, ბატონი ფურნიე ამას წაიკითხავს, თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგში თავი ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენოს:
1921 წელს, როცა საქართველო რუსეთთან თავდაცვით ომებს აწარმოებდა, ოსებმა მომენტით ისარგებლეს და აჯანყდნენ. მაშინ, ქართული სოფლების დაცვა, ვალიკოს ჯუღელის ხელმძღვანელობით, ქართულ გვარდიას დაევალა. ეს იყო რეგიონში წესრიგის დამყარებისკენ მიმართული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა. ამის შესახებ ჯუღელი თავის მემუარებშიც წერს, სადაც იგი ჰყვება, რომ ამ ოპერაციას მსხვერპლი ორივე მხრიდან მოჰყვა, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ რაოდენობით არა, რაც ბატონ ფურნიეს აქვს არგუმენტად მოყვანილი...
ოსებს ყოველთვის ჰქონდათ ლტოლვა რუსეთისკენ... ეს დაახლოებით ისეთი აჯანყება იყო, როგორც საფრანგეთში „ვანდეას“ სახელით ცნობილი ბუნტი, რომლის წინააღმდეგაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სადამსჯელო ოპერაციები განახორციელა... ჯუღელის მემუარებში ვკითხულობთ, რომ იმ წლებში გამოდიოდა გაზეთი „თეატრი და ცხოვრება“, რომელშიც დოკუმენტური ფოტო-მასალა იყო გადმოცემული, სადაც ქართველების მოჭრილი თავები იყო ასახული. დახოცილებს შორის იყვნენ ქალები და ბავშვები. ასე რომ, ეს იყო ქართული გვარდიის პასუხი იმ ბარბაროსობაზე, რასაც ოსები ქართველების წინააღმდეგ სჩადიოდნენ...
გაოგნებული ვარ საფრანგეთის ელჩის შეფასებით და არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მისი რეალური პოზიციაა. არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის ნახსენები, რომ ქართველები ოსების გენოციდში არიან შემჩნეული... ვერ გეტყვით, ფურნიეს პოზიცია რას ემყარება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, წესით ხელისუფლებამ, ერიკ ფურნიე პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს და მას საქართველოს დატოვება უნდა მოსთხოვოს. ისე კი არა, გოგა ხაინდრავამ სულელურად რომ მისწერა ამერიკის ელჩს, საქართველოდან წადითო. ხელისუფლების მოთხოვნა არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული.
რაც შეეხება ნიკოლა სარკოზის პოზიციას, ეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის გამართლებას ჰგავს. იგი ცდილობს, თავი ისე წარმოაჩინოს, რომ მედვედევსა და პუტინს არ მოუტყუებიათ, სინამდვილეში კი, რუსმა ხელისუფალმა ის გააბითურა, ვინაიდან შეთანხმებაში წერია, რუსეთმა ჯარები 2008 წლის აგვისტოს ომამდელ პოზიციებზე უნდა დააბრუნოსო. ომამდე კი რუსული შეირაღებული ნაწილები არათუ ახალგორსა და ერედვში, ცხინვალშიც კი არ იყვნენ, იქ მხოლოდ სამშვიდობო ნაწილები იყო განლაგებული... სარკოზი იმიტომ იტყუება ასე თავგამოდებით, რომ საფრანგეთში მისი ავტორიტეტი ძალიან დაბალია, არადა, არჩევნები კარს არის მომდგარი, მისი ოპონენტი კი, მასზე 25% მეტი რეიტინგით სარგებლობს...
ელჩის პოზიციასთან დაკავშირებით კი უნდა აღვნიშნო, რომ ელჩის გენერალური ვალდებულებაა, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და არა იმ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა და ჭორების გავრცელება, სადაც იგი იმყოფება“, - ამბობს სოსო ცინცაძე.
ხელისუფლების უნიათო პოლიტიკამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. კრემლისთვის „იმპერიული ნიღაბის ჩამოხსნას“, დასავლეთის მხრიდან მხოლოდ შეშფოთება–აღშფოთებები მოჰყვა. პოლიტიკური ჩიხის სათავეები კი, ქვეყანამ და საზოგადოებამ ისევ საკუთარ თავში უნდა ეძიოს.