„ეკონომიკა უნდა წახალისდეს ე.წ იაფი ფულის პრინციპით“, - როგორ აპირებს მთავრობა შიდა და გარე მიგრაციის შეჩერებას

„ეკონომიკა უნდა წახალისდეს ე.წ იაფი ფულის პრინციპით“, - როგორ აპირებს მთავრობა შიდა და გარე მიგრაციის შეჩერებას

„თუ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ტემპები და შრომის ანაზღაურება საშუალო ევროპულს დაუახლოვდება, გარე მიგრაცია უნდა შეჩერდეს“, -ამის შესახებ დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ეკონომიკური მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, დადებითი ციფრების მიღმა კვლავ აქტუალურად დგას მიგრაციიის პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. წლიდან წლამდე ქვეყნიდან ათასობით ადამიანი, ანუ სამუშაო ძალა გადის. ზოგი სასწავლებლად, ზოგი სამუშაოდ მიდის და მათი დიდი ნაწილი უკან არ ბრუნდება. ამის მიზეზი ქვეყანაში არასაკმარისი სამუშაო ადგილებია, რის გამოც ადამიანები გამოსავალს საზღვარგარეთ წასვლაში ნახულობენ.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა ამან ემიგრანტების რაოდენობაზე დადებითი გავლენა არ იქონია. სტასტისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2011 წელს 90 584 ათასი ემიგრანტი გვყავდა, 2016 წელს კი 98 288 ათასი ემიგრანტი გვყავს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება როგორც პირველი, ასევე მეორე ვადით მმართველობის დროსაც, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს გარე და შიდა მიგრაციის შეჩერებას, თუმცა საინტერესოა რის ხარჯზე უნდა მოხდეს ქვეყნიდან ადამიანების გადინების პროცესის შეკავება.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილი ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, ამისთვის ორი რამ არის საჭირო - ეკონომიკურ–სოციალური და დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა.

„საგარეო მიგრაციის შეჩერების პროცესი  ქართული ეკონომიკის გაძლიერების კვალობაზე უნდა მოხდეს, თუმცა ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ნელი ტემპებით იზრდება. ასევე, აქტუალური საკითხია შრომის ანაზღაურების ოდენობა. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შემთხვევაშიც კი, ჯერჯერობით ჩვენი შრომის ანაზღაურების დონე ევროპული ხელფასის დონეს ჩამორჩება. აქ ჩვენ კონკურენცია გვიჭირს. თუ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ტემპები და შრომის ანაზღაურება საშუალო ევროპულს დაუახლოვდება, მაშინ გარე მიგრაციაც შეჩერდება“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება, დაახლოებით რამდენ წელიწადში იქნება შესაძლებელი მიგრაციის პროცესის შეჩერება, რთულია, თუმცა ხელისუფლებას ამ მხრივ გეგმები აქვს.

„იმის პროგნოზირება რამდენ ხანში მოხდება მიგრაციის პროცესის შეჩერება, რთული იქნება. შრომითი ბაზარი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში კიდევ უფრო ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობაზე დიდ მოთხოვნას. ცოტა ხალხი ბევრ საქმეს აკეთებს. დაბალტექნოლოგიური საწარმოების შემთხვევაში კი წარმოებას ბევრი ადამიანი სჭირდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნა უნდა იყოს, რაც სამუშაო ადგილებს დიდად ვერ გაზრდის. ასე რომ, ეს გამოწვევაც არსებობს, რაც მიგრაციასთან კავშირშია.

ხელისუფლების გეგმები ამ მხრივ მრავალმხრივია. აუცილებელია ლიცენზირებადი საქმიანობის არეალის შემცირება. არცერთი ახალი საქმიანობა არ დამატებულა, რომელიც ლიცენზირების ქვეშ მოექცეოდა. რეგულირებადი საქმიანობის რაოდენობა არ იზრდება, პირიქით მცირდება. ასევე, ეკონომიკა უნდა წახალისდეს ე.წ იაფი ფულის პრინციპით. თუ ადამიანებს იაფ სესხებზე წვდომა ექნებათ, ბიზნესის კეთება გაუადვილდებათ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება შიდა მიგრაციას, რაც ასევე გამოწვევაა ქვეყნის წინაშე, ქუცნაშვილის თქმით, გარდა მცირე ეკონომიკისა და დასაქმების პრობლემისა, ამას ინფრასტრუქტურული გაუმართაობაც ემატება, რის გამოც ადამიანები სოფლებს და რაიონებს ტოვებენ.

„შიდა მიგრაციის შემთხვევაში მცირე ეკონომიკის და დასაქმების პრობლემას ემატება ინფრასტრუქტურული გაუმართაობა, მითუმეტეს მთიან რეგიონებში. სოფელს დენი, წყალი ან გაზი რომ არ აქვს, რთულია იქ ადგილობრივი შეაკავო. შიდა მიგრაციის პრობლემა მხოლოდ ჩვენს მთიან რეგიონებში კი არა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას. მაგალითად, ავსტრიასა და შვედეთში, მიუხედავად იმისა, რომ იქ დასაქმების მაჩვენებელი მაღალია, ინფრასტრუქტურაც გამართული, შიდა მიგრაცია მაინც ხდება. მათ პირადად ვკითხე რითი ხსნიან ამას და მიპასუხეს, რომ თანამედროვე მოქალაქე ცდილობს, ურბანულ დასახლებაში იცხოვროს, სადაც მეტი შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა კანონმა შიდა მიგრაციის პროცესი უნდა შეამციროს: „2023 წლის აღწერის შედეგებს ველოდები, რომ საბოლოოდ დავინახო, მთის კანონმა შიდა მიგრაციის კუთხით რა შედეგები მოგვიტანა. დუშეთში 500-მა მოქალაქემ რეგისტრაცია უკვე გაიარა, რომლებიც რაიონის საქალაქო დასახლებიდან სოფლებში გადმოვიდნენ. ეს უკვე ძალიან დადებითი შედეგია“.