ურეკი ტურისტულ სეზონს წელსაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა

ურეკი ტურისტულ სეზონს წელსაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა

საზღვაო კურორტი ურეკი ტურისტულ სეზონს წელსაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. როგორც დამსვენებლები აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში ურეკში ინფრასტრუქტურის განვითარება არ მომხდარა. ურეკში, სადაც ძირითადად ბავშვები ისვენებენ, არ არსებობს ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი გზა. ავტომობილებს და ტურისტებს ერთ გზაზე უწევთ სიარული. კურორტზე მოუწესრიგებელია შიდა გზები. დამსვენებლების განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ ურეკში სასტუმროებში დასვენების ფასები იზრდება, სერვისი იგივეა, არ ხდება ინფრასტრუქტურის მოვლა-განვითარება.

„მეორე წელია ურეკშვი ვისვენებთ და გასული წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბავშვების გამოყვანა სასტუმროს გარეთ სახიფათოა, რადგან სამანქანო გზაზე გვიწევს სიარული, მანქანების გამონაბოლქვია და არავინაა დაცული, რომ ავტომობილი არ დაეჯახება. გასართობი და საკვები სივრცეები მოუწესრიგებელია და პირდაპირ გზებზეა განთავსებული. ბევრი დამსვენებელია მეზობელი ქვეყნებიდან, რადგან აქ სამკურნალო ქვიშაა, თუმცა ვფიქრობ, თუ კურორტის განვითარება არ მოხდა, ურეკი დამსვენებელს დაკარგავს.“ – აცხადებს  ერთ–ერთი დამსვენებელი ირაკლი მოწონელიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაბა ურეკში დავით რობაქიძე რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ წლევანდელი სეზონისთვის გაკეთდა ცენტრალური გზა, ამოივსო ორმოულები, რათა დამსვენებლებს გადაადგილების პრობლემა არ შექმნოდათ. მისივე მტკიცებით, სექტემბრიდან ცენტრალური გზის მოასფალტება დასრულება, თუმცა შიდა გზები ჯერ მოსაწესრიგებელია, რადგან მოსახლეობამდე კომუნიკაციების მიყვანა ხდება.

რაც შეეხება ფეხით მოსიარულეების გზას,  რობაქიძის თქმით, ამ საკითხზე მიდის მუშაობა და შესაძლოა, ურეკის შიდა ტერიტორიაზე მანქანით მოძრაობა აიკრძალოს, გაკეთდეს შემოვლითი მისასვლელი, რომელიც განტვირთავს მოძრაობას, შიდა პერიმეტრზე კი მხოლოდ „ტაქსები“ და „კუკუშკები“ გადაადგილდებიან.

ამასთან, რობაქიძე პროექტის დეტალებზე და ბიუჯეტზე ვერ საუბრობს, რადგან ამბობს, რომ ეს განხილვის თემაა.

მისივე თქმით, კომუნიკაციების - ბუნებრივი აირის, კანალიზაციის და წყლის გასაყვანად „აზიის განვითარების ბანკიდან“ 62 მილიონია ჩარიცხული და ეს პროექტი სრულდება.

დავით რობაქიძის განცხადებითვე, იგეგმება არსებული სანაპირო ზოლის, რაც 1,4 კილომეტრია, გაგრძელება და დამატებით 1,6 კილომეტრის დამატება.

 რობაქიძის მონაცემებითვე,  ივნის-ივლისში ურეკი დატვირთული არ იყო, თუმცა ივლისის ბოლოდან დამსვენებლების სიმრავლეა და ამ ეტაპზე ყველა სასტუმრო და დასასვენებელი სახლი შევსებულია. „ვფიქრობ, ტურისტების რაოდენობა 80 ათასს გადააჭარბებს, რაც შარშანდელზე მეტია“ –დასძენს ურეკში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპეციალური წარმომდგენელი.