რუსი ”პრანკერების” აუდიოჩანაწერი:  სპეცოპერაცია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

რუსი ”პრანკერების” აუდიოჩანაწერი: სპეცოპერაცია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

"სპეცოპერაცია" რუსეთის "არამეგობარი" ქვეყნების წინააღმდეგ, რომლის მიზანი ამ სახელმწიფოებში სახელისუფლებო კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა - კრემლის ზეგავლენის ქვეშ მყოფი "სტრანა.უა" აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ცნობილი რუსი ე.წ. პრანკერი "ლექსუსი" უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სააკაშვილის ექსტრადირებაზე ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, თითქოსდა მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი სატელეფონო საუბარი არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან არ შემდგარა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სპეცოპერაცია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ / "საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ აქ სპეცსამსახურების ხელი ურევია - მიზანი საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენაა".

"საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ დაუცველი სატელეფონო კავშირის მეშვეობით არასერიოზულია", - აცხადებენ შსს-ში. რუსი პრანკერები კი ამბობენ, რომ ისინი მზად არიან, საქართველოს შს მინისტრთან საუბრის დასამტკიცებლად ჩანაწერი "ნებისმიერ ექსპერტიზას" გადასცენ. ამის შესახებ ალექსეი სტოლიაროვმა ("ლექსუსი") განაცხადა - "ეს პირველი ადამიანი არ არის, ვინც ცდილობს, ჩვენთან საუბარი უარყოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, იქნებოდა ეს ერდოღანი თუ ნატოს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის ვაძლევდით ამ ჩანაწერებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის სააგენტოს. ფაქტი ყოველთვის დასტურდებოდა. ჩვენ გვაქვს მინისტრის პირადი მობილურის ნომერი, თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენთ. ვფიქრობ, მისმა გარემოცვამ ეს ნომერი იცის", - თქვა სტოლიაროვმა და დასძინა, რომ გიორგი მღებრიშვილმა დაუცველი სატელეფონო კავშირით შიდა ინსტრუქცია დაარღვია", - აღნიშნავს გამოცემა.

"შს მინისტრი ძალოვანია, მას შიდა ინსტრუქციით ეკრძალება ასეთი საჩოთირო თემების განხილვა ღია სატელეფონო ხაზებით. ამით, რა თქმა უნდა, მის რეპუტაციას გარკვეულწილად ჩრდილი ადგება. მან ხომ ჩვენ გაგვიმხილა საიდუმლო შეთანხმება საქართველოს პრემიერსა და პოროშენკოს შორის", - განაცხადა სტოლიაროვმა. მისივე თქმით, საუბრის დროს მღებრიშვილი ბათუმში იმყოფებოდა, ბელარუს და აზერბაიჯანელ მინისტრებთან ერთად ისვენებდა. ჩანაწერთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ. ამასთან, აუდიოჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულები არიან და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და "სახელმწიფო დონეზე აყვანილი უკანონო ქმედებების წახალისება", - განაგრძობს გამოცემა.

"ჩანს, რომ ისინი არღვევენ კანონს. ერთი მხრივ, უკრაინაში აგზავნიან ექსტრადირების მოთხოვნას და, მეორე მხრივ, შსს მინისტრი და მთავრობა ფარულ მოლაპარაკებას მართავს. დარღვევაა ისიც, რომ ჰპირდებიან, სააკაშვილს მოქალაქეობა არ აღუდგება. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და შეიძლება მივიჩნიოთ პრეზიდენტზე ზემოქმედებად", - აცხადებს გოცირიძე და აღნიშნავს, რომ დადგება დრო, როცა ეს ჩანაწერი გამოყენებული იქნება როგორც საბრალდებო ფაქტი ხელისუფლების მისამართით. ბრიგადის გენერლის, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის შეაფსებით, როდესაც რაღაც ჯგუფისთვის მაღალი თანამდებობის პირების ნომრების გაგება პრობლემა არაა, საფუძვლიანია ეჭვი, რომ იქ სპეცსამსახურების ხელი ურევია", - დასძენს გამოცემა.

"მესმის, რომ პიროვნებამ მოახერხოს საქართველოს შს მინისტრის ნომრის გაგება. მაგრამ როცა რაღაც ჯგუფი ახერხებს თურქეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, ნატოს გენ. მდივნის, უკრაინის თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერის ან მაღალი თანამდებობის პირის ნომრის გაგებას, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ აქ სპეცსამსახურების ხელი ურევია. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ პრანკერების მიერ მოწყობილი სატელეფონო საუბრები შინაარსობრივად, პოლიტიკურად საკმაოდ დახვეწილია და კარგადაა "ლეგენდირებული". თუ ასეთი საუბარი შედგა, ძალიან ცუდია ბევრი მიზეზით, მაგრამ არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მინისტრი გაურკვეველი წარმომავლობის მობილური ნომრიდან განხორციელებულ ზარზე საერთოდ უპასუხებს, არათუ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრებს. ამიტომ მსურს, დავიჯერო, რომ ეს არ მომხდარა", - აცხადებს ამირან სალუქვაძე. მისი შეფასებით, მსგავსი ჩანაწერის მიზანი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პრეცესებზე ზეგავლენის მოხდენაა", - წერს სტატიის ავტორი.

"რეალურად ეს საუბარი შედგა თუ არა, ფაქტია, რომ რაღაც ჩანაწერი გავრცელდა, რისი მიზანი საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენაა. საერთოდ, ჩვენი ექსპრეზიდენტის თემას რუსეთი კარგად იყენებს საინფორმაციო ომისთვის როგორც თავის შიდა საინფორმაციო, ასევე უკრაინის და საქართველოს სივრცეებში. ამ ჩანაწერის გავრცელება, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპანტების მხარდაჭერით, ფაშისტური მეთოდებით ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის გადაფარვაც იყოს", - დაასკვნის ანალიტიკოსი.