"განათლების სისტემაში ბევრი პრობლემა დაგროვდა. ბავშვს სკოლა ვერ აძლევს ჯეროვან განათლებას და ეს შემდეგ უნივერსიტეტებზეც აისახება. ვხედავთ, როგორ უჭირთ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება, საერთო-ეროვნულ გამოცდებშიც უამრავი ჩაიჭრა, ესე იგი, საზოგადოებას გაუნათლებელ ახალგაზრდათა დიდი ჯგუფი შეემატა. სამწუხაროდ, ვერც სკოლის მასწავლებლების დიდი ნაწილი აკმაყოფილებს სტანდარტებს. უდიდესი პრობლემაა სახელმძღვანელოების ხარისხიც. ყოველივე ამის ფონზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კიდევ ერთ კომიკურ განცხადებას აკეთებს, - თურმე სექტემბრიდან თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, კვირაში ერთხელ ყოველ მოსწავლეს თითო ვაშლი დაურიგდება! არც კი ვიცი, რა ვთქვა!", - აცხადებს პროფესორი ვლადიმერ პაპავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კომბლედან" ვაშლამდე მისული მინისტრი აღარ არის სასაცილო" / "ნაცების" დავალებების შემსრულებელი "ქოცებმა" მინისტრად დანიშნეს" / "სკოლებში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა, განათლებისთვის გამოყოფილი თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საეჭვო პროექტზე, რომელზეც თავად მინისტრსაც კი ეცინება?".
"გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრი კრონიზმის (ფავორიტიზმის ერთ-ერთი სახე, ახლობელ-მეგობრებისთვის, კვალიფიკაციის დამოუკიდებლად, უპირატესობის მინიჭება) სენითაა დაავადებული და ამიტომაც ვერ ხედავს მინისტრობისთვის შეუფერებელი თავისი მეგობრის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობას, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ? მათი ასაკიდან გამომდინარე, შვილები ჯერ კიდევ სკოლებში უნდა დადიოდნენ და ნუთუ არ ეცოდებათ თუნდაც საკუთარი შვილები ასეთი კურიოზული მინისტრის ხელში? თანაც ამ ინიციატივამ უამრავი კითხვა გაგვიჩინა. მაგალითად, რატომ უნდა დარიგდეს ვაშლები მარტო თბილისში და თანაც მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ათას ბავშვზე მეტი სწავლობს? რა დააშავეს რეგიონებისა და თბილისის მცირეკონტინგენტიანმა სკოლებმა? კვირაში ერთი ვაშლი ვერ გადაწყვეტს კვების პრობლემას. ბავშვებს შედარებით გაჭირვებული ოჯახებიდან, შესაძლოა, ის ერთი ვაშლიც არ ჰქონდეთ კვირაში, მაგრამ იმ ბავშვებს რატომ უნდა მიეცეს სახელმწიფოს ხარჯზე თუნდაც ერთი ვაშლი, რომლებიც მეტ-ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან არიან და არათუ ვაშლის პრობლემა არა აქვთ, არამედ ბევრ სასარგებლო თუ გემრიელ პროდუქტზე მიუწვდებათ ხელი?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა არამიზნობრივი ხარჯები სკოლებში. როცა სკოლებში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა, განათლებისთვის გამოყოფილი თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საეჭვო პროექტზე, რომელზეც თავად მინისტრსაც კი ეცინება? მისი ეს სიცილი კი მთლიანად ჩვენი საზოგადოების დაცინვაა! "კომბლედან" ვაშლამდე მისული მინისტრი უკვე სასაცილოც აღარ არის, ის უკვე მავნეც ხდება და ჩვენი შვილების განათლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ლეგალურად გაფანტვას უპირებს და თანაც ამის შესახებ საზოგადოებას სიცილ-ხითხითით ამცნობს... რეგიონებისა და თბილისის მცირეკონტინგენტიანი სკოლების მასწავლებლები მშვიდად უნდა იყვნენ, რომ მათ არ მოუწევთ "ადამის მაცდუნებელი გველის" ფუნქციის შესრულება... მინისტრმა ისინი დაინდო! ბუნებრივია, თბილისის დიდი სკოლების "გავაშლიანების" პროგრამის განსახორციელებლად საჭირო გახდება სახელმწიფო შესყიდვების კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ყოველთვის არის კორუფციის საფრთხე. იმავდროულად, კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" იმიტომ არის მიღებული, რომ მინიმუმამდე დავიდეს კორუფციის საფრთხე. ვეჭვობ, ამ კანონის ყველა მოთხოვნის დაცვითაც კი დიდ სკოლებში თუნდაც კვირაში თითო ვაშლის დარიგება დროულად მოხერხდეს. ამას მათქმევინებს შესყიდვების რთული პროცედურები..." - განაგრძობს რესპონდენტი.
"შრომის გაკვეთილებთან დაკავშირებული იდეა სულაც არ არის ცუდი, თუმცა, არ მინდა განმეორდეს ის, რაც ჩემს შორეულ ბავშვობაში იყო, როცა შრომის გაკვეთილები იყო მეორეხარისხოვანი და ისინი უმთავრესად ფორმალურად ტარდებოდა. თუ იმავეს გაიმეორებენ განათლების სისტემის დღევანდელი მესვეურები, მაშინ აჯობებს, შრომის გაკვეთილები არ შემოიღონ, რათა თავიდან ავიცილოთ უკუეფექტი, ანუ ბავშვებს შრომა თავიდანვე არ შესძულდეს. შრომის გაკვეთილების შემოღება მარტო იმას არ უნდა ემსახურებოდეს, რომ მხოლოდ შრომის მასწავლებლები დასაქმდნენ. მთავარია, ბავშვობიდანვე შეეჩვიოს ჩვენი მომავალი თაობა შრომას. რაც შეეხება სამაგიდო თამაშებს, მათ თავისი ადგილი აქვს და განსაკუთრებით დაბალ კლასებშია ეფექტიანი. ის უნდა იყოს დამხმარე და არა ძირითადი ინსტრუმენტი ცოდნის დაუფლებაში. ბავშვები უნდა შეეჩვიონ, რომ ცხოვრება სულაც არ არის თამაში. ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე წელიწადზე მეტია მინისტრია, ამიტომ მისი ერთწლიანი მუშაობის შეფასება სულაც არ არის რთული, რადგანაც აშკარაა, რომ ბატონი ჯეჯელავა შეუფერებელი პიროვნებაა ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისათვის, ხოლო განათლების მინისტრის რანგში საერთოდ გაუგებრობაა", - მიიჩნევს ლადო პაპავა.
"თუ პრემიერ-მინისტრი მას მაინცდამაინც ვერ ელევა, ჰყავდეს თუნდაც მოადგილედ და თავადვე დატკბეს მეგობრის სიბრძნით, ხოლო განათლების და მეცნიერების სფერო დაინდოს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლომაიასეული ტრადიციები განათლებისა და მეცნიერების სისტემაში გრძელდება. "ქართული ოცნება", სამწუხაროდ, არ ცვლის განათლების დაფინანსების სისტემას, ხოლო "მეცნიერება" სამინისტროს დასახელებაში მხოლოდ ფორმალურადაა შესული. ის პირები, რომლებიც 2013 წლიდან ამ სისტემაში იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, "ნაცების" მმართველობის დროს დისკომფორტს არათუ არ განიცდიდნენ, არამედ "ნაცების" დავალებებსაც დიდი მონდომებით ასრულებდნენ. ამგვარი წარსული აქვს ჯეჯელავასაც, რომელიც იმ საკონკურსო კომისიის წევრი იყო, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაატოვებინა არაერთ ღირსეულ პროფესიონალს, "ნაცების" დავალებების შემსრულებელი კი "ქოცებმა" მინისტრად დანიშნეს. ჯეჯელავას ერთადერთ დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს მისი კომიკურობა, რადგანაც ამდენი სასაცილო რამ არც ერთ მის წინამორბედს არ უთქვამს. მისი "სკოლების გავაშლიანების" პროგრამა ქმნის რეალურ საფრთხეს: სიცილი უკვე მავნებლობაში შეიძლება გადაიზარდოს", - დასძენს პაპავა.