რთველის დაწყებამდე 2-3 კვირაა დარჩენილი. წელს კახეთს სუბსიდია აღარ ერგება, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის კომპანიები წინასწარ იჭერენ თადარიგს, რომ მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნას. ჯერჯერობით თანადაფინანსების შეწყვეტის გამო პრეტენზია არ გამოუთქვამს არც გლეხებს და არც მეწარმეებს. ყველას იმედი აქვს, წელს ყურძენზე მისაღები ფასი იქნება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეწარმეებთან წინასრთველო შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია.
„ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე ყურძენზე მასობრივი სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს.
„მოსავალს წელს საკმაოდ დიდს ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
როგორც ცნობილია, წელს ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა. ღვინის ის კომპანიები კი, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანე ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
ამავე დროს, დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.
გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის მზარდი ექსპორტი რთველის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა. „კერძო სექტორი მზად არის და კარგად იცნობს წლევანდელ სისტემას, რომლის საფუძველზეც რთველი-2017 უნდა ჩატარდეს. ღვინის კომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად“, - აღნიშნა სამანიშვილმა.
კომპანია თბილღვინოს ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირების პოლიტიკის შეცვლას დადებითად აფასებს. მარგველაშვილი ამბობს, რომ სუბსიდია დროებითი ინსტრუმენტი იყო და ყველა მეღვინე აცნობიერებდა, რომ ადრე თუ გვიან ის დასრულდებოდა.
„სუბსიდირების დასრულების მოტივი ქართული ღვინის ექსპორტის და მოთხოვნის ზრდაზეა დამოკიდებული. სახელმწიფოს გათვლებით, წელს იქნება საკამრისი მოთხოვნა ყურძენზე ისე, რომ სუბსიდიის სახით ჩარევა საჭირო აღარ იქნება. გლეხი მიიღებს სამართლიან ფასს, ყურძნის მყიდველიც გადაიხდის სამართლიან ფასს. გადაწყვეტილება ჩვენი აზრით დადებითი და დროულია. მოთხოვნა სხვადასხვა სახის ყურძნის ჯიშებზე სხვადასხვაა, ეს იქნება პირველი წელი სუბსიდიის მოხსნის და უნდა დავაკვირდეთ შედეგებს“, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.