[მანანა ნოზაძე]
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ რეჟიმში გამართული მოლაპარაკებები სულაც არ არის დასაძრახი, თუკი ეს ისევ „რვიანის“ სახელით მიმდინარეობს.
კავკასიის რეგიონის საკითხებში ამერიკელმა ექსპერტმა თომას დე ვაალმა განაცხადა, რომ სააკაშვილი სრულებით არ ჰგავს ჰოსნი მუბარაქს და იგი საქართველოში ძალიანაც პოპულარულია. მართლაც, ტელეკადრებმა აღბეჭდეს, რომ გუშინ რაჭაში სააკაშვილს ზარ-ზეიმით შეხვდნენ. რას ნიშნავს ქართველი ერის ასეთი ორმაგი პოზიცია?
– ძალიან ვწუხვარ ჩემი რაჭველების გამო. ამას თავისი ახსნა აქვს. ერთი მხრივ, ის, რომ რეგიონებში ხალხი ძალიან გაჭირვებულია. მეორე, ტოტალურად მოკლებულნი არიან ინფორმაციას, ამას ემატება შიშიც. თქვენი თავი წარმოიდგინეთ, რომ არ წარმოადგენდეთ იმ მედიასაშუალებას, სადაც მოღვაწეობთ, და არ გქონდეთ მეტ-ნაკლებად ობიექტური ინფორმაცია. რაჭველების გამოყვანა მინდა ამ მდგომარეობიდან. მოსახლეობას, რომელიც მხოლოდ „რუსთავი 2“-დან, „იმედიდან“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ იღებს ინფორმაციას, დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისგან განსხვავებით, შესაძლოა, განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდეს. ამიტომაც ეხვეოდნენ და კოცნიდნენ სააკაშვილს.
გოგა ხაინდრავამ ჯონ ბასის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, სადაც აშშ-ის ელჩს მოუწოდებს, დატოვოს ქვეყანა, რადგან „მისმა მხარდაჭერამ ავაზაკების კრებულს სისხლში ჩაახშობინა ქართველი ხალის ნება“. ხაინდრავას თქმით, ამერიკა ცხვრის ქურქში გახვეული მგელია და დემოკრატიის სასაკლაოზე მიჰყავს ქართველები.
– გოგა ხაინდრავას მიმართ დიდი სიყვარულის მიუხედავად, ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი განცხადება. ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, რადგან ვნებს ოპოზიციასაც და ზოგადად ქვეყანასაც. აშშ-ის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცით. იგი ჩვენი პარტნიორია. ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მჭიდრო ურთიერთობასა და ინტეგრაციას ეფუძნება. ბუნებრივია, ეს ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელვანია.
ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ „რვიანში“ მოლაპარაკებების ძველი ფორმატი დასრულებულია. იგი „რვიანიდან“ გამოყოფას აპირებს ?
– ამ წუთში ჩვენ ვიმყოფებით „ქრისტიან-დემოკრატების“ ოფისში. არა მგონია, ასეთი რამ იგეგმებოდეს.
რამდენად მორალურია, როცა მამუკა კაციტაძე ერთი-ერთზე ხვდება ხელისუფლების წარმომადგენელს?
– საერთოდ, რომ ველაპარაკებით ხელისუფლებას, განა დასაგმობია? ჩვენ გვინდა შედეგი. ამ წლების განმავლობაში უშედეგო მოქმედებებმა ოპოზიცია დააზარალა და საზოგადოებას ყველაფერზე ხელი ჩააქნევინა. „არაც“ არის შედეგი. თუ ხელისუფლება საბოლოოდ გეუბნება „არა“, ესეც შედეგია, რათა ამ ხნის განმავლობაში ბუნდოვან გაურკვევლობაში არ ვიყოთ.
ბოლო დროს „ქრისტიან-დემოკრატების“ წინააღმდეგ განცხადებები გაკეთდა. კერძოდ, „რვიანში“ შემავალ ამ პარტიას „სახალხო კრებაში“ შეგზავნილად მიჩნეულ გენერალ უჩავასთან აიგივებენ. გამორიცხავთ, რომ „რვიანში“ ხელისუფლებამ თავისი ინტერესის გამტარებელი შემოგაპაროთ?
– ვინ უნდა შემოგვაპაროს? ვინც ვართ, ესენი ვართ. ჩვენი პოლიტიკური ძალა ოპოზიციის წარმომადგენლებზე მძიმე განცხადებებს საერთოდ არ აკეთებს. შესაძლოა, მხოლოდ მათი ქმედებები შევაფასოთ, სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება შემოპარებას, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში პარტნიორები ვართ.
„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური შეხვედრების ინიციატორები არიან. როდის, ვისთან და სად შედგება ასეთი პრივატული შეხვედრები?
– ინდივიდუალურ მოლაპარაკებებსა და სხვა ნებისმიერ ურთიერთობაზე თანხმობა მთელმა „რვიანმა“ 23 მარტის განცხადების ფარგლებში ერთობლივად გამოთქვა. მას შემდეგ იყო რამდენიმე ასეთი შეხვედრა, მაგრამ დაახლოებით უკვე თვეზე მეტია, არანაირი კონტაქტი, გარდა მედიაგადაძახილის, არ ყოფილა. ჯერჯერობით, ეს ჩვენი შეთავაზებაც ღია შეთავაზებაა, მათგანაც მოვიდა „მედიაპასუხი“ მზადყოფნის თაობაზე. ჯერჯერობით, ამის გარდა რაიმე სხვა ნაბიჯი არ გადადგმულა.
თუ მოლაპარაკებები ინდივიდუალურად უნდა აწარმოოთ, მაშინ რა გამართლება აქვს „რვიანის“ ფორმატს?
– მე მგონი, ეს ძალიან უტრირებულია. თავის დროზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ველაპარაკოთ ხელისუფლებას, ოღონდ ამ შემთხვევაში, ვინც არ უნდა საუბრობდეს, ის ლაპარაკობს ისევ „რვიანის“ პოზიციებიდან გამომდინარე. ეს „რვიანის“ დაშლას არანაირად არ გულისხმობს.
„ხალხის პარტიის“ პოლიტიკური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებამ თითქმის „რვიანის“ დაშლის წინაპირობა შექმნა. თქვენი აზრით, მყიფე ხომ არ გახდა „რვიანის“ ერთობა, როცა იგი თავისი ერთი წევრის განცხადებაზე ასე სენსორულად რეაგირებს? გამოდის, ერთი კაცის გამონათქვამზეა დამოკიდებული „რვიანის“ ერთობა?
– იცით რა, ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. მე ალეკო შალამბერიძეს კარგად ვიცნობ. მის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ერთი მხრივ, გულდასაწყვეტია, და მეორე მხრივ, არის გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების მცდელობა. როდესაც მრავალპარტიული ურთიერთობაა, ასეთი განცხადებების გაკეთება იოლი არაა. ამას ბევრი პრობლემა ახლავს, რადგან ჩვენ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვართ. ზოგს უფრო მეტი ურთიერთობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, ზოგთან შეიძლება, მანამდე ურთიერთობა საერთოდ არ გვქონდა. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი მოსაზრებებითა და საჯარო გამოთქმით საერთო საქმე არ დავაზარალოთ.
ეს პრეცენდენტი არ იყო სასიამოვნო. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, როდესაც მაისის მოვლენების შემდგომ საქართველოს ძალიან ფორიაქა პერიოდი უდგას, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი რთულ მდგომარეობაში ვართ. ამის გამო, შესაძლოა, ემოციურად ასეთი განცხადებები კეთდებოდეს.
ერთ-ერთი პირველი ასეთი კატეგორიული განაცხადი „ახლების“ მიერ გაკეთდა, რომ ისინი საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. შალამბერიძის მსგავსად, მაშინ „რვიანიდან“ არავინ გაიწირა.
– დავაზუსტოთ. ერთია, რომ „ახლები“ ამ ეტაპზე არ ვემხრობით არანაირ აქციებს, მით უმეტეს, ჩავლილი, უშედეგი აქციების შემდგომ. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია, ეს არ გახლავთ ახირება. ეს არის ყველანაირი გათვლით, არგუმენტაციით აღბეჭდილი. როდესაც „რვიანშიც“ სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, მაშინაც ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა. 7 ივნისს გაკეთდა „რვიანის“ საერთო განცხადება, სადაც აქციებზე არაფერი თქმულა. ამას კი მედიაში მოჰყვა, რომ „რვიანი“ თურმე იწყებს აქციებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემხრობით თუ არა ქუჩის აქციების გზას, „ახლებმა“ განვაცხადეთ, რომ არ ვემხრობით. არანაირი საგანგებო განცხადება არ გაგვიკეთებია.
ბევრი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს „რვიანის“ შიგნით. მაგალითად, „ახალ მემარჯვენეებს“ შეიძლება აღმოგვაჩნდეს ინიციატივა, თუნდაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ამდენად, არ არის სავალდებულო, „რვიანის“ ყველა წევრი ჩვენს ინიციატივას ემხრობოდეს, რადგან ჩვენ არ ვართ ერთი პოლიტიკური ბლოკი. მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ იმ საკითხთა წრეს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. კერძოდ – საარჩევნო გარემოს. თუ სხვა ვინმე აქციებში მონაწილეობას აპირებს, ჩვენ ამას კი არ ვუკრძალავთ?!
თავდაპირველად, გასულ წელს, „სახალხო კრების“ მუშაობაში „რვიანიდან“ რამდენიმე პარტია მონაწილეობდა, მაგრამ ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვინმეს რაიმეს ვუკრძალავდით. ეს არის სრულიად თავისუფალი ურთიერთობა ნებისმიერ სხვა საკითხში.
სამოქალაქო საზოგადოება „რვიანში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდას მანამ არ მიუჯდეს, სანამ 26 მაისის ტრაგედიის გამოძება არ დაიწყება. მართლაც, ქართული პოლიტიკური სპექტრი უფრო აქტიურად რატომ არ მოითხოვს 26 მაისის ძალის გადამეტების გამოძიებას?
– ვფიქრობ, ამ საკითხზე „რვიანმა“ განცხადება უკვე გააკეთა. ცალკეული პოლიტიკური ძალები ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს აქტიურად ვიყენებთ. „ახალ მემარჯვენეებს“ და ბევრ სხვასაც, ამ ხნის განმავლობაში ინტენსიური საერთაშორისო შეხვედრები გვქონდა, ერთ-ერთ უპირველეს სალაპარაკო თემად რჩება 26 მაისის მოვლენები. მეც მოვისმინე მოწოდებები, სანამ 26 მაისს მომხდარს არ გამოიძიებენ, მანამ საარჩევნო გარემოზე არ დავიწყოთ მოლაპარაკება. კი მაგრამ, ეს შეიძლება იმდენ ხანს გაგრძელდეს ან არ გამოიძიონ, ან დაიწყონ გამოძიება და გაგრძელდეს ძალიან დიდხანს, რომ მომავალი წლის თებერვალ-მარტში ან აპრილში საარჩევნო გარემოზე ლაპარაკი, ძალიან დაგვიანებული იყოს.
თუმცა „რვიანის“ ფორმატიც ძალიან გაიწელა.
– გეთანხმებით.
ეთანხმებით, რომ „რვიანი“ ფინიშამდე, ანუ ლოგიკურ დასასრულამდე მიდის?
– „რვიანი“ როცა შეიქმნა, ყველანი ვამბობდით, რომ მაისის ბოლომდე უნდა ყოფილიყო მიღწეული პრინციპული შეთანხმებები. შემდგომ, შემოდგომის პირველ, მეორე ან მესამე თვეს უნდა მომხდარიყო ამის საკანონმდებლო დონეზე ასახვა. ბუნებრივად, მაისის ვადა ჩაშლილია. დარჩენილია მოლაპარაკებების მცირე ვადა, რათა სექტემბრის პირველსავე დღეებში ამის ასახვა მოხდეს კანონმდებლობაში. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე დაგვიანებული იქნება ეს ყველაფერი. ისეთი მოლაპარაკებები, როცა ჩვენ ჩვენი წინადადებები გვაქვს, ისინი კი თავიანთ მოსაზრებაზე რჩებიან, გაუთავებლად ვერ გაგრძელდება. მაშინ ღიად უნდა ვუთხრათ საერთაშორისო და ქართველ საზოგადოებას, რომ ამ მოლაპარაკებიდან არაფერი გამოვიდა. ამ წუთში „რვიანის“ ფინიში, შესაძლოა, ახლოს არის, მაგრამ ხელისუფლებისგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ან „ჰო“, რომ ის მზად არის რაიმე გვითხრას, ან გადაწყვეტით გვითხრას „არა“ და მორჩეს გაუთავებელი ლაპარაკი.
საარჩევნო გარემოს მოგვარებასთან ერთად კვლავ პრობლემად რჩება მედიის თავისუფლება. ოპოზიციური „რვიანი“ ამ მიზნით მედიაექსპერტებს შეხვდა. კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს მედიის გასათავისუფლებლად?
– ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მედიის ჩართულობა მნიშვნელოვანია. თავისთავად, ის, რომ საქართველოში არსებობდეს თავისუფალი პრინციპებით მოქმედი მედია, აუცილებელია. ამ შემთხვევაში, უფრო მეტად, ელექტრონულ მედიასაშუალებებს ვგულისხმობთ, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობენ. ყველა სხვა უფლებასთან ერთად –სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სხვა, საქართველოს მოქალაქეების ეს უფლებაც ილახება. სინამდვილეში, მათ აქვთ უფლება, მიიღონ სწორი, დაბალანსებული ინფორმაცია, რასაც განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა აბსოლუტურად მოკლებულია.
მე გეტყვით ერთ მარტივ ტესტს და საზოგადოებას შეუძლია დააკვირდეს. იმ ტელევიზიებში, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობენ, საღამოს გამოშვებებში ოპოზიციას ვერ დაინახავთ. ნებისმიერი აქტივობა, რაც დღის განმავლობაში ხდება, არ შუქდება. ოპოზიცია გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ცუდი უნდათ, რომ თქვან. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის არსებობას რეგიონებში. ეს ერთი ხელის დაკვრით არ გადაწყდება, ვერ მოგვარდება ერთი ან თუნდაც ათი შეხვედრით, მაგრამ პოლიტიკური ხელშეწყობით საარსებო სივრცის გასაფართოებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.