[სანტიაგო გაუჩო]
თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი „პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.
მსახიობი ტრისტან სალარიძე იხსენებდა:
„შატილში ვიყავით გოდერძი ჩოხელის ფილმის “მიჯაწვული ამირანის” გადასაღებად. მთავარ როლებში არიან დონ კოხოტი – კახი კავსაძე, სანჩო პანსა – გივი ბერიკაშვილი, ლუარსაბ თათქარიძე – რამაზ ჩხიკვაძე და მისი შინაყმა – დათო ვარ მე. ჩემი ვაჟი გიორგი, რომელიც კინოს საოპერატოროზე სწავლობდა, შემეხვეწა, მეც თან წამიყვანეო. ავუსრულე ოცნება და წავედით ხევსურეთში. ეს ჩვევა აქვს რამაზ ჩხიკვაძეს, საიდანაც არ უნდა მოვდიოდეთ, თბილისში რომ შემოვალთ, აუცილებლად უნდა შევიდეს სადმე რესტორანში და კეთილად დაბრუნება აღნიშნოს.
ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ თბილისში ვბრუნდებოდით. ამჯერად, თქვა – მცხეთაში შევიდეთ და ერთი ბოთლი მოვცხოთო. შევედით რესტორანში, მზარეული კიტრს ჭრიდა, ჩვენ ფილმის ფორმებით შევედით, მე და ლუარსაბი – ჩოხებით, გიორგი სპორტულად ჩაცმული, მოხეტიალე რაინდებიც შესაბამისი სამოსელითა და საჭურვლით. უცნაური სტუმრების დანახვაზე მზარეულს დანა გაუვარდა ხელიდან და პირი გაღებული დარჩა. მერე ვიღაცამ უთხრა, მსახიობები არიანო და გონს მოვიდა, გვიცნო კიდეც, თავი სინანულით გადააქნია და შევიდა „მთლად უფროსის“ დასაძახებლად. იმანაც, გაიხარა, გვეფერა და გვითხრა, ჩემს მოსვლამდე ღვინო არ დალიოთო, მოარბენინა ოცლიტრიანი ბოცა და რამაზმაც მოსცხო თამადობა.
კუპეები მიატოვა ხალხმა და ჩვენ შემოგვიერთდა, მთელი რესტორანი ერთ სუფრად იქცა, ჩვენც გაგულისებულებმა „ბოლომდე ამოვცხეთ მწყერ-ოფოფები” და რიჟრაჟიც დავლოცეთ. თუმცა, თამადის გეგმის თანახმად, მხოლოდ ერთი ბოთლი უნდა დაგველია ხუთ კაცს. აი, ასე იქცევა ხოლმე ერთი ჭიქა მთელ ზღვად. მერე გიორგი ამბობდა, თქვენს გვერდით შატილიც ლეგენდაა, მცხეთაც და ყველაზე ღარიბი სოფლის ტალახიანი ორღობეცო. ამით გამოხატა მადლიერება ხევსურული ოდისეისთვის.მეც ასე ვფიქრობ, უფრო დიდ „სულიერ მემკვიდრეობას“ ვერ დავუტოვებ შვილებს, ვიდრე მხიარული და თავშესაქცევი ამბების მოგონებებს“.
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომელ ლალი კოლხიდაშვილს ერთი „ისტორია“ არასოდეს დაავიწყდება:
„კინორეჟისორი ტატო კოტეტიშვილი იღებს ფილმს „ისინი“. მთა-თუშეთში ვართ, მარიამობის დღეა. ღამისთევით ვართ ხატში. ვილხენთ, ვიცინით. ჩვენი გვგონია ქვეყანა. მეზობელი სუფრიდან თვალს გვჭრის, გარმონზე აცეკვებული თითები თუში ქალისა, მღერიან და რას მღერიან. ეროტიკულ, დათაფლულ სიმღერებს სულ წაწლებისა და სწორფერების მონატრებაზე. ბახუსის ეშხში შესული ერთი ჩვენი მსახიობიც ამღერდა: „ტიალი თუშის ქალებიც ბოზები გამოდიანო, აბორტის გასაკეთებლად ახმეტას ამოდიანო“.
ამ სიმღერას წაუყრუეს და არ გამოგვეპასუხნენ. ტატო კოტეტიშვილსაც გული მიეცა და ახლა მან წამოიწყო ფოლკლორული შედევრები ზოგი ლექსათა, ზოგიც სიმღერით, ექსპრომტად.
„გავუშლი გიშრის დალალსა გავჟიმავ თუშის ქალასა ვერ გამაკვირვებს ვერავინ
მაჭახელაის სროლითა, ვერც ბედაური ლექსითა ვერც თუშის ქალთან წოლითა“.
ჩათავდა თუ არა სიმღერა, გონზე მოვიდნენ გულფიცხი თუშები, ამოცვივდნენ სუფრიდან და დაერივნენ ჩვენს შემთვრალ არტისტებს. „დიაცთა მანდილებმა“ ძლივს დააშოშმინეს გაცოფებული ქმრები და მაზლები. ჩვენც შევწყვიტეთ ლხინი, რომ ხიფათს ავრიდებოდით“.
სურათი „ხარება და გოგიას“ გადაღება თავიდანვე კურიოზებით დაიწყო. გიორგი შენგელაია ომარ ფხაკაძესთან მივიდა და უთხრა, ლევან თედიაშვილთან ჭიდაობა მოგიწევს, გოგიას როლზე უკვე დავამტკიცე და შენ გთვლის ნამდვილ პარტნიორადო. ომარმა უპასუხა, ხომ დეკემბერია, შენი გულისთვის, თუ გინდა, მტკვარში ჩავდგები ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ოღონდ რაც არ შემიძლია, იმას ნუ მაიძულებთო. იგივე უთხრა თედიაშვილსაც – ომარს შენს გარდა არავინ უნდა გოგიას როლში, ნამდვილ ფალავანთან თუ იკადრებ ჭიდაობასო? ვერც ერთი „შეახვია“ ადვილად გიორგი შენგელაიამ. გამოსავალი მაინც ნახა. პატიაშვილის დავალებით ენუქიძემ სთხოვა მომავალ „ხარებასა და გოგიას“, ბიჭებო, ოღონდ დათანხმდით ახლა გიორგის და ჩვენი მხრიდან, სულ მწვანეზე ივლითო. მოიდრიკნენ ლომები და ფილმის გადაღება დაიწყო.
მსახიობი გია ჯაფარიძე იხსენებდა:
„ტყის ეპიზოდების გადაღებისას მართლა ფირალებივით ვცხოვრობდით. მოსახლეობიდან არც მწვადი მოგვკლებია და არც ხაჭაპური, ბოცების დაცლას ვერ ვასწრებდით, ისე მოდიოდა ახლები. ერთი შემთხვევა მაინც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.
იმ ღამეს ვიქეიფეთ თელავში. „აფსაითი“ ერქვა იმ „პივნოი ბარს”, სადაც პახმელიაზე გამოვდიოდით. რაკი გადაღება დამთავრებული გვქონდა და თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით, დიდი ამბით გამოვეთხოვეთ „აფსაიდის“ მომსახურე პერსონალს იმ იმედით, რომ ოდესმე ისევ შევხვდებოდით. ამ დროს თავზე დაგვადგნენ მეღვინეთუხუცესის ბიძაშვილები აწყურიდან, არა გრცხვენიაო? – დაუწყეს ნამუსზე შეგდება, მთელი კახეთი ყანწების სმით შემოიარეთ და ჩვენს უნახავად აპირებდი წასვლასო? –გესტუმრებით, არ არის პრობლემაო, - დაამშვიდა თედიაშვილმა აწყურელი მეღვინეთუხუცესები. იმ ღამეს აწყურში შევუბერეთ.
მეორე დილას კვლავ გამოვეცხადეთ „აფსაითს“, კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ, ახლა უკვე საფუძვლიანად, მაგრამ ახლა სხვა კარგმა ბიჭებმა შუამთის რესტორანში ამოგვაყოფინეს თავი. ჯერ ვიუარეთ, კოლელიშვილმა თქვა, რაღა მაინცდამაინც თელაველები უნდა გავანაწყენო აქაურმა კაცმაო და უარის მთქმელებს დაგვიბრიალა თვალები. ღამე იმავე სასტუმროში გავათენეთ, საიდანაც ოთხი დღის წინათ წავედით და ყველა ნაცნობს გულთბილად დავემშვიდობეთ.
არ დაიჯერებთ და კიდევ სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილებში გვეპატიჟებოდნენ საქეიფოდ. დილაობით ტრადიციულად „აფსაითში“ შევდიოდით და ნაცნობებს კიდევ ერთხელ ვემშვიდობებოდით. ბოლოს და ბოლოს მეექვსე დღეს გვეღირსა თელავიდან გამოსვლა. თბილისამდე მაინც ვერ ჩამოვაღწიეთ. ოთარ მეღვინეთუხუცესმა სოფელ მანავს ვერ ჩაუარა გულგრილად და შიგ ქარხანაში მანავის მწვანეც დავაჭაშნიკეთ. ერთი დღეც იქ გავჩერდით და წამოსვლიდან ერთ კვირაში დავბრუნდით ოჯახებში, სადაც ჩვენს ცოლებსა და შვილებს უკვე გამოგლოვილი ვყავდით“.