საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაციის 4 მოსამართლე იმუშავებს. სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაცია 1-ლი აგვისტოდან შეიქმნა.
“უფრო არგუმენტირებულად იქნება განხილული ბიზნეს დავები, ასევე გაიზრდება დასაბუთებულობის ხარისხი და შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მსგავსი დავების განხილვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადი პრეტენზია და უკმაყოფილება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებითაა”, - აცხადებს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.
კომერციული დავების სპეციალიზაციას თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია განიხილავენ. ამასთან, ეს მოსამართლეები იმ სამართლებრივ დავებს განიხილავენ, რომელთა დავის საგანი 500 000 ლარს ზევით წარმოადგენს.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სასამართლო რეფორმის ახალ, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც კომერციული დავების განმხილველ სპეციალურ პალატას შეეხება.
“ამ ფონზე, ვიდრე ხსენებული რეფორმის განხორციელებას გარკვეული დრო ჭირდება, სასამართლო სისტემის ძალიან წარმატებულ სვლად უნდა მივიჩნიოთ თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული მოსამართლეების გამოყოფა. ბიზნესი ყოველთვის წუხდა გაჭიანურებული ვადების გამო და როგორც ჩანს, სასამართლომ ამ პრობლემის სწრაფი გადაჭრა გადაწყვიტა, რაც არა მხოლოდ ვადებს დააჩქარებს, არამედ ამ მიმართულებით მართლმსაჯულების ხარისხსაც გააუმჯობესებს.
შესაბამისად, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბიზნესისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა მდინარაძემ.
სხვაგვარად უყურებენ ამ საკითხს ბიზნესომბუდსმენის აპარატში. ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ძნელაშვილი მართალია
მიესალმება სასამართლო ხელისუფლების მისწრაფებას ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას საქართველოში, მაგრამ ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება ეფექტური, თუ დავების განხილვა ისევ დროში გაიწელა.
“დავის საგნის ღირებულების მიხედვით ცალე სპეციალიზაციის გამოყოფა არაა კარგი გადაწყვეტილება. ამას სჯობდა, სამოქალაქო კოლეგიაში კიდევ უფრო მეტი სპეციალიზაცია დაემატებინათ, ვიდრე დავის საგნის ღირებულების მიხედვით ცალკე სპეციალიზაცია გამოეყოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად, სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1-მილიონიანი დავა რომ იყოს, ეს უნდა განიხილოს სპეციალიზებულმა მოსამართლემ კანონით დადგენილ ვადებში და ამ დროს მსგავსი დავა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. პარალელურად კი, შეიძლება ბიზნესს წლები გაუგრძელდეს ე.წ. გამოსახლებასთან დაკავშირებული დავები, რადგან როგორც ცნობილია, „საპოლიციო გამოსახლების წესი“ აიკრძალა.
ამიტომ ვამბობ, რომ დავის საგნის ღირებულების მიხედვით დავების კატეგორიზაცია არაა მიზანშეწონილი. ჩვენ ხომ მდიდრების სასამართლოს არ ვაკეთებთ, რომ მდიდრების დავები მალე დასრულდეს და დანარჩენების - გვიან?!“, - განუცხადა “ბიზნესკონტრაქტს~ ზურაბ ძნელაშვილმა.
ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის ბიზნეს დავების და ბიზნესისთვის, ეს უფრო მეტად სასამართლოს კონკრეტულ მოსამერთლლებს აძლევს იმის საშუალებას, რომ განიტვირთოს კონკრეტული მოსამრთლე.
“ბიზნსზე ეს რანაირად არ აისახება. საქალაქო სასამართლოში, ერთ მოსამართლეს 1100 და მეტი საქმე აწერია, ამით ამ საქმეთა რაოდენობა არ შემცირდება. კონკრეტულ მოსამრთლეებს ექნებათ უფრო ნაკლები საქმე და სულ ეგ არის. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არავის სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღო, პირიქით, კიდევ ერთხელ გვჩვენა, რომ ვერ უმკლავდება ეს ორგანო არსებულ რეალობას!” - აღნიშნა ჩარგეიშვილმა.