მოსკოვის

მოსკოვის "შურისძიების" სავარაუდო სცენარები

“რუსეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს აშშ-რუსეთს შორის სავაჭრო ომს უწოდებს, აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას საბოლოო წერტილი დაესვა და ახლა უკვე მოსკოვის საპასუხო ნაბიჯების ჯერი დგება. რუსულ მედიასთან კომენტარში ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების მიღებას არ გეგმავს, მაგრამ, პოლიტოლოგთა აზრით, ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. ეს არ გამორიცხავს, რომ ამერიკული სანქციების წინააღმდეგ რუსეთმა პროვოკაციები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების, უპირველესად, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმოს. მით უფრო, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატული დიდი მხარდაჭერის და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის პარალელურად ნატო-ს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ კრემლმა თბილისისთვის ერთგვარი პოლიტიკური დემარში უკვე დააანონსა. 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს იმის მე-9 წლისთავზე ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის და მოსკოვიდანაც მკაფიოდ განმარტეს, რომ ეს არის აშშ-ის საქართველოში გააქტიურებაზე პასუხი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოსკოვის "შურისძიების" სავარაუდო სცენარები / რით უპასუხებს რუსეთი აშშ-ის ახალ სანქციებს და იქნება თუ არა ამ პასუხში საქართველოს "დასჯა"

"თბილისში აცხადებენ, რომ პუტინის ვიზიტი სწორედ 8 აგვისტოს კიდევ ერთი პროვოკაციაა რუსეთის მხრიდან და ხელისუფლება არ დაუშვებს, რუსეთის მსგავს პროვოკაციებს წამოეგოს."რუსეთის მიზანია, იყოს დესტაბილიზაცია, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას, ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონი სენატმა გასულ კვირას მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო რუსეთს დამატებით შეზღუდვებს აკისრებს. სანქციები შეეხება ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებს. სანქციების მიზანი პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეა ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის“, - აღნიშნავს გამოცემა

"ახალი სანქციების დაწესებაზე ხელმოწერის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით იქნება რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ. საპასუხო განცხადებებმა არც კრემლიდან დააყოვნა. "ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო," - ამბობს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ სანქციები არის სავაჭრო ომი და "რუსეთი საკუთარ ინტერესებს დაიცავს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს." რუსი პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ კრემლის პასუხი აშშ-ის სანქციებზე, შესაძლოა, იყო კიდევ ერთი კონფლიქტის შექმნა. "პასუხი სანქციებზე, შესაძლოა, იყო კიდევ ერთი კონფლიქტის შექმნა, პროვოკაციები უკრაინასა და სამხრეთ ოსეთში. ვფიქრობ, რუსეთი მომავალშიც განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, სირიაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსი პოლიტოლოგის კონსტანტინ ბაროვოის თქმით, პროვოკაციები და იმპერიული მისწრაფებები პუტინისა და მისი გარემოცვისთვის ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებაა. პუტინისათვის რუსეთის გამოსვლა უკრაინიდან და საქართველოდან, ასევე, დნესტრისპირეთში პროვოკაციების ორგანიზების შეწყვეტა მმართველობის დაკარგვას ნიშნავს. ძალისმიერი მოქმედება რუსეთზე მოქმედების ყველაზე ეფექტური საშუალებაა," - განაგრძობს გამოცემა

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორის პაატა გაფრინდაშვილის თქმით, შეიძლება პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო საშიში გახდეს და რუსეთის მხრიდან საქართველოში პროვოკაციებს არ გამორიცხავს. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ რაიმე სიკეთეს რუსეთისგან არ უნდა ველოდოთ, პირიქით - გააძლიერებს თავის ანექსიურ პოლიტიკას, ე.წ. ბორდერიზაციას და სხვა მავნებლურ და მანკიერ გამოვლინებებს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მე ველოდები, რომ რუსეთს ნელა, მაგრამ მაინც მოუწევს საერთაშორისო სამართლის ველში დაბრუნება, ვგულისხმობ ანექსიური საფრთხეების განეიტრალებას და დეოკუპაციის დასაწყისს. საერთაშორისო თანამეგობრობა საბოლოოდ შეთანხმდა, რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს," - ამბობს გაფრინდაშვილი. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, სანქციების საპასუხოდ რუსეთი უფრო უკრაინის მიმართულებით შეიძლება გახდეს ხისტი, ვიდრე საქართველოს მიმართულებით, მაგრამ დამშვიდების საშუალება ჩვენ მაინც არ გვაქვს. კაკაჩიას თქმით, დამშვიდებულები ვერ ვიქნებით, რადგან ის ჟესტი, რომ პუტინი 8 აგვისტოს შეიძლება აფხაზეთში ჩავიდეს, არის პოლიტიკური ჟესტი, ნაწილობრივ პასუხია მაიკ პენსის თბილისში ვიზიტზე და, ასევე, გარკვეული წნეხია უკრაინასა და საქართველოზე. თუ აქამდე რუსეთი, განსაკუთრებით უკრაინაში, ცდილობდა, კონფლიქტი გაეყინა და აქტიურ ფაზაში არ გადაეყვანა, ახლა შეიძლება ეს შეიცვალოს. ასევე, გამორიცხული არ არის, ცვლილებები მოხდეს სირიასთან და საქართველოსთან მიმართებით, უფრო ხისტი გახდეს პოზიცია ამ ე.წ. ბორდერიზაციასთან მიმართებით. ამ ეტაპზე მაინც უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ვიდრე საქართველო. თან, რუსეთს არ სურს, ბოლომდე დაწვას ხიდები საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან," - დასძენს გამოცემა

"კაკაჩიას თქმით, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით და ეს წინასწარ დაანონსებული პროცესი შეიძლება კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. ასევე, არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთს მოუნდა, სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთებაზე საუბარი ისევ განახლდეს. კაკაჩია ამბობს, რომ განსაკუთრებით სახიფათო ჩვენთვის მომავალ წელს რუსეთში დაგეგმილი არჩევნებია, რადგან არჩევნების მოახლოებასთან ერთად პუტინმა რეიტინგის აწევისთვის უკრაინასა და საქართველოში, შესაძლოა, პატარა ავანტიურები დაგეგმოს“, - წერს სტატიის ავტორი