[მერაბ ბრეგაძე]
ივნისის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, „ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“; თუმცა, ეს ინფორმაცია გაერო-ში ამ ქვეყნის ელჩმა არ დაადასტურა. საქართველოს ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით, ვანუატუს ახალმა მთავრობამ აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა. სოხუმში კი, ჯიუტად „პირველ ჩვენებას აწვებიან“.
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის სერგეი შამბას განცხადებით, ვანუატუს ახალ მთავრობას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება არ გაუუქმებია. შამბას განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. მისი თქმით, ქართული მხარის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვანუატუს ახალმა მთავრობამ მისი წინამორბედის გადაწყვეტილება გააუქმა, დეზინფორმაციაა:
„ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ვანუატუს მთავრობას მიმართოს. ეს განსაკუთრებული შრომის გარეშეა შესაძლებელი – ინტერნეტით არის შესაძლებელი დაკავშირება“.
შამბას თქმით, ქართული მხარის ამ ქმედებებში „ლოგიკას ვერ ხედავს“ და მიზნის კომენტირებაც უჭირს. ამასთან, „პრემიერი“ აცხადებს, რომ გაერო-ში ვანუატუს ელჩზე ქართველებმა ზეწოლა განახორციელეს:
„დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ შეთანხმებას პრემიერთან მოვაწერეთ ხელი. ქართული მხარის იმ განცხადებების შემდეგ, გაერო-ში ელჩი სამშობლოში გამოძახეს იმის გამო, რომ მან არასწორი განცხადება გააკეთა. ეს განცხადება კი მან იმის გამო გაკეთა, რომ მასზე ქართული ეროვნების ადამიანებმა ზეწოლა მოახდინეს, რომლებმაც დააშინეს ეს ადამიანი, მივიდნენ, კამერით ჩაწერეს და შემდეგ ეს კადრები თბილისში გაგზავნეს. ეს მათთვის დამახასიათებელი პროვოკაციაა“.
შამბასგან განსხვავებული ბოლო მონაცემები აქვს, მის მემკვიდრე „საგარეო მინისტრ“ მაქსიმ ღვინჯიას. მისი თქმით, „სოხუმი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ვანუატუს ახალი ხელისუფლებისგანაც ელის“.
ღვინჯიას თქმით, მას „გული არ დასწყვეტია, როდესაც ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო“:
„ვიცი, რომ ხელისუფლება შეიცვალა. მოქმედი პრემიერი პრემიერად შემდეგ არჩევნებამდე რჩება. თუმცა თუ იგი წინამორბედი მთავრობის შეთანხმების ანულირებას მოახდენს, ეს მისი პირადი ინიციატივა იქნება“.
ამასთან, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ვანუატუს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდა, მისი პრეს-რელიზი თბილისის რიტორიკას ჰგავს და ახალმა პრემიერმა საკუთარი გადაწყვეტილებით, მოკავშირეებისგან დამატებითი ქულები მიიღო“.
როგორც ჩანს, შამბა და ღვინჯია განსხვავებული ინტერნეტკავშირით სარგებლობენ და პოზიციებში შეუთანხმებლობაც ამით უნდა იყოს გამოწვეული.
„ვანუატუს ახალმა მთავრობამ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიის და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ალექსიძემ განუცხადა:
„17 ივნისს გავრცელდა ვანუატუს ახალი მთავრობის პრეს-რელიზი, რომლის თანახმადაც დღევანდელი მთავრობა უკან იწვევს და აუქმებს წინა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების თაობაზე“.
ალექსიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ვანუატუს ახალი მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს:
„ეს ადასტურებს ასევე, რომ ვანუატუს წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო შეცდომა და გაუგებრობა“.
ცნობისთვის, ვანუატუ – წყნაროკეანური სახელმწიფო, შედის მელანეზიის შემადგენლობაში; ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოლომონის კუნძულების ტერიტორიული წყლები, დასავლეთიდან – ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, სამხრეთიდან – ახალი კალედონიის წყლები, ხოლო აღმოსავლეთიდან ფიჯის ტერიტორიული წყლები. დედაქალაქი პორტ-ვილა. სახელმწიფო განფენილია ახალი ჰებრიდების 83 კუნძულზე.
ვანუატუ თავდაპირველად პოლინეზიელებით იყო დასახლებული. ევროპელებმა, კერძოდ ესპანურმა ექსპედიციამ ის 1605 წელს აღმოაჩინა. 1880-იან წლებში, ვანუატუს ნაწილებზე პრეტენზიას გამოთქვამდნენ საფრანგეთი და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.
1906 წელს მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ახალი ჰებრიდის კუნძულები მათ ერთობლივ მმართველობაში, ბრიტანულ-ფრანგულ კონდომინიუმში გადავიდა.
დამოუკიდებლობისათვის მოძრაობა 1970-იანი წლებიდან დაიწყო და ვანუატუ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1980 წელს შეიქმნა.
რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, 2011 წლის მაისის ბოლოს მოსკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვანუატუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარა და ეს „აფხაზური დიპლომატიის გამარჯვებად“ შეაფასა;
თუმცა, გაეროში ვანუატუს ელჩმა ეს ინფორმაცია არ დაასტურა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.
„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გვაქვს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და ვფიქრობთ, მალე დავამყარებთ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს“ - განაცხადა ელჩმა, დონალდ კალპოკასმა.