„უარესი, ვიდრე ობამას დროს“ – ამერიკის ახალი სანქციები რუსული ბიზნესის წინააღმდეგ

„უარესი, ვიდრე ობამას დროს“ – ამერიკის ახალი სანქციები რუსული ბიზნესის წინააღმდეგ

ამერიკა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციები კი იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს  დაწესდა. „უარესი, ვიდრე ობამას დროს“ – სწორედ ასეთი შეფასება მოჰყვა რუსულ მედიაში ამერიკის კონგრესის ორივე პალატის მიერ შემუშავებულ სანქციების პაკეტს. აღნიშნული პაკეტის მიხედვით აშშ–ს შესაბამის ორგანოებს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი ბიზნესმენების აქტივების გაყინვის მითითება ეძლევათ, მთავარი „სამიზნეები“ კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან.

სანქციები ემუქრება თითქმის მთელს მსხვილ რუსულ ბიზნესს, რაზეც მიუთითებს კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი. კერძოდ, აშშ-ს ფინანსთა სამინისტომ,  დაზვერვამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 თვეში უნდა შეაგროვონ ინფორმაცია რუსი ბიზნესმენების შესახებ, უნდა დადგინდეს მთელი მათი აქტივები, მათ შორის უცხოურიც, გაირკვეს მათი კაპიტალის წარმოშობის წყარო, მათი როლი რუსეთის ეკონომიკაში და რაც მთავარია, ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის მმართველი  ელიტის სხვა წარმომადგენლებთან კავშირის ხარისხი.

როგორ იქნება გამოყენებული ეს ინფორმაცია - გაურკვეველია და კანონპროექტის ტექსტიც იძლევა თავისუფალი ინტერპრეტაციის მრავალ შესაძლებლობას. ალბათ, ყველა მსხვილი რუსი ბიზნესმენის ოფისში, კედელზე მოიძებნება  სურათი, სადაც ისინი არიან რუსეთის პრეზიდენტთან ერთად. არის თუ არა ეს საკმარისი მიზეზი სანქციების დაწესებისთვის? არავინ არ იცის, რადგანაც პროექტში არ არის მითითებული ზუსტი განსაზღვრა იმისა, თუ რას ნიშნავს „ პრეზიდენტთან სიახლოვე“.

ასევე შეიძლება გაიყინოს ნებისმიერი ეჭვმიტანილი რუსი ბიზნესმენის აქტივები  არა მარტო აშშ-ში, არამედ ვაშინგტონის გავლენის ქვეშ მყოფ ბევრ ქვეყანაში. თანაც ისე, რომ გაყინული აქტივების დაბრუნება თითქმის შეუძლებელი იქნება.

რუსი ადვოკატის ალექსანდრ ტრეშევის აზრით, ამერიკელები თვლიან, რომ შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ ყველგან, სადაც არის დოლარი, ანუ, მთელს მსოფლიოში.

„სავარაუდოდ, თუ რუს მაღალჩინოსნებს გააჩნიათ დოლარებზე ნაყიდი აქტივები, ამერიკელები მათ ადგვილად გაყინავენ. საუბარია როგორც ანაბრებზე, ასევე უძრავ ქონებაზე და ფასიან ქაღალდებზე“ - ამბობს ის.

პირველი, ვისზეც შეიძლება „გადატყდეს ჯოხი“ - არის რუსი ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი, რომელსაც აქვს მიღებული  ჯილდო პუტინისგან და ამავე დროს, ის ფლობს საკალთბურთო კლუბს და სავალუტო ანგარიშებს შტატებში. ან რუსი ბიზნესმენი მიხაილ  ფრიდმანი, რომელიც ფლობს შტატებში რამდენიმე მსხვილ კომპანიას, მათ შორის, სამრეცხაოების ქსელს. ეს შენაძენი  მას დაუჯდა 1,5 მლრდ დოლარი და ახლა ის შეიძლება გახდეს ექპროპრიაციის ერთ-ერთი პირველი სამაგალითო ობიექტი.

ბიზნესმენების და მათი ქონების ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს - ვილები, იახტები, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები, ამერიკური ბიზნეს-კომპანიები და საწარმოები... ამ ეტაპზე მთელი ეს ქონება საფრთხის ქვეშაა.

რუსეთის ენერგოუსაფრთხოების ფონდის დირექტორის კონსტანტინ სიმონოვის აზრით,  რუს ოლიგარქებს კარგად ესმით, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს დიდი ხანია შეგროვებული აქვთ მთელი ინფორმაცია მათ შესახებ.

„რა თქმა უნდა, არაფერი რომც არ მოხდეს, განწყობა მაინც იქნება ნეგატიური. და სწორედ ესაა ძირითადი ამოცანა. პირველ რიგში ამერიკული ბიზნესი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ არანაირი „გადატვირთვა“ არ იქნება“  - თვლის სიმონოვი.

მისი აზრით, ახალი სანქციები სერიოზულად გაურთულებს ცხოვრებას რუს მილიარდერებს.

„მათი რუსული კომპანიები ყოველთვის საფრთხის ქვეშაა და როგორც  პრაქტიკა აჩვენებს, მათ ხშირად ართმევენ ბიზნესს. ახლა კი გაურკვევლობა ელის მათ უცხოურ აქტივებს, რომლებიც აქამდე ითვლებოდა სანდო კაპიტალდაბანდებად“ - აცხადებს ექსპერტი.

თუმცა თვლის, რომ აქამდე საქმე შეიძლება არც მივიდეს, რადგანაც ამერიკული კომპანიები  ფლობენ დიდი რაოდენობის აქტივებს რუსეთში და საპასუხო სანქციები შესაძლებელია იყოს დამაზიანებელი მათთვისაც, საუბარია ისეთ გიგანტებზე, როგორც Boeing, General Electric, Ford, Pepsico, Procter & Gamble, Exxon Mobil.

ექსპერტი კონსტანტინ გააზე თვლის, რომ ახალი სანქციები ასევე ურტყამს „გაზრპომის“ პოზიციებს ევროპაში.

„ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა არ აერია ერთმანეთში ამერიკის ბიზნეს-ინტერესები და პოლიტიკური რიტორიკა. როგორც ჩანს,  სიტუაცია შეიცვალა. თუ სანქციები საბოლოოდ შევა ძალაში, უახლოეს 20 წელიწადში რუსეთი დაკარგავს ევროპის გაზის ბაზრის ნახევარს“ - განაცხადა მან.

სანქციები ზღუდავს რუსული ენერგეტიკული კომპანიების დაკრედიტებას, კრძალავს ტენოლოგიების გადაცემას და ინვესტიციებს გაზის და ნავთობის მოპოვებაში. ეს ეხება მაგალითად, ისეთ თემას,  როგორც მილების ჩაწყობა ნავთობ და გაზსადენებზე, რასაც ახორციელებენ უცხოური კომპანიები, რადგანაც რუსებს ამის ტექნოლოგიური საშუალება არ გააჩნიათ.

სერიოზულ დარტყმას მიიღებენ რუსეთის ისეთი სტრატეგიული ენერგოპროექტები როგორც „ჩრდილოეთ ნაკადი“,  რუსეთ-თურქეთის ერთობლიბი პროექტი „ცისფერი ნაკადი“, თხევადი გაზის პროექტები და ა.შ.

ექსპერტის ნიკოლაი ნესტეროვის აზრით,  სანქციებში აშკარად ჩანს რუსული გაზის და ნავთობის ინდუსტიის „მიხრჩობის“ და ევროპაში მისი ადგილის დაკავების სურვილი.

სანქციები ასევე შეეხება პირებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსეთის ან რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან.  სანქციების ქვეშ ასევე მოხვდებიან მათი ოჯახების წევრები და ახლო ნათესავები - მათი ქონება აშშ-ში იქნება გაყინული, მათი ოჯახები კი - დეპორტირებული.

ამჟამად რუსეთი მუშაობს საპასუხო მოქმედების გეგმაზე, თუმცა ნებისმიერი საპასუხო ეკონომიკური სანქცია მოსკოვის მხრიდან, არა ნაკლებად მტკივნეული იქნება თვითონ რუსებისთვის, ვიდრე ამერიკელებისთვის. მაგალითად, განიხილება რუსეთიდან ამერიკაში ტიტანის ექსპორტის აკრძალვა, რაც მტკივნეული იქნება ამერიკელებისთვის - ამჟამად რუსული ტიტანის ძირითადი მომხმარებელია „ბოინგი“, რომელიც ამ მასალის მესამედს იღებს სწორედ რუსეთიდან.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამერიკა ტიტანის მწარმოებლებისთვის არის გასაღების ძირითადი ბაზარი, რომლის დაკარგვაც საკმაოდ მტკივნეული იქნება თავად  რუსეთისთვის. ასეთივეა სიტუაცია რუსეთის ეკონომიკის ყველა იმ დარგში, რომელიც წარმოადგენს ინტერესს აშშ-სთვის.

სანქციების გაფართოების წინააღმდეგ გამოდის ევროკავშირი, რადგან იქ თვლიან, რომ ახალი სანქციების მიზანია აშშ-ს ეკონომიკური სარგებელი და არა უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება. ევროპელი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კანონპროექტში ღია ტექსტითა არის ნათქვამი – აშშ-მ უნდა განდევნოს რუსეთი ევროპული ბაზრიდან.

სანქციები ემუქრება რუსულ პროექტებში ჩართულ ევროპულ კომპანიებს, თანაც ძირითადად ესაა მსხვილი, სისტემური კომპანიები - ისეთები, როგორც ავსტრიული OMV,  გერმანული BASF, ბრიტანული BP, იტალური Eni და ჰოლანდიური Shell.

26 ივლისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამჟამად მიღებულ შერბილებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია ევროპის ზოგიერთი შენიშვნა, თუმცა მთლიანობაში ის მაინც ზემოქმედებს ევროპის ენეგრეტიკულ დამოუკიდებლობაზე. კერძოდ, შენარჩუნებლია ისეთი პუნქტები, როგორც სანქციების შემოღება ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ახორციელებს რუსული მილსადენების რემონტს, მომსახურეობას და მოდერნიზაციას. ევროკომისარებმა განაცხადეს, რომ მიიღებენ საპასუხო ზომებს აშშ-ს მიმართ, თუმცა არ დაუზუსტებიათ რა ზომებზეა საუბარი.

„ევროკავშირი როგორც წესი უჭერს მხარს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაში  ჩანს დასავლეთის შეუთანხმებლობა ამ საკითში, რადგანაც საქმე ეხება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“ - განაცხადა ევროკომისიის თავჯდომარემ  ჟან-კლოდ იუნკერმა.

„პრინციპი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის ინტერესები ბოლო ადგილზეა“ - თქვა მან.

ამ ეტაპზე პროექტი უკვე დაამტკიცეს სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ. ბოლო სიტყვა არის  პრეზიდენტ ტრამპზე, რომელმაც უნდა მოახდინოს ახალი სანქციების რატიფიცირება - ამ პირიქით,  დაადოს ვეტოს. სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს ამ კანონპროექტს, რადგანაც მას სხვა არჩევანი არ აქვს. ჯერ ერთი – კონგრესის ერთსულოვნებიდან გამომდინარე ვეტო ადვილად დაიძლევა, მეორეც -  ტრამპს ისედაც სერიოზული პრობლემები აქვს რუსეთთან მისი დამოკიდებულების კუთხით და ამ სიტუაციაში ის ვერ გაბედავს ვეტოს დადებას, რომელიც აუცილებლად აღიქმება როგორც აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან რუსეთის ინტერესების დაცვა. დღეს დონალდ ტრამპს ამის ფუფუნება არა აქვს.

თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით დააფიქსირა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მან შეაფასა ახალი სანქციების დაწესება როგორც „გეოპოლიტიკური უპირატესობის გამოყენების მცდელობა დამამძიმებელ გარემოებში და განსაკუთრებული ცინიზმით“. მისი თქმით, რუსეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუმცა ადრე თუ გვიან ეს იქნება გარდაუვალია.

„რაღაც პერიოდში აუცილებელი იქნება პასუხის გაცემა, რადგანაც შეუძლებელია ამ თავხედობის უსასრულოდ მოთმენა“ - განაცხადა პუტინმა.

რუსეთმა უკვე მიიღი გარკვეული საპასუხო ზომები, თუმცა ისინი ატარებენ ძირითადად სიმბოლურ ხასიათს - კერძოდ, შემცირდა რუსეთში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელთა რაოდებობა და ასევე ყადაღა დაედო აშშ-საელჩოს უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს - აგარაკებს და სასაწყობო ფართს.