ბოლო წლების რთველის სუბსიდირების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე სახელმწიფო ხარსისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე თანადაფინანსებაზე უარს ამბობს. განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლიდან შეიზღუდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების სხვა რეგიონში გადამუშავების მიზნით გატანა.
ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და მანავის მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2017 წლის რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობას ახლებური მიდგომა ექნება, რის საფუძველსაც მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობა იძლევა.
„ბოლო წლების ღვინის ექსპორტის ტენდენცია მზარდია და მეღვინეობის დარგის მიმართულებით კონიუნქტურა ძალიან გაჯანსაღებულია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რთველის პროცესი ჩაივლის ორგანიზებულად და კერძო სექტორის მხრიდან იქნება დიდი დაინტერესება და მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის გადამუშავების ნაწილში სუბსიდია საჭირო აღარ იქნება ისეთ ძირითად ინდუსტრიულ ჯიშებზე როგორც საფერავზე, ისე - რქაწითელსა და კახურ მწვანეზე“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს ბრენდის წარმოების ხელშეწყობას სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტებით.
„ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბრენდის ხარისხი და შესაბამისად წარმოების პროცესი არის გაუმჯობესებული და გვექნება კომპენსაცია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აწარმოებენ ბრენდს და ყურძნის კონცენტრირებულ ტკბილს, ისინი მიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან 35 თეთრს, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს კონკურენტუნარიანი და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია პროცესში ჩასართავად. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საბრენდე სპირტის წარმოებას, რომელიც შემავსებელი ინდუსტრიაა ღვინის სექტორთან ერთად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
2017 წელს ყურძნის შესყიდვისთვის იაფი აგროკრედიტი შენარჩუნდება.
შეღავათიანი აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის შესაძლებელი გახდება სეზონზე ყურძნის შესაძენად მიიღონ იაფი ფულადი რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ფერმერებისგან ყურძნის შესაძენად.
სესხის მაქსიმალური ვადა ღვინის მწარმოებელი ყურძნის ჩამბარებლებისათვის 15 თვე იქნება, სესხის მაქსიმალური ვადა ყურძნისგან სპირტის გამოხდის შემთხვევაში - 36 თვე. სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ღვინის წარმოებისათვის - 20 000-10 000 0000 ლარი; სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით - 20 000 - 15 000 000.
ლარი; როგორც ღვინის წარმოებისათვის ასევე სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში საწარმოების მიერ, სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.
2017 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, განკარგულების თანახმად, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი. ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები.