„იდეალური იქნება მაგ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება“ - ასე ეხმაურება ”კომერსანტთან“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის ინიციატივას, რომელიც ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენებას ითვალისწინებს.
„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რაც დადგება დღის წესრიგში, თბილისის იპოდრომის გამოსყიდვის ინიციატივა იქნება“, - ეს განცხადება ზაალ უდუმაშვილმა ორიოდე დღის წინ გააკეთა.
„ეკოლოგები ამ ადგილს ყოველთვის უწოდებდნენ, როგორც თბილისის ფილტვებს. დღეს ეს ტეროტორია მთლიანად ერთი ადამიანის საკუთრებაა. ის ბიძინა ივანიაშვილის კუთვნილებაა. საერთოდ, უცნობია თბილისელებისთვის, ხვალ რა იქნება ამ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ აქ ინფრასტრუქტურა მოუწყობელია და ტრიალი მინდორია, უამრავი თბილისელი ყოველდღიურად მაინც მოდის სავარჯიშოდ ან უბრალოდ სასეირნოდ. თუმცა შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში აქ ჩვენ მივიღოთ რკინა-ბეტონის ახალი კონსტრუქციები და მივიღოთ ახალი ბეტონის ჯუნგლების უბანი, როგორც თბილისის სხვა რაიონებშია. თბილისს უნდა დავუბრუნოთ იპოდრომი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში პირველი, რაც დადგება დღის წესრიგში, ეს იქნება თბილისის იპოდრომის გამოსყიდვის ინიციატივა. აქ უნდა გაშენდეს დედაქალაქის ცენტრალური პარკი სრული ინფრასტრუქტურით, სადაც ათასობით თბილისელი ყოველდღიურად შეძლებს მოსვლას და დასვენებას ოჯახებით. უნდა დავუბრუნოთ ამ ქალაქს მეტი სიმწვანე და მეტი სუფთა ჰაერი ჩვენს შვილებს, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ტერიტორია ეკუთვნის ინვესტ კაპიტალს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია, რომელმაც ეს ტერიტორია 2009 წელს შეიძინა. ამასთან, როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, პარკის გასაკეთებლად წელიწადნახევარი საკმარისი იქნება. აქ უკვე გაზრდილი ხეები უნდა გადმოვრგოთ, რომ ელემენტარულად ჩრდილი და სუფთა ჰაერიც მეტი იყოს, თუმცა ამაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ასწლოვანი ხეების გადმოტანა აჭარიდან, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენების იდეას იწონებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი.
„როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საუბრობენ, ცოტა სასაცილოა. მათი მმართველობის პერიოდში მოხდა მაგ ტერიტორიის პრივატიზება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა და გადაარჩინა ეგ ტერიტორია. ამიტომ სისულეებს და სხვისი იდეების გაჟღერებას თავი დაანებონ.
რაც შეეხება იდეას, მშვენიერია. მხოლოდ მივესალმები, თუ ბიძინა ივანიშვილი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალურ პარკს გააკეთებს. სხვათაშორის, მანდ უკვე გაკეთებულია სანერგე მეურნეობა, რომელიც ასევე ივანიშვილმა გააშენა. თუ ცენტრალურ პარკსაც გააკეთებს, ეს იქნება თბილისისთვის საშვილიშვილო საქმე. ერთად ვთხოვოთ ბიძინა ივანიშვილს. იდეალური იქნება მანდ თბილისისთვის ცენტრალური გამწვანებული სივრცის გაკეთება, ისედაც მიჩვეულია ხალხი მაგ ტერიტორიას როგორც დასვენების ადგილს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზაზა ხუციშვილმა.
თბილისს ცენტრალური პარკი ნამდვილად სჭირდება, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და მისი შესრულება ხელისუფლების ერთ-ერთი უპირველესი ვალდებულება და მოვალეობაა. თუმცა დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. იყო დაპირება, თუმცა მისი რეალობაში განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა. დედაქალაქისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი პარკის არსებობა, ამიტომ საჭიროა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ ცენტრალური პარკის მოსაწყობად ტერიტორია მოიძიოს და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად.
ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ქალაქის ცენტრალური პარკის მოწყობა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე იგეგმებოდა, მაშინ ისიც ითქვა, რომ პარკის განაშენიანება 2012 წლისთვის დაიწყებოდა, თუმცა შემდგომ აღნიშნული ტერიტორიის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილზე მშენებლობის ნებართვა გაიცა და დღეს იქ რეკრეაციული ზონა მინიმუმამდეა შემცირებული.
2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ რიგითმა თბილისელებმა ცენტრალური პარკის გაშენება ვერეს ხეობაში მოითხოვეს. დაიწყეს ხელმოწერების შეგროვებაც, გამართეს რამდენიმე აქცია, თუმცა მათი მოთხოვნა არც დედაქალაქის მერიამ და არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
მოგვიანებით, უკვე 2016 წლის მიწურულს თბილისელებმა ცენტრალური პარკის გაშენება საბურთალოზე, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მოითხოვეს. სოციალურ ქსელში სპეციალური პეტიციაც კი გავრცელდა ასეთი მოწოდებით - „მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს თბილისის ცენტრალური პარკი, ეს ქალაქი ჩვენია!!!.
თუმცა დღემდე ეს ინიციატივა რიგითი თბილისელების სურვილად დარჩა. ცენტრალური პარკის აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშენებაზე ხელისუფლებაში არავინ საუბრობს და არც იდეის დონეზე განიხილება.
ცენტრალური პარკები რომ მსოფლის ყველა დიდი ქალაქშია, ამაზე კომერსანტი უკვე წერდა. ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ ვთავაზობთ მსოფლიოს დიდი ქალაქების მცირე ჩამონათვალს, სადაც ცენტრალური პარკებია და რომელთა გაშენებისას ხშირად ქალაქის ხელისუფლებას ტერიტორიები კერძო მესაკუთრეებისგან უყიდია კიდეც.
ქვემოთ გთავაზობთ ევროპის კონტინენტზე რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში გაშენებულ ცენტრალურ პარკებს.
ბერლინის ცენტრალური პარკი, სადაც ზოოპარკის ტერიტორიაც შედის, ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ის 210 ჰექტარზეა გადაჭიმული „ცუოლოგიშე გართენ ბერლინელებისა და მისი სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დასასვენებელი და გასართობი ადგილია.
ლონდონის ჰაიდ-პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პარკი, რომელიც ლონდონის სამეფო პარკადაა მიჩნეული. იგი ორადაა გაყოფილი. პარკი ესაზღვრება კენსინგტონის . ჰაიდ პარკს უჭირავს 142 ჰექტარი ტერიტორია და კენსინგტონის ბაღებს უჭირავს 111 ჰექტარი, რაც მთლიანად 253 ჰექტარს შეადგენს. სამხრეთ-აღმოსავლეთით, პარკის გარეთ, მდებარეობს ჰაიდ პარკის კუთხე. მიუხედავად იმისა, რომ ორი პარკი შეუმჩნევლად ერწყმის ერთმანეთს, კენსინგტონის პარკები იხურება შებინდებისას, მაგრამ ჰაიდ პარკი ღია რჩება მთელი წლის მანძილზე დილის 5 საათიდან შუაღამემდე.
ბუენ რეტიროს პარკი ესპანეთის დედაქალაქის, მადრიდის ცენტრალურ ნაწილშია და ის 120 ჰექტარზეა გადაჭიმული. რეტიროს უზარმაზარ პარკში მოწყობილია სხვადასხვა გზა, ხეივანი, რამდენიმე შადრევანი (მათ შორის დაცემული ანგელოზის), დგას უნიკალური თაბაშირის ქანდაკებები, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია დეკორატიული ნაწილი, მოწყობილია ღია კაფეები, ქუჩის მუსიკოსები დიდებულად ასრულებენ ძირითადად ესპანურ და ფრანგულ მელოდიებს. რეტიროს პარკს რამდენიმე შესასვლელი აქვს და შესაბამისად, პარკში მოხვედრა ქალაქის სხვადასხვა მხრიდან მარტივად არის შესაძლებელი.
ვილა ადა, ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონაა იტალიის დედაქალაქ რომში, რომელიც 182 ჰექტარზეა გადაჭიმული და ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სიდიდით მეორე პარკია ვილა ბორგესი, რომელსაც 80 ჰექტარი უჭირავს.
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცენტრალური პარკი უნგრეთის დედაქალაქშია. ბუდაპეშტის მთავარი პარკი - ვაროშლოგეტი 120 ჰექტარზეა გადაჭიმული. იქ განლაგებულია სეჩენის აბანო, ვაიდაჰუნიადის სასახლე, ზოოპარკი, ცირკი, გასართობი პარკი და განთქმული რესტორანი „გუნდელი. სეჩენის აბანო ევროპაში ყველაზე დიდია, აგებულია ნეობაროკოს სტილში და წყალს ორი განსხვავებული თბილი მინერალური წყაროსგან იღებს.
როიალ ლაჟენიკი - ასე ეწოდება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ცენტრალური პარკს. ის ქალაქის ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონაა, მდებარეობს ვარშავის ცენტრში და გადაჭიმულია 76 ჰექტარზე.
დასასვენებელი და გასართობი პარკების სიმრავლით გამოირჩევა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი. იქ საშუალო და დიდი ზომის დაახლოებით 35 პარკია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გორკის სახელობის ცენტრალური პარკია, რომელიც ქალაქიც ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და 219,7 ჰექტარზეა გადაჭიმული. აღნიშნულ ტერიტორიაზე გარდა რეკრეაციული ზონისა, რამდენიმე ათეული გასართობი, დასასვენებელი და კვების ობიექტია განთავსებული.
რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, ცენტრალური პარკი ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაშია. ცენტრალური პარკია ბრაზილიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში დ ა.შ. ყველაზე დიდი კი თავისი მასშტაბით არის ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, რომელიც 341 ჰექტარზეა გადაჭიმული. მას ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი სტუმრობს. პარკი ნიუ-იორკ სიტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. პარკის პროექტი ეკუთვნის ფრედერიკ ლოუ ოლმსტედსა და კალვერტ ვოქსს, რომელმაც მოგვიანებით ასევე შექმნა ბრუკლინის პროსპექტ პარკი. ნიუ-იორკის პარკის გაშენებისას ტერიტორიის გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრება იყო, თუმცა ის ქალაის მთავრობამ გამოისყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ პარკის უმეტესი ნაწილი ბუნებრივად გამოიყურება, ის ფაქტობრივად, მთლიანად ხელოვნურად არის შექმნილი და შეიცავს რამდენიმე ხელოვნურ ტბას, საცალფეხო ბილიკებს, ორ საციგურაო მოედანს, საცხოველესა და მინდვრებს სხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის და ბავშვების სათამაშოდ. პარკი პოპულარული ოაზისია მიგრაციული ფრინველებისთვის, და შესაბამისად პოპულარულია ფრინველთა მოთვალთვალეთათვისაც. 10 კმ სიგრძის ველოსიპედის ბილიკი პარკის პერიმეტრზე პოპულარულია მორბენალთა, ველოსიპედისტთა და სკეიტერებისთვის, განსაკუთრებით უქმე დღეებში და საღამოს 7-ის შემდეგ, როდესაც საავტომობილო მოძრაობა იზღუდება.
რაც შეეხება თბილისს, ის ევროპის და არა მარტო ევროპის ერთადერთი დედაქალაქია, რომელსაც ცენტრალური პარკი არ გააჩნია. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და დღემდე დედაქალაქში მთავარი რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ტერიტორია ვერ გამოძებნა. დღესაც თბილისის მერია მოქალაქეების მოთხოვნაზე, რომ ცენტრალური პარკი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაშენდეს, რატომღაც დუმს. მერიაში აღნიშნული ფართის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვის საკითხიც დახურულია, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.
არადა, ცენტრალური პარკის გაშენება არ არის ერთი ადამიანის ან ადამიანთა ერთი ჯგუფის მოთხოვნა, ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ვთვლით, რომ მერიამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თბილისს მთავარი პარკი ჰქონდეს. ეს არის ხალხის დაკვეთა და მისი შესრულება სწორედ რომ „არჩეულების მოვალეობაა.