საპენსიო ფონდში თანხის გადარიცხვა სავალდებულო იქნება?!

საპენსიო ფონდში თანხის გადარიცხვა სავალდებულო იქნება?!

საპენსიო რეფორმის საჯარო განხილვა აგვისტოში დაიწყება. დოკუმენტი სხვადასხვა ასოციაციებმა უკვე განიხილეს და მათ კონკრეტული შენიშვნები აქვთ. ზოგიერთ საკითხზე კი პრინციპული შეუთანხმებლობაც. განხილვის პროცესში ბევრი დეტალი ამოტივტივდება, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელი და მოუგვარებელია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ამბობს, რომ საპენსიო მოდელის არსი იგივეა, რაც თავიდან ითქვა. კანონის ამოქმედება 2018 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება. 

“რეფორმის ფარგლებში 2%+2%+2% სისტემით მივდივართ. საჯარო განხილვების ერთი ეტაპი უკვე ჩავატარეთ, რაც გულისხმობს ბიზნეს ასოციაციებთან, ანუ დამსაქმებლებთან კოსულტაციებს. ვაპირებთ დოკუმენტი აგვისტოს დასაწყისში გავხადოთ საჯარო. შემდეგ მივიღებთ შესაბამის კომენტარებს და შენიშვნებს დაინტერესებული მხარეებისგან. ვაპირებთ მათთან გავმართოთ კონსულტაციები და ნოემბრის დასაწყისში პარლამენტს წარვუდგინოთ კანონპროექტი დასამტკიცებლად”, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

საპენსიო რეფორმის სტრატეგიის მთავარი ცვლილება ის არის, რომ სპეციალურ ფონდში ყოველთვიური შენატანის გაკეთება როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის, სავარაუდოდ, სავალდებულო იქნება. აქამდე ცნობილი იყო, რომ კერძო დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნებოდა, თუმცა არსებული პროექტის მიხედვით, ყველაფერი იცვლება.

ამ ცვლილების შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციამ დაახლოებით 2 კვირის წინ ეკონომიკის სამინისტროსა და ასოციაციებს შორის შეხვედრაზე შეიტყო. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ კორძახია საპენსიო რეფორმის დღეს არსებული მოდელით განხორციელებას ეწინააღმდეგება. დამსაქმებელები ვერ ხედავენ მოტივაციას, რატომ უნდა ჩაერთონ აღნიშნულ რეფორმაში, რომელიც კერძო სექტორს მხოლოდ ხარჯებს გაუზრდის.

“40 წლამდე მოსახლეობისთვის სავალდბულო ხდება საპენსიო სქემაში მონაწილეობა. აქ არის არგუმენტი მათი მხრიდან, რომ ნებაყოფლობითობა შეიძლება არ იყოს გარანტია იმისა, რომ სისტემა ეფექტურად იმუშავებს, ვინაიდან საქართველოში ზოგადად საპენსიო სქემასთან დაკავშირებით არის დაბალი ინფორმაციულობა.

სქემა უნდა იყოს იმგვარი, რომ დაინტერესებული მხარე მართლაც იყოს დაინტერესებული და მისი კონტრიბუცია იყოს სასიკეთოდ აღქმული. ახლანდელი მიდგომა კი ძალდატანებითი და ვალდებულებითი ფორმაა, ნებისმიერი მოტივაციის გარეშე”, - განუცხადა “საქმის კურსს” მიხეილ კორძახიამ.

სამაგიეროდ, აღნიშნულ მიდგომას და ზოგადად საპენისო რეფორმას დიდი მოწონებით ხვდებიან ბანკები, რომლებიც ახალ სისტემაში მთავარი როლის შესასრულებლად ემზადებიან.  „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე დადებითად აფასებს დაგროვების პრინციპს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი ფონდში გადარიცხავს საკუთარი ხელფასიდან 2%-ს, მიიღებს ასევე 2%-იან დანამატს სახელმწიფოსგან და 2%-ს საკუთარი დამსაქმებლისგან.

“ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას საპენსიო რეფორმის. ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი შემდგომი განვითარებისთვის. დღეს საქართველოში არ არის დაგროვების კულტურა სათანადო დონეზე და მას მნიშვნელოვანი განვითარება სჭირდება.

2+2+2 პრინციპი საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს დაგროვების დაწყებაში როგორც დასაქმებულმა პირმა, ისე მისმა დამსაქმებელმა. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ალბათ მომავალში დაგროვება კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს”, - განაცხადა კიკნაველიძემ.

საპენსიო ფონდი, სავარაუდოდ, 2019 წლიდან ამოქმედდება. მანამდე კი მთავრობას ბევრი შენიშვნის გათვალისწინება მოუწევს.