"სამართლის ურემი დიდი ხანია გადაბრუნდა. წულუკიანის ინფანტილურობა ლინჩის­ წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს!"

"უნგრეთის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა გია უდესიანის ექსტრადირების თაობაზე არ დააკმაყოფილა. როგორც ირკვევა, ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შეგახსენებთ, გია უდესიანს კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბესიკ ხარძიანის ციხეში წამების ორგანიზება ედება ბრალად. ბესიკ ხარძიანის შვილის ქეთი ხარძიანი განცხადებით, მას ინფორმაციაც არ ჰქონდა, რომ უნგრეთში გია უდესიანის ექსტრადირების პროცესი მიმდინარეობდა. ხოლო თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირების სერია საქართველოს ხელისუფლების მარცხით სრულდება, რატომ ვერ ახერხებს ქართული მხარე სათანადო მტკიცებულებების წარდგენას ევროპის სასამართლოებში და რა საფრთხეს შეიცავს ის, რომ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, ამ საკითხებზე უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გვესაუბრა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით "წულუკიანმა კარგად იცის, რამდენ საშიშ პროცესზე დახუჭა თვალი" / ”უდესიანის სამივე და მახინჯს მეძახის და თმის გაჩეჩვით მემუქრება” / "წულუკიანის ინფანტილურობა ლინჩის­ წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს".

"სამწუხაროდ, ხარძიანის ოჯახი ამ პროცესში ჩართული არ ვართ, რადგან ბრალმდებლად პროკურატურაა დაფიქსირებული... ინფორმაციაც არ მქონდა, რომ უნგრეთში გია უდესიანის ექსტრადირების პროცესი მიმდინარეობდა, როგორც ვიცი, თავად პროკურატურასაც არ მიუღია წერილი ბუდაპეშტიდან, სადაც ექსტრადირებაზე უარის თქმის დეტალები უნდა განგვიმარტონ... უდესიანი ხელისუფლებაში მყოფი მეგობრების დახმარებით, უდანაშაულო ადამიანებს აწამებდა. მამაჩემი მისი ერთ-ერთი მსხვერპლია, ვერ გაუძლო წამებას და ციხეში კუს ტბა დათმო. მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა კარგად ვიცოდით, რომ მამა კუს ტბის გაყიდვას არასოდეს შეეგუებოდა. უდესიანმა იცოდა, რომ მამა არ გაჩუმდებოდა და მასზე ზეწოლას მერეც ახდენდა. დღესაც კი, უდესიანის ოჯახის წევრები შეურაცხყოფას არ ერიდებიან - სასამართლო პროცესებზე ხმას არ ვიღებ, ამ დროს უდესიანის სამივე და მახინჯს მეძახის და თმის გაჩეჩვით მემუქრება. შემდეგი სხდომა 10 აგვისტოს არის ჩანიშნული და იმედი მაქვს, გადაწყვეტილებაც გამოცხადდება. არ მოვისვენებ, სანამ უდესიანი ციხეში არ მოხვდება, ბრძოლას ბოლომდე მივიყვან. დარწმუნებული ვარ, მამაჩემის მკვლელობაც უდესიანს უკავშირდება, რადგან მას სხვა მტერი არ ჰყოლია" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქეთი ხარძიანი.

"უდესიანის ექსტრადირების საკითხი ჩვენი ხელისუფლების პირველი სამართლებრივი კრახი არ არის და ეს ტენდენცია გაგრძელდება - ევროპის სასამართლოები მომავალშიც უარს გვეტყვიან ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე. ამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალწარმოების უხეში დარღვევებით დაიწყო. შედეგად, მერაბიშვილი, უგულავა და ახალაია პოლიტიკურ პატიმრებადაც კი აღიარეს ევროპაში. ვერავინ დამაჯერებს, რომ პროკურორები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, შეცდომებს გულუბრყვილოდ უშვებდნენ - ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რათა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე დაწყებული გამოძიება საერთაშორისო ასპარეზზე კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო! პროკურორებმა დაუშვეს პროცესუალური შეცდომები და თუნდაც მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი ხომ უნდა დამდგარიყო? რატომ უნდა მუშაობდნენ უწყებაში ის პირები, რომელთაც ხელისუფლების იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალეს? ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ ვიღაცას სწორედ ასეთი შედეგი აწყობდა. შედეგად უდესიანი, რომელიც წინა ხელისუფლების ნებისმიერ შავ დაკვეთას ასრულებდა, დღეს თავისუფალია. ამ არასწორი პოლიტიკით წულუკიანმა უდესიანსა და მისნაირებს, ფაქტობრივად, თავისუფლება აჩუქა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია

"დღესაც რომ ითხოვენ ექსტრადირებას პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო, ეს მხოლოდ ფარსი და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა - იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დგება, რომელთა დანაშაულში საზოგადოებას ეჭვი ეპარება, ხოლო იმ პირების დაკავება, რომელთა დანაშაულშიც ყველა დარწმუნებულია და ბევრს საკუთარ თავზე უგვრძნია, მაქსიმალურად ჭიანურდება. გამოძიების კვალიფიკაციის ხარისხი დიდი ხანია ამ ქვეყანაში ეჭვქვეშ დგას. თუმცა, არ მესმის, რატომ უღირთ ხელისუფლების პირველ პირებს ამ გარემოებაზე თვალების დახუჭვა. ყველამ ვიცით, რომ ამ ვითარებაზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება. ამ გამჭრიახმა ქალბატონმა თავიდანვე გათვალა და პროკურატურის საქმიანობაზე პასუხისმგებლობის მოხსნა სცადა. მან კარგად იცოდა, რომ პროკურატურაში რეფორმას ვერასოდეს გაატარებდა, ამის რესურსი მას არა აქვს, მაგრამ ქვეყანაში სამართლებრივ პოლიტიკას ხომ ის განსაზღვრავს? სწორედ ის არის პასუხისმგებელი მთელ ამ პროცესზე. სამართლის ურემი დიდი ხანია გადაბრუნდა", - დაასკვნის რესპონდენტი.

"ამ უსუსურმა ვაიპროფესიონალებმა იმდენი მოახერხეს, რომ კეზერაშვილის ექსტრადირების საქმე ჩააფლავეს, ადეიშვილზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა, ახლა კი მათ რიცხვს მთავარი ზონდერიც შეუერთდა. გვითხრას ვინმემ, ამ ქალბატონმა მინისტრის პოსტი მემკვიდრეობით მიიღო?! ვერავინ დამისახელებს თუნდაც ერთ წარმატებულ რეფორმას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. მეტიც, მისი ფაქტობრივად დანაშაულებრივი ინფანტილურობა მალე ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანს - როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს სამართლიანობის აღდგენაზე, სასამართლოები არ ადგენენ სიმართლეს, ამას ქუჩის ვენდეტამდე მივყავართ. პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჩვენ თვალწინ გადაგვარდა, რაც საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაძლიერებას უწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ყველა დამნაშავის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ", - მიიჩნევს უფლებადამცველი.

"ცოტა ხნის წინ წულუკიანი ქობულეთში ისვენებდა და თან პირადი დაცვის ხუთი თანამშრომელი ახლდა. ეს რომ ვნახე, გავოგნდი - ქალს ამდენი დაცვა, მით უმეტეს, შვებულების პერიოდში, რატომ უნდა სჭირდებოდეს-მეთქი. მოგვიანებით, როცა წყალში სამი მცველი ჩაჰყვა და ორი სანაპიროდან აკონტროლებდა, ჩემს კითხვაზე პასუხს მალევე მივხვდი - თვითონაც კარგად იცის, რამდენად საშიშ პროცესზე დახუჭა თვალი, თუმცა, როდემდე ივლის ამ დაცვით, სულ მინისტრი ხომ ვერ იქნება?!" - დასძენს ლია მუხაშავრია.