[მერაბ ბრეგაძე]
ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის შემდეგ, მძღოლები შესაძლოა, დაუსაქმებელნი დარჩნენ. კომპანია „თბილლაინის“ წარმომადგენელი დავით ასანიძე აცხადებს, რომ „მძღოლებმა გარკვეული პირობა უნდა დააკმაყოფილონ“.
უფრო კონკრეტულად, ირკვევა, რომ ის მძღოლი, რომელიც გარანტიის სახით შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ანგარიშზე 500 ევროს არ შეიტანს, სამსახურს ვერ მიიღებს.
„მძღოლმა თუ მოძრაობის წესები დაარღვია, ან სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან გადმოაგდო, საჯარიმო ქვითარი ჩემთან მოვა და არა მათთან. მე რატომ უნდა ვიხადო ჯარიმა? ამიტომ, ვითხოვ საგარანტიო თანხას.
უმუშევარი არც ერთი მძღოლი არ დარჩება. მთავარია, მათ ჩვენი პირობები შეასრულონ. ისეთ მძღოლს კი, რომელსაც არაფერი გააჩნია, პირადობის მოწმობის გარდა, სამსახურში ნამდვილად არ ავიყვან და 30 ათასი დოლარის ღირებულების მანქანაზე არ დავსვამ. 500 ევროს კიდევ უნდა დავუმატო 500-600 დოლარი და მერიაში საგარანტიოდ წარვადგინო. ფულს ამაში კომპანიაც იხდის“, - განმარტავს „რეზონანსთან“ საუბრისას დავით ასანიძე.
ამავე დროს, ივლისიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა რომ გაძვირდება, მძღოლების გარდა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელიც აცხადებს. „თბილლაინი“ ფიზიკურ პირებთან, რომლებიც გადამხდელად არიან დარეგისტრირებული, უკვე იწყებს საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებას. სწორედ ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ მეიჯარე მოიჯარესგან გარკვეული გადასახადის გადახდას ითხოვს.
მძღოლების ინფორმაციით, შედეგად მგზავრობის ღირებულება 80 თეთრი გახდება. ის, რომ მგზავრობის ტარიფი მოიმატებს, „თბილლაინშიც“ დაადასტურეს, თუმცა რა ეღირება მგზავრობა, ვერ დააკონკრეტეს.
როგორც ცნობილი გახდა, საიჯარო გადასახადი შედგება მარშრუტზე მოძრაობის ღირებულების – საგზურის (10 ლარი) და ყოველთვიური საიჯარო ქირისგან. საიჯარო ქირის გადახდა ყოველდღიურად მოხდება და მისი რაოდენობა 18 ევროს შეადგენს (ექვივალენტი ლარში). ამასთან, მოიჯარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მეიჯარის (შპს „თბილ ლაინი“) საბანკო ანგარიშზე 500 ევროს წინასწარ გადაიხდის.
მოიჯარე მხოლოდ 7 წლიანი საიჯარო ურთიერთობის გასვლის შემდეგ ხდება მიკროავტობუსის მესაკუთრე. ამის შემდეგ ის მხოლოდ მარშრუტზე მოძრაობის ღირებულებას (საგზური) გადაიხდის. მძღოლი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს მანქანას საწვავით, ვალდებულია მანქანის მცირე დაზიანებების აღმოფხვრაზე თავად იზრუნოს, კომპანია მხოლოდ ძრავის, სიჩქარის გადაცემათა კოლოფისა და ე.წ. ხიდის დაზიანების შეკეთებაზე იღებს ვალდებულებას.
მძღოლებს კი მიაჩნიათ, რომ ასეთი გადასახადების პირობებში მოგება, ფაქტობრივად, არ ექნებათ, თანაც დეპოზიტზე შესატანი 500 ევრო მათთვის ძნელი გადასახდელია.
„თბილლაინის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე კი commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „მძღოლების 90 პროცენტი თანახმაა ეს პირობები მიიღოს და მომავალი კვირიდან მათთან ხელშეკრულების გაფორმებაც დაიწყება, ამასთან, ასანიძე განმარტავს, რომ მიუხედავად ყოველდღიური გადასახადისა, მძღოლს დღეში სუფთა მოგება ხელზე 40 ლარი დარჩება, რაც აქამდე არ იყო.
„რაც შეეხება დეპოზიტზე შესატან 500 ევროს, ეს არის ჩვენთვის საგარანტიო თანხა, რომ მძღოლი მანქანას გაუფრთხილდება. თანაც მათ ეს თანხა არ ეკარგებათ და შვიდი წლის გასვლის შემდეგ უკან დაუბრუნდებათ. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ტარიფს ჩვენ ვადგენთ. ის სავარაუდოდ მოიმატებს, რადგან ტარიფში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, როგორც ამორტიზების, ისე სხვადასხვა ხარჯები.
ამის მიუხედავად, კონსულტაციები გვაქვს მერიასთან და მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ყველა მანქანა ჩამოვა და ხელშეკრულებები გაფორმდება, ტარიფიც გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ტარიფი მოიმატებს, მაგრამ რამდენით, ჯერ არ ვიცით“– ამბობს დავით ასანიძე.
აღსანიშნავია, რომ „თბილლაინის“ წარმომადგენელმა მოგვიანებით „პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირება არ დაადასტურა. ამის თაობაზე კომპანიამ ოფიციალურ განცხადებაც გაავრცელა:
„კომპანია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას 1-ელი ივლისიდან მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. მგზავრობის ფასი დამოკიდებულია საწვავის ფასის ზრდაზე, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ არსებული ტარიფი“.
ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შედეგს კი, პირველი ივლისიდან ვიხილავთ.
„ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მხრიდან სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს საქალაქო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მერიის მიერ დამკვიდრებულ მონოპოლიებს უკავშირებს:
„როგორც ჩანს, თბილისის მერიას მონოპოლიების და სხვა რეგულაციების დამკვიდრების გზით, საწვავზე, ხორცზე, სხვა საკვებ პროდუქტებზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე ფასების კატასტროფული ზრდა თავის მოსახლეობაზე „ზრუნვად“ მიაჩნია“.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანელიძისთვის გაუგებარია, რატომ ამკვიდრებს თავად მერია მონოპოლიებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტრანსპორტზე. რატომ არ აპროტესებს პარლამენტის და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ ხორცის დამზადებასა და რელიზაციაში შექმნილ ხელოვნურ რეგულაციებს, კარტელურ შეთანხმებებს საწვავზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ფასების მასშტაბურ ზრდას და მოსახლეობის სოციალური პირობების დღითიდღე გაუარესებას იწვევს?
მისივე თქმით, საქალაქო ტრანსპორტით დედაქალაქის მომსახურების ტენდერი კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ღიად და გამჭვირვალედ რომ ჩატარებულიყო, დღეს „თბილისის მიკროავტობუსი“ ასეთი პოზიციიდან ვერ ისაუბრებდა. საგანელიძის განცხადებით, ეს თემა აუცილებლად საკრებულოს განსჯის საგანი უნდა გახდეს.