გივი ბერიკაშვილს გადაცემა დაუხურეს

გივი ბერიკაშვილს გადაცემა დაუხურეს

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, გადიოდა გადაცემა „არ იდარდო“, რომელსაც მთელ ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამორჩეული ადგილი ეკავა. წარმატებისა და მაყურებლის ინტერესის მიზეზი, ერთის მხრივ, წამყვანი - მსახიობი გივი ბერიკაშვილი იყო და მეორე მხრივ, სპეციფიკა, ხასიათი და თემები, რასაც ესა თუ ის გადაცემა ეძღვნებოდა.

„არ იდარდო“ ადამიანებს სიკეთის, ურთიერთობების ფასეულობის შესახებ მოუთხრობდა და გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში ეხმარებოდა, განშორებულ მეგობრებსა და ახლობლებს შეხვედრაში უწყობდა ხელს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმედს აძლევდა საზოგადოებას.

ერთ-ერთი გადაცემის დასასრულს გივი ბერიკაშვილმა, მოულოდნელად, მაყურებელს მიმართა - ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში ბევრი ქველმოქმედი ადამიანია და თუ ისინი მხარს აგვიბამენ, გადაცემა გაგრძელდება, თუ არა, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა, ღმერთის იმედით, გემშვიდობებით, მაგრამ თუ ვეღარ შევხვდებით, თქვენ მაინც არ იდარდოთო.

ამ ფაქტს საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა, დაიწყო იმ „ფარული“ მიზეზების გარკვევა, იმის გახსენება, თუ რა თქვა გივი ბერიკაშვილმა „ისეთი“, რა თემას თუ საკითხს შეეხო, რამაც გადაცემის დახურვა გამოიწვია.

„რეზონანსიც“ დაინტერესდა გადაცემის ბედით და გივი ბერიკაშვილს მიაკითხა.

დაუჯერებელიარომ ისეთ ტელეკომპანიაშიროგორიც „იმედია“, გადაცემა მართლა უფულობის გამო დაიხურა.

- ვის აქვს ფული, ვის არა და ვის რამდენი აქვს, არ მაინტერესებს. მე სხვის ჯიბეში არაფერი მიძებნია და არც არასოდეს ჩავიხედავ. ჩვენ ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა - „იმედი“ კერძო ტელევიზიაა, თქვენი გადაცემა ძალიან მოგვწონს, მაგრამ ის მომგებიანი არაა, წადით, იშოვეთ ფული და კი, ბატონო, გააგრძელეთ მუშაობა, თუ ვერ იშოვით, აღარ გაგრძელდებაო.

საერთოდ ასეაყველა საკუთარ გადაცემას აფინანსებს?

- რა ვუთხრა, მოვითხოვო, ვიჩხუბო, ვიყვირო, გინდა თუ არა, გავაგრძელებთ და მაინცდამაინც, ჩვენ გადაცემაზე იზრუნეთ-მეთქი? ისე, ვინც ტელევიზიის სამზარეულოს იცნობს, ეცოდინება, რომ რაღაც-რაღაცეების მოგვარება შიგნითვე შეიძლება. მეც გული სწორედ ამაზე მწყდება, რომ ჩვენი პრობლემა არ მოგვარდა.

რას ვიზამთ, დაიხურა - დაიხურა! ამით, რა თქმა უნდა, ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ არასასიამოვნო ფაქტია. მე ბევრი გადაცემა წამიყვანია, მაგრამ ამდენი მადლობა, რამდენსაც „არ იდარდოს“ გამო ვღებულობდი, არასოდეს მიმიღია. ე. ი. ადამიანებს ის აინტერესებთ, „ჩვენ“ კი მარტო ფული გვაინტერესებს და აღარ გვაღელვებს, რომ ჩვენი ტელევიზია ხალხს უყვარდეს?!

გადაცემას რეიტინგი უდავოდ ჰქონდარატომ ვერ უნდა მოახერხოს ტელევიზიამ ასეთი პროექტის დაფინანსება?

- ჩვენი გადაცემის რეიტინგზე და ხარისხზე მე ვერ ვილაპარაკებ. რატომ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში? მე გითხარით მიზეზი, რატომაც დავიშალეთ. არავის ვადანაშაულებთ. ისინი თავის მხრივ, მართლები არიან, ჩვენ ჩვენი მხრივ ვართ მართლები. თუმცა, ერთს კი გეტყვით - გადაცემებს რეაგირებაც მოჰყვა. ქუთაისში ილო ფოტოგრაფის მუზეუმი გაიხსნა, კულაშში ებრაელების სალოცავი გადაიხურა. დები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთმანეთს ეძებდნენ, შევახვედრეთ... მართლაც არსებობს სხვა ურთიერთობები, ადამიანური. ხედავთ, რა მოხდა გერმანელებთან ურთიერთობის გარკვევის დროს?! აღმოჩნდა, რომ მაშინ, როდესაც ქერჩში ქართველი ჯარისკაცების უმრავლესობა დაიღუპა, როდესაც ომი თითქმის დამთავრებული იყო, ქართველები აქ გერმანელ ტყვეებს პატრონობდნენ და გერმანელები კი გერმანიაში, ქართველებს.

არ გიცდიათსპონსორები მოგეძებნათ?

- მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის სფეროში ძალიან ბევრი ახლობელი მყავს, მე ფულს ვერავის მოვთხოვ. ან, როგორ ვუთხრა ვინმეს, ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემას მიხურავენ და დამაფინანსე-მეთქი?! გადაცემის ბოლოს, გამოვაცხადე, რომ თუ დაგვიდგებით მხარში, გადაცემა გაგრძელდება, თუ არა, დაიხურება-მეთქი! დაიხურა! ახლა ვნახოთ, თუ ვინმე საჭიროდ ჩათვლის, დაგვეხმაროს, კარგი იქნება, თუ არა, მე ამას ვერავის ვაიძულებ. სხვა თუ არაფერი, ბიზნესმენებს მთხოვნელი იმდენი ჰყავთ, იმდენი გაჭირვებულია, რომ შენ უნდა შეგრცხვეს, ვიღაცას ფული წაართვა.

არავინ გამოგხმაურებიათ?

- ბოლო გადაცემა „ავსტრიის ავიახაზებმა“ დაგვიფინანსა. კომპანიის წარმომადგენელი, მშვენიერი ავსტრიელი ქალბატონი, მობრძანდა ჩვენთან, ორი სტუმარი ავსტრიიდან, უფასოდ ჩამოიყვანა და გაამგზავრა, შემდეგ დაგვირეკა, რომ ქვეყნებში, სადაც ჩვენი თვითმფრინავები დაფრინავს, დაბრკოლება არც მომავალში გექნებათო და ისიც დაამატა, ვნახავ, იქნებ, რაღაც თანხაც გამოგიძებნოთო.

შეიძლ;ება, ასე ვინმე კიდევ გამოჩნდეს. ჩვენ ხომ 10-20 ათასს არ ვთხოულობთ. იმასთან შედარებით, რასაც „არ იდარდოს“ ჯგუფი აკეთებდა, კაპიკებზე ვმუშაობდით. გადაცემის სპეციფიკა ისეთია, რომ ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. მასალები უნდა მოიძიო, შეხვდე ადამიანებს, გადაიღო. აქ ხომ ყველაფერი ემოციაზეა აგებული და ვიღაცამ შეიძლება ბევრი ილაპარაკოს, მონტაჟის დროს, უნდა შეამცირო, რაც არ გემეტება... უფულობის გამო არ გვქონდა საშუალება, ყველგან ჩავსულიყავით და ვიღაც ადგილზე გადაგვეღო. მაგალითად, ავსტრალიაში არის ერთი 84 წლის კაცი, ედემის ბაღში ცხოვრობს, ქართული ვაზის ჯიშები აქვს გახარებული. თვითონ ჩამოსვლა არ შეუძლია, მოხუცია. ხომ არ ვეტყვი, ილაპარაკე, გადაიღე და ჩანაწერი გამომიგზავნე-მეთქი?!

ახლა უკვე ოფიციალურად შემიძლია ვთქვა, რომ გადაცემა დაიხურა. გავა ერთი, ორი თვე და ის ყველას მიავიწყდება. „არ იდარდო“ კი არა, საზოგადოებას, ორ-სამ დღეში, ისეთი რაღაცეები დავიწყებია, სერიოზულად რომ დაფიქრდე, შეიძლება გული გაგისკდეს. მაგრამ, საერთოდ, ჩვენს ხალხს სჭირდება ვუთხრა, რომ არ იდარდოს.