„ჩიკაგო ტრიბუნაში“, რომელიც ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატების ქ. ჩიკაგოში გამოდის, მოთავსებულია შემდეგი:
„თქვენი კორესპონდენტი მიიღო საქ. რესპ. პრეზიდენტმა ნ. ჟორდანიამ, რომელიც ცნობილი ლიდერია ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი პარტიის. ის მთელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მეთაურობდა ადგილობრივ საზოგადოებრივ მოძრაობას. ამიტომ მის მსჯელობას განსაკუთრებული ღირებულება აქვს.
როგორია მდგომარეობა დღეს თქვენ ქვეყანაში? ვკითხეთ ჩვენ პატივ. პრეზიდენტს.
- საქართველო დღეს დაპყრობილია მოსკოვის მთავრობის ჯარებისაგან. ბოლშევიკები ამა მდგომარეობას უწოდებენ „საბჭოთა წყობილებას“.
როგორ უყურებს ქართველი ხალხი ამ წლის თებერვალ-მარტში მომხდარ ბოლშევიკურ გადატრიალებას?
- გადატრიალება საქართველოში არ მომხდარა. მოხდა მხოლოდ დაპყრობა. ხოლო დამპყრობელებისადმი მთელი ქართველი ხალხი გამსჭვალულია უღრმესი სიძულვილით. ამ ჟამათ საქართველოში არ არსებობს მთავრობა იმ სახით, როგორც ეს ესმის განათლებულ კაცობრიობას.
შეინარჩუნეთ თქვენ კავშირი თავის ქვეყანასთან?
- საქარ. რესპ. მთავრობამ დასტოვა თავის ქვეყანა, რადგან მტრის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე ჩვენი დარჩენა შექმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ჩვენ კანონიერათ ვიცანით ახალი წესები, რომელიც ოკუპანტებმა დაამყარეს. მთელი ხალხის სურვილი იყო, რომ უცხოეთში მაინც შეგვენახა ცენტრი, რომელიც განახორციელებდა საქ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობის და სუვერენობის იდეის. რაც შეეხება კავშირს ხალხთან, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს დღესაც ჩვენ ქვეყანასთან. სისტემატიურმა დაჭერამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივი მოღვაწეებისა, რომელსაც ბოლშევიკები ეწევიან, ვერ ამოფხვრეს ხალხის შეგნებიდან სიყვარული თავისუფლებისადმი, ერთგულება დემოკრატიულ იდეებისადმი და ნდობა იმათდამი, რომელთაც მან მიანდო დაცვა თავის იდეალების და თავის დამოუკიდებლობის.
როგორ გაქვთ თქვენ წარმოდგენილი თქვენი ქვეყნის მომავალი?
- ბოლშევიზმი, ყოველ ეჭვს გარეშეა - დაეცემა, რადგან ამ სისტემის დანგრევა ყველასათვის თვალსაჩინოა. საქართველოც დაუბრუნდება თავის სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, რომელიც მტრის შემოსევამ შესწყვიტა. მაშინ ჩვენი პირველი საზრუნავი იქნება აღდგენა ეკონომიურ ცხოვრების, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს.
გეყოფათ კი ძალა ამ ამოცანის გადასაჭრელათ?
- ვერც ერთი ხალხი, რომელიც ცოტათ თუ ბევრათ ხანგრძლივათ მოჰყვა ბოლშევიკურ უღელის ქვეშ, ვერ აღსდგება თავის საკუთარი ძალებით. მაგრამ ჩვენ სრული საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მოვიზიდავთ უცხო კაპიტალს, სხვათა შორის ამერიკასაც. საქართველო პატარა და ეკონომიურათ განუვითარებელი ქვეყანაა. მაგრამ იგი დიდი ბუნებრივი სიმდიდრის პატრონია და გეოგრაფიულადაც განსაკუთრებით კარგი მდებარეობა უჭირავს. უკანასკნელ დროს, ბოლშევიკების შემოსევამდე საქართველო თანდათან იქცევდა ევროპის კაპიტალისტთა ყურადღებას. მართალია ამერიკული კაპიტალი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ეს აიხსნება მხოლოდ იმით, რომ ამერიკა დღემდე ძალიან სუსტათ იცნობს საქართველოს.
შეგიძლიათ თქვენ თუნდაც მოკლეთ გაგვაცნოთ ჩვენი მკითხველისთვის თქვენი ქვეყნის სიმდიდრენი?
- მე დავიწყებ მადნეულობიდან. საქართველოში ჭიათურის რაიონში გვაქვს მთელ ქვეყანაში უმდიდრესი მარგანეცის მადანი, რომლის რაოდენობა გამოკვლევის თანახმად უდრის დაახლოებით 100 მილიონ ტონს (ტონი 61 ფუთია), მაშინ როდესაც ინდოეთის მარგანეცის რაოდენობა ომის წინ განისაზღვრებოდა სულ 6-7 მილიონი ტონით. ომის წინ (1913 წელს) საქართველომ გაიტანა მილიონ ტონზე მეტი, ბრაზილიიდან კი ამავე წლებში 8-ჯერ ნაკლები იყო გატანილი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველოში საუკეთესო მარგანეცი მოიპოვება. მარგანეცი ზღვაზე ახლოს მდებარეობს და გვერდით აქვს დაუშრეტელი წყლის ენერგია. და ბოლოს თვით მადანი მეტათ ახლოა დედამიწის ზედაპირიდან და მისი ამოღება ამიტომ გაადვილებულია. აქედან თქვენ ადვილათ წარმოიდგენთ, რომ მარგანეცის წარმოებას საქართველოში დიდი მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა აინტერესებდეს ამერიკის შტატებსაც, რომელსაც პირველი ადგილი უჭირავს მეტალურგიის განვითარების და მაშასადამე მარგანეცის მოხმარების მხრივ. მაგრამ საქართველოს სხვა მინერალური სიმდიდრენიც მოეპოვება. 170 ადგილას აღმოჩენილია სპილენძის მადანი, 80 ადგილას - ტყვიის, 70 - ნავთის. მე ვამბობ იმაზე, რომ ჩვენში ბლომათ მოიპოვება ქვანახშირი. ჩვენი ნავთის მადნებიც ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ამერიკელებისთვის.
ამერიკა გაცნობილია ბაქოს ნავთს. აქვს ბაქოსთან რაიმე კავშირი თქვენ ნავთიან ადგილებს?
- ეს საკითხი დიდი ხანია აინტერესებს გეოლოგებს, რომელნიც იკვლევენ ამიერ-კავკასიას. მაგრამ გამოკვლევები ჯერ არ დამთავრებულა. ფიქრობენ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადის ერთგვარ სიღრმეზე ნავთიანი ფენები, რომელნიც იძლევიან ბაქოს რაიონში ნავთის შადრევანებს. ამ ნავთიანი ქვენაფენების ექსპლოატაცია შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის მრავალ ადგილას, მაგრამ რასაკვირველია იგი დიდ კაპიტალს მოითხოვს.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პირობებს, განაგრძობს ბ-ნი ჟორდანია, მე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენში შეიძლება განვითარება თითქმის ყველა იმ კულტურის, რომელიც გავრცელებულია ამერიკაში. პირველი ადგილი უჭირავს ჩვენში პურს და სიმინდს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე კულტურა თამბაქოსი, ჩაის, ბამბის, ბამბუკის. ამათი კულტურა შეიძლება დიდათ განვითარდეს და აქაც ჩვენ ველით უცხო კაპიტალის დახმარებას, რომელსაც ჩვენ მზათ ვართ მივცეთ შესაძლებლობა ნაყოფიერი მუშაობის.
თქვენ ახსენეთ, ბ-ნო პრეზიდენტო, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა თქვენი ქვეყნის, რაში ხედავთ თქვენ ამ ხელსაყრელ მდებარეობას და რამდენათ აქვს მას მნიშვნელობა ამერიკელებისათვის?
- გადახედეთ ამიერ-კავკასიის ქარტას, გვიპასუხა ნ. ჟორდანიამ. აი ზღვის გზა, რომელიც მიდის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ძველი ქვეყნის შუაგულისაკენ. ეს გზა გაივლის გიბრალტარს, დარდანელს, ბოსფორს, გადასჭრის შავ ზღვას და მიაღწევს თავის უკანასკნელ პუნქტს - ბათომს. ამ გზის ბუნებრივი გაგრძელებაა - ამიერ-კავკასიის მაგისტრალი, რომელიც აერთებს შავ ზღვას კასპიის ზღვასთან, აქედან სპარსეთთან, თურქესტანთან, ავღანისტანთან, ინდოეთთან. ეს უახლოესი გზაა აღმოსავლეთისკენ და ერთი უდიდესი გზათაგანია მსოფლიო ისტორიაში. უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე, რომ საქართველოზევე გადის ერთადერთი გზა, რომლითაც ბაქოს ნავთს შეუძლია მსოფლიო ბაზარზე გამოვიდეს, ასე რომ ბაქოს ნავთის ექსპლუატაციის საკითხი განუყოფელია საქართველოს სატრანზიტო გზისაგან.
განა არ შეუშლიან ხელს ამიერ-კავკასიაში ტრანზიტის განვითარებას ის უთანხმოება რომელიც არსებობს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებს შორის?
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უთანხმოებას, რომელიც წარმოშობილია შავბნელი წარსულისაგან, მომავალში ადგილი აღარ ექნება. ამიერ-კავკასიის ხალხებს მტკიცეთ აქვთ გადაწყვეტილი - მეგობრულათ იცხოვრონ და ერთმანეთს ძმურათ დაეხმარონ. ჩვენ შევკარით მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიური კავშირი ჩვენ მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ჩრდილო-კავკასიის მთიელთა რესპუბლიკასთან. სარკინიგზო კონვენცია და ამიერკავკასიის რკინის-გზების კონცესია არსებით ელემენტათ შედის ამ საკავშირო ხელშეკრულებაში. ვფიქრობ, რომ მომავალში ეს კავშირი უფრო განვითარდება და გამტკიცდება.
კიდევ ერთი კითხვა ბ-ნო პრეზიდენტო, ბევრი არიან საქართველოში ამერიკის მოქალაქენი?
- ჩვენში ისინი ძალიან ცოტა იყვნენ, უფრო ცოტა ვინემ ჩვენ გვინდოდა. მაგრამ მათ დიდი და კეთილი საქმე გააკეთეს. ამიერ-კავკასიის ხალხები არასოდეს არ დაივიწყებენ ამერიკულ კომიტეტს, რომელმაც დაგვანახვა არა მარტო ჰუმანიური ქველმოქმედება შეერთებულ შტატების, არამედ ისიც, თუ როგორი განსაცვიფრებელი სისწრაფით, ბეჯითად და უხმაუროთ აკეთებენ დიდ საპასუხისმგებლო სამუშაოს თქვენი მოქალაქენი.