ქვეყანაში ალტერნატიულმა ენერგეტიკამ ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას შემდეგ, რაც გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტმა ყველა მოლოდინი გაამართლა, სწრაფად დაიწყო მუშაობა ახალი სადგურების აშენების შესახებ. პარალელურად კი შპს „ქართლის“ აქციებს საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებენ.
ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ქარის პოტენციურ სადგურებზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაასრულა. გორში მდებარე ქარის სადგურის სიმძლავრის 100 მგვტ-მდე გაზრდის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მომზადდა და ახლა ჯერი ენერგეტიკის სამინისტროზეა. „ენერგეტიკის სამინისტროსგან დავალებას ველოდებით, გადავიდეთ მეორე ფაზაზე, რაც პროექტის უფრო დეტალურ მომზადებას და აქტიური სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს“, - აღნიშნა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ქარის სადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე გაიყიდება. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საჯარო შეთავაზებაში მონაწილეობის მიღება და ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციების შეძენა ნებისმიერ მოქალაქეს და ინვესტორს შეეძლება.
საჯარო შეთავაზება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. პრივატიზების მსგავს ფორმას მთავრობა სხვა პროექტებშიც გამოიყენებს და ამით საფონდო ბირჟის წახალისებას შეუწყობს ხელს. აქამდე ქარის ელექტროსადგურის (ქესი) წილის ელექტორნულ აუქციონზე გაყიდვა იყო დაგეგმილი. სადგური აუდიტორულმა კომპანიამ BDO-მ შეაფასა.
პირველი საქართველოს მოქალაქეებიდან ვინც ქეს-ის აქციებს შეიძლენს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი იქნება. მან დაადასტურა, რომ ობიექტის ბირჟაზე განთავსების პირობებს გაეცნობა და სავარაუდოდ, აქციას ან აქციებს შეიძენს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკულ პროექტებში თანამონაწილეობის საშუალება ეძლევა მოქალაქეებს და მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, დიდი სურველი მაქვს, რომ ეს შანსი გამოვიყენო და გავხდე ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტის აქციონერი“, - აღნიშნა ვალიშვილმა.
ალეტრნატიულ ენერგოპროექტებთან დაკავშირებით კი სახელმწიფო მომავალში უფრო გააქტიურდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, კომპანია „ჩალიკ ენერჯი ჯორჯიასთან ერთად“, ქარის ორი სადგურის პროექტის განხორციელება უკვე აქვს დაგეგმილი, რომელთაც მათი შვილობილი კომპანია „ჩალიკ ჯორჯია ვინდი“ უხელმძღვანელებს.
50 მეგავატამდე სიმძლავრის ერთი სადგური კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში აშენდება, მეორე - 120 მეგავატამდე სიმძლავრის კი - საჩხერეში.
„იწყება მთავრობასთან პროექტის პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. მშენებლობა დაიწყება, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა ქარის ელექტროსადგურ „ქართლის“ დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა.
150 მეგავატამდე სიმძლავრის კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგურის აშენება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში იგეგმება. ასე რომ, სულ რაღაც 2 წლის შემდეგ საქართველო ქარის ენერგიას საკმარისად აითვისებს.
20,7 მეგავატის დადგმული სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური („ქართლი“) 2016 წლის ოქტომბერს გორში ამოქმედდა. სამომავლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქეს-ების სიმძლავრე 300 მეგავატამდე შეიძლება გაიზარდოს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ ერთად ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა ქვეყანაში ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების განვითარების მიზნით დაიწყო. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რომლის მინიმალური დადგმული სიმძლავრე 1500 მეგავატს შეადგენს.