ამხ. კამოს ხსოვნას

ამხ. კამოს ხსოვნას

წელიწადი შესრულდა, რაც გამარჯვებულ პროლეტარიატის ძლევამოსილ რიგებს გამოაკლდა ერთი საუკეთესო გმირი-მებრძოლი ამხ. კამო. კომპარტიამ და მუშათა კლასმა მეფის თვითმპყრობელობასთან და ფეოდალურ-ბურჟუაზიულ კლასებთან ბრძოლაში, ბევრი მსხვერპლი გაიღეს, ბევრი თავდადებული მებრძოლი დაჰკარგეს, მაგრამ კამოს დაკარგვა შეიძლება უდიდესი და უმძიმესი იყოს, ამიერ-კავკასიის მასშტაბით მაინც.

მწუხარებას, რომელსაც გრძნობს მუშათა კლასი მით უფრო მძიმეა, რომ მრავალ ბრძოლის ქარ-ცეცხლში გავლილი ძველი რევოლუციონერი დაიღუპა უბედური, უაზრო და მოულოდნელი შემთხვევით.

ამხ. კამო (სიმონ პეტროსიანცი) პროლეტარულ რევოლუციის მებრძოლთა რიგებში ჩადგა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მუშათა მოძრაობა ახალი ჩასახული იყო და თანდათან მაღლა იწევდა. თავიდანვე ის უმთავრესად ტეხნიკურ ხასიათის მუშაობას ასრულებდა, როგორც გადაგზავნა, დაბეჭდვა არალეგალური ლიტერატურისა, მოწყობა საიდუმლო სტამბისა და სხვა.

ამხ. კამოც ყველგან და ყოველთვის ამ ბრძოლის მთავარი მონაწილე და ხელმძღვანელია. მას მუდამ იარაღის საიდუმლო საწყობებთან აქვს საქმე. ის თვითონაც ახერხებს ასაფეთქებელ ნივთიერებათა და ბრძოლისთვის საჭირო ზოგიერთი სხვა იარაღების დამზადებას. ის მუდამ იქ არის სადაც მეტი საპასუხისმგებლო და საშიშარი საქმეა როგორც საუკეთესო ორგანიზატორი და შემსრულებელი ყოველგვარი კონსპირატიული დავალებისა.

დაუვიწყარია ამხ. კამოს მიერ სხვა ამხანაგებთან ერთად 1905 წელში ნაძალადევში კაზაკებთან შეტაკების მოწყობა, რომელიც ტფილისის პროლეტარიატის ერთ საუკეთესო გამოსვლათ უნდა ჩაითვალოს მეფის თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში. ამ შეტაკების შემდეგ კამო დატუსაღებულ იქნა, მაგრამ თავისი გამჭრიახობით, სისულელის მოგონებით იგი ახერხებს ჟანდარმების ხელიდან დასხლეტას და ისევ რევოლუციონურ ბრძოლაში ჩაბმას.

1907 წელს მთელი რუსეთის სივრცეზე საშინელი რეაქცია მძინვარებდა. მეტათ ძნელი იყო ქუჩაში რეაქციონურ ძალებთან აშკარა შეტაკების მოწყობა. მაგრამ კამოსთვის საშიშარი საქმე არ არსებობდა, განსაცდელი მას არ აშინებდა, ის მუდამ ხუმრობით და სიხარულით მიეშურებოდა იქითკენ. იმავე დროს მას ყოველი წვრილმანი, რაც საჭირო იყო საქმის  გამარჯვებისათვის არ დაავიწყდებოდა მხედველობაში მისაღებათ. კამომ მოახერხა ერევნის მოედანზე 1907 წელში ამხანაგების შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ფოსტაზე თავდასხმა, სრული არევ-დარევის შეტანა ფოსტის დამცველთა რაზმში და გატაცება 250 000 მანეთის. ამ ოპერაციას რევოლუციონერთა მხრიდან არავითარი მსხვერპლი არ მოყოლია.

ამ გმირულმა მოქმედებამ დიდი არევ-დარევა შეიტანა მტრის ბანაკში, საზღაპრო გმირის სახელი მოუპოვა ამხ. კამოს. ერევნის მოედანზე ექსპროპრიაციით ნაშოვნი ფული საკმაო დიდ საშუალებას იძლეოდა რევოლუციონურ ბრძოლის გასაგრძელებლად ამ შავბნელ რეაქციის დროს.

კამო ამის შემდეგაც სულ მუდამ ასეთ სახიფათო საქმეების ორგანიზატორია, იქნება ის საზღვარგარეთ, თუ მეფის რუსეთის საზღვრებში. ბერლინის პოლიცია ატუსაღებს მას და როგორც უდიდეს დამნაშავეს, მასთან დაჭერილი ცნობებით და მასალებით აძლევს რუსეთის მთავრობას. კამო მეტეხის ციხეშია, წარმოუდგენელია მისი სიკვდილით დასჯიდან გადარჩენა. ბრალდებები მის წინააღმდეგ ერთმანეთზე საშინელია, მისი ხსნა შეუძლებელია. საბედნიეროდ ის ციხიდან გაქცევას ახერხებს.

კამო მიეშურება საზღვარგარეთ, საიდანაც ისევ საქართველოსკენ ბრუნდება და მალე მეტეხის ციხეში ამოყოფს თავს. მას ბედი აქაც სწყალობს, თუმცა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტიის ძალით სიკვდილით დასჯა 20 წლის კატორღით შეუცვალეს.

1917 წლის რევოლუცია ანთავისუფლებს მას ციხიდან და ის კვლავ თავის ამხანაგთა წრეში განაგრძობს მუშაობას.

კამო იყო საუკეთესო კონსპირატორი და არალეგალური მუშაკი და ლეგალურ მუშაობისთვის მოწყობა ძნელად ეხერხებოდა. ოქტომბრის რევოლუციის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ, ის თავის ახალ დანიშნულების ძიებაშია და ვინ იცის რა დიდ სამსახურს გაუწევდა მომავალშიც პროლეტარიატის საქმეს, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ უდროოდ მოუსწრაფა სიცოცხლე და მოაცილა მებრძოლ პროლეტარიატის რიგებს.

გასულ წლის 15 ივლისს ვერის დაღმართზე ველოსიპედით მიმგზავრების დროს მას დაეტაკა ავტომობილი და გონზე მოუსვლელად ორი საათის განმავლობაში ის სამუდამოთ გამოესალმა სიცოცხლეს.

მუშათა კლასი უსაზღვრო გლოვით და მწუხარებით გამოემშვიდობა ამხანაგ კამოს ცხედარს, რომელიც დასაფლავებულ იქნა პუშკინის ყოფილ ბაღში. სულიერათ კი ის მასთან და მის გმირულ რევოლუციონურ მუშაობასთან კავშირს არასოდეს არ გასწყვეტს და უკვდავყოფს მის ბრწყინვალე ხსოვნას.

დღეს 15 ივლისს, კამოს გარდაცვალების წლის თავზე მუშათა კლასი მოიგონებს რევოლუციის უდროოთ დაღუპული გმირის ბრწყინვალე ხსოვნას და მოუწოდებს ახალ თაობებს სამაგალითოდ გაიხადონ კამოს 20 წლის თავდადებული ბრძოლა კომუნიზმის სრულ გამარჯვებისათვის.