„ინტერ რაოს

„ინტერ რაოს" და „ყაზტრანსგაზის" მოთხოვნები აღემატება იმას, რაც რეალურად გონივრული და სამართლიანია"

ჩვენი აზრით, „ინტერ რაოს" და „ყაზტრანსგაზის" მოთხოვნები აღემატება იმას, რაც რეალურად გონივრული და სამართლიანია , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერ რაოსა" და „ყაზტრანსგაზის" საკითხებზე საარბიტრაჟო დავების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ილია ელოშვილის განცხადებით, არბიტრაჟი არის პარტნიორებს შორის ურთიერთობის ძალიან ცივილური ფორმა.

„ჩვენ გვაქვს უთანხმოებები როგორც „ინტერ რაოსთან", ასევე „ყაზტრანსგაზთან" იმ კუთხით, რომ მათი მოთხოვნები, ჩვენი აზრით, აღემატება იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანია. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, თავის დაცვას საერთაშორისო არბიტრაჟებში ისევე როგორც ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. ჩვენ დავიქირავებთ იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ ამის გამოცდილება. მათ პირველ რიგში, დაეხმარება იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც ამგვარი დავების წარმოების უდიდესი გამოცდილება გააჩნია. ენერგეტიკის სამინისტროსა და ასევე, მთავრობის რესურსიც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სამართლიან გადაწყვეტილებამდე მივიდეთ არბიტრაჟში", - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, არბიტრაჟის ვადების განსაზღვრა ძალიან ძნელია.

„მაქვს მოლოდინი, რომ „ყაზტრანსგაზთან" ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკების მიღწევას და ეს პროცესი, ალბათ, არ გართულდება. ჩვენ ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ

„ინტერ რაოსთანაც" შევძლებთ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებას, მაგრამ თუკი „ინტერ რაოსთან" საარბიტრაჟო დავა გაგრძელდა, გვაქვს საკმაოდ ძლიერი პოზიციები. ჩვენ მათ ნაწილ მოთხოვნებში ვეთნხმებით, ნაწილში - არ ვეთანხმებით. იმ ნაწილში, რომელშიც არ ვეთანხმებით, ძალიან ძლიერი პოზიციები გვაქვს. ხოლო იმაში, რაშიც ვეთანხმებით, ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მოველაპარაკოთ მათ", - განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ რადგან საარბიტრაჟო დავაა, ის დეტალების გახმაურებისგან თავს შეიკავებს.

„ინტერ რაოს" ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. „ინტერ რაო"-ში ათეულობით მილიონობით ზარალზე საუბრობენ.

რაც შეეხება "ყაზტრანსგაზს", კომპანია 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას აპროტესტებს. მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის. უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.