"უკვე თითქმის 17 წელია, რაც აშშ ამ რეგიონში იბრძვის, თუმცა დასავლეთ ევროპაში ხალხს მაინც არ უგვრძნია თავი უსაფრთხოდ... თუ უახლოეს მომავალში უსაფრთხოების მიდგომებს არ შევცვლით, სიტუაცია უფრო გაუარესდება"
შესაძლოა, სულ მალე, იგივე მოხდეს "ისლამური სახელმწიფოს" "დედაქალაქ" რაყაში, მაგრამ ეს დამარცხება სულაც არ ნიშნავს, რომ ტერორისტული დაჯგუფება გაქრება.
მოსულისთვის რამდენიმეთვიანი ბრძოლის მსგავსად, საერთაშორისო კოალიციის მიერ ქალაქი რაყას აღებაც ახლოსაა.
იმის გათვალისწინებით, რომ ISIS სწრაფად კარგავს ტერიტორიებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დასასრული ახლოვდება?!
"სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხია, არა", - ამბობს ბრიტანული ბრედფორდის უნივერსიტეტის კვლევითი დეპარტამენტის პროფესორი პოლ როჯერსი.
"ჩვენ ვხედავთ, რომ "ისლამური სახელმწიფო" ერაყსა და სირიაში ორიენტირებულია პარტიზანულ ბრძოლებზე და ამავდროულად, ის ვითარდება როგორც გლობალური მოძრაობა.
ამ ტერორიტულმა დაჯგუფებამ მოსულში ბრძოლების დროს დაგვანახა, რომ მათ შეუძლიათ ტაქტიკის შეცვლა, ამას გარდა, მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ ტერორისტების მოზიდვა საკუთარ დაჯგუფებაში და სხვადასხვა ქვეყანაში ტერაქტების მოწყობა".
ტერიტორიის გარეშე
2014 წლის ივნისში "ისლამურმა სახელმწიფომ" მოსული დაიკავა და იქ "ხალიფატი" გამოაცხადა. რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაჯგუფებამ ერაყსა და სირიაში დაპყრობილი ტერიტორიების ფართობი თითქმის ბრიტანეთის ფართობს გაუტოლა, დაახლოებით 242 ათასი კვ კილომეტრზე.
მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძალების მიერ შექმნილმა კოალიციამ დაიწყო ISIS-ის "ბოევიკების" დაბომბვა ორივე ქვეყანაში, ტერორისტების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების რაოდენობა შემცირდა.
ხალიფატი გაქრობის პირას იმყოფება, თუმცა მაშინაც კი, თუ ის განადგურდება, როგორც მოჩვენებითი სახელმწიფო, რა მოელის "ისლამურ სახელმწიფოს" როგორც ჯგუფს?
პოლ როჯერსი ამბობს, რომ სიტუაცია 3 მიმართულებით შესაძლოა განვითარდეს:
"პირველი: ისინი ერაყსა და სირიაში პარტიზანულ ომში ჩაერთვებიან...
მეორე: ეს დაჯგუფება გააგრძელებს მთელ მსოფლიოში პროპაგანდას და როგორც ფილიპინების მაგალითზე ვხედავთ, შესაძლოა წარმატებასაც მიაღწიოს.
მესამე: დაჯგუფება შეეცდება საბრძოლო მოქმედებები თავისი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადაიტანოს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში".
28 ივნისს "ისლამურმა სახელმწიფომ" გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ერთი მხრივ უარყოფენ, რომ ხალიფატი დაეცა, ხოლო სხვა, მეორე მებრძოლი კი აცხადებს, რომ "ეს ასეც რომ იყოს, ტერიტორიების დაკარგვა დამარცხებას არ ნიშნავს".
"ისლამური სახელმწიფო" შეეცდება დაიბრუნოს ყოველი დაკარგული გოჯი", - ამბობენ ტერორისტები სპეციალურ მიმართვაში. ამას გარდა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, "შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, ყურადღება არ მიაქციონ ახალ ანტიტერორისტულ ინიციატივებს თავიანთ საცხოვრებელ ქვეყნებში".
"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები
ანალიტიკოსების შეფასებით, "ისლამური სახელმწიფოს" არსებობის ისტორიაში დაჯგუფების რიგებში ირიცხებოდა 40 ათასი მებრძოლი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან.
რას გააკეთებენ დამარცხებას გადარჩენილი ტერორისტები?
"აშკარაა, რომ ათასობით მებრძოლი სახლში არ წავა, მალე ისინი ახალი საბრძოლო შესაძლებლობის ძებნას დაიწყებენ", - აცხადებს FBI-ის ყოფილი აგენტი ალი სუფანი.
პოლ ჯეფერი კი ვარაუდობს, რომ ამ მებრძოლების უმეტესობა სხვა ჯიჰადისტების ჯგუფს შეუერთდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და კავკასიაში.
ამ პროგნოზს ეთანხმება საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ლონდონის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კარინ ფონი.
"ეს არ ნიშნავს ჯიჰადისტებისა და "ისლამური სახელმწიფოს" დასასრულს", ვფიქრობ, ჯიჰადისტები მიწისქვეშ გადაინაცვლებენ და პრობლემების შექმნას გააგრძელებენ ერაყსა და სირიაში, სადაც არ არის სტაბილური მთავრობა", - აცხადებს ის.
ჯიჰადისტების მოკავშირეები
მიუხედავად იმისა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ბრძოლა მოსულსა და რაყაში სრულდება, ყველა ამბობს, რომ ეს რეგიონი მშვიდობას კიდევ წლების განმავლობაში ვერ ნახავს, იმიტომ, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" პოტენციური მემკვიდრე ჰყავს.
ალი სუფანს მიაჩნია, რომ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტების ქსელია ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში.
"ამ ქსელში რამდენიმე ათასი ადამიანია. შესაძლოა სწორედ მათი წევრი იყო სალმან აბედი, 22 მაისს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის ინიციატორი".
სპეციალისტების აზრით, უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერაყსა და სირიაში "ხალიფატის" ლიკვიდაციის შემდეგ, ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გააგრძელებენ.
"მოკლევადიან პერსპექტივაში, დასავლეთი ისევ იმის კეთებას გააგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდა", - ამბობს პოლ როჯერსი.
"უკვე თითქმის 17 წელია, რაც აშშ ამ რეგიონში იბრძვის, თუმცა დასავლეთ ევროპაში ხალხს მაინც არ უგვრძნია თავი უსაფრთხოდ... თუ უახლოეს მომავალში უსაფრთხოების მიდგომებს არ შევცვლით, სიტუაცია უფრო გაუარესდება", - აცხადებს პოლ როჯერსი.