[გერა მამულაშვილი ]
დღეისათვის ერთ–ერთ აქტუალურ თემად რჩება პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის შეტანა, რომლის მიხედვითაც, მკაცრდება მანიფესტაციების ჩატარების პროცედურები და წესდება ახალი შეზღუდვები. ამით ნაწილობრივ ბრუნდება ის რეგულაციები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. პოლიტიკური ოპოზიცია ამ ნაბიჯს ერთხმად აპროტესტებს და „ქვეყნის ბელორუსიზაციის“ რეალურ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას.
ამ საკითხზე „პრესაგე.ტვ“ კონსერვატიული პარტიის ლიდერ ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.
რისთვის სჭირდება ხელისუფლებას „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ამ ტიპის ცვლილებების შეტანა?
– 26 მაისის შემდეგ ხელისუფლება თავს გამარჯვებულად თვლის და საპროტესტო აქციების მაქსიმალური შეზღუდვით, კომფორტული მდგომარეობის მოწყობა სურს. მათი მხრიდან მცდარ ნაბიჯთან გვაქვს საქმე. კანონების გამკაცრებისას, როგორც წესი საპირისპირო შედეგი დგება.
საუბარია „შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლების შეზღუდვაზე, შენობებთან რაღაც მანძილზე მიახლოებაზე, პოლიციის მანქანებზე თავდასხმებზე“ და სხვ. რაღაც საშინელ და კურიოზულ მდგომარეობამდე მიდიან. ამიტომ, ე.წ. გამკაცრება დროებითი ნაბიჯია. პირველივე არჩევნებისას, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, აღნიშნული კანონები თავიდან გადახედილი იქნება.
კანონმდებლობის გამკაცრება ახალი საპროტესტო ტალღის შესაძლებლობას რამდენად უკავშირდება, პოლიტიკური „რვიანის“ შიგნითაც გაცხადდა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ერთ–ერთი გზა სამოქალაქო აქტიურობის ზრდაზე გადის...
– შეკრებები და მანიფესტაციები ქვეყნის ძირითადი კანონით, კონსტიტუციით დაშვებული უფლებაა. აქ მარტო რვიანის გეგმებზე არ არის საუბარი, ეს უფლება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს. ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციის ჩატარება რომ გადაწყვიტოთ, თქვენი კონსტიტუციური უფლებაც სრულად დაცული უნდა იყოს. ასე რომ, ნაბიჯი „რვიანის“ შიშით არ გადადგმულა.
უბრალოდ, ხელისუფლებამ ნახა ადგილი, სადაც მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად შევიწროება და თავისი არეალის გაფართოება შეეძლო. რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს შესაძლებლობა 26 მაისის დარბევის შემდეგ გაუჩნდათ.
რაც შეეხება ცვლილებების გატანის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებს, რას მიიღებს ხელისუფლება?
– პრაქტიკულად არაფერს. თუ ჰგონიათ, რომ ვინმე აქციის ჩატარებას გადაწყვეტს და ადმინისტრაციულ შენობასთან ოც მეტრზე მიახლოების შეეშინდება, ამაში ღრმად ცდებიან. რეალურად, აღნიშნული აკრძალვა არაფერს ნიშნავს. ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე ნაბიჯს, დღევანდელ რეალობაზე გავლენა თითქმის არ აქვს.
საქმე გვაქვს მორიგ პოლიტიკურ ვამპირიზმთან, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია. მიზანი ერთია, ყველა მხრიდან გამოწოვოს ის, რაც თავისთვის სასიცოცხლო აუცილებლობად მიაჩნია. თორემ ხელისუფლებას აქედან არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სარგებელი არ ექნება.
რამდენად მოსალოდნელია საერთაშორისო წრეების რეაქცია თავისუფლების ამ შეზღუდვებზე?
– რეაქცია იქნება, მაგრამ ვინმე ნუ წარმოიდგენს, რომ ნატოს ჯარები შემოვა აქ შეცვლის სააკაშვილის ხელისუფლებას. ეს შენიშვნების, რეკომენდაციების სახით იქნება წარმოდგენილი და საერთაშორისი საზოგადოებისგან რაიმე ტიპის აქტიურ ჩარევას არ ველოდები.