გოგი თოფაძეს მილიონ ნახევარ ლარს ედავებიან

გოგი თოფაძეს მილიონ ნახევარ ლარს ედავებიან

ჯერ „უშბა“, შემდეგ „კოკა-კოლა“, ახლა კი „ყაზბეგი“ - ასეთია იმ მსხვილი ფირმების ჩამონათვალი, ვისთანაც ახლად შექმნილ ფინანსურ პოლიციას აქვს შეხება. სხვათა შორის, სამივე კომპანია სასმელების მწარმოებელია. თუმცა, ფინანსური პოლიცია ამ ეტაპზე ფიზიკურად ჯერ მხოლოდ „უშბაშია“ შესული.

გოგი თოფაძემ ამას წინათ ხმამაღლა განაცხადა, რომ იგი მალავდა გადასახადებს და ეს უვარგისი საგადასახადო კოდექსის გამო ხდებოდა - სხვა შემთხვევაში, მის საწარმოს გაკოტრება არ ასცდებოდა. ვარაუდობდნენ, რომ ამ განცხადების გამო, მის საწარმოს მაკონტროლებლები მალე მიაკითხავდნენ. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადეპუტატებულ თოფაძეს გადასახადების დამალვის გამო როდი შეეხებიან.

კომპანია „ყაზბეგისადმი“ რაიმე პრეტენზიას ფინანსური პოლიცია ამ ეტაპზე ოფიციალურად არ აფიქსირებს. თუმცა, იმ ფესვებს, რომელსაც ახლა მათი ოპერატიული დეპარტამენტი მიწას უთხრის, აშკარად კომპანია „ყაზბეგამდე“ მივყავართ.

გუშინ საღამოს ფირმა „ბაადურის“ კუთვნილი 55 ტონა ზეთი საქართველოს საზღვარზე შემოვიდა თუ არა რკინიგზის საბაჟო ტერმინალში, თბილისის ოპერატიულმა სამმართველომ მაშინვე დალუქა. ოფიციალურ მიზეზად ზეთის ხარისხთან შესაბამისობა დასახელდა. სხვათა შორის, ეს არ არის საჭმელი ზეთი, სახელად „ინდუსტრიული ზეთი“ ჰქვია, რომლის საბაზრო ფასიც ლიტრი 8-9 ლარია. თუმცა, „ბაადურის“ მიერ უზბეკეთიდან შემოტანილი პროდუქციის წარმომავლობის საბუთებში ლიტრი 18 თეთრად არის შეფასებული.

„ბაადურის“ მიმართ სხვა პრეტენზიებიც არსებობს. იგი დაკავშირებულია ფირმებთან „ჯიბო“ და „საბა“. ეს უკანასკნელნი კი ფირმა „ომეგას“ და ყალბი აქციზური მარკების სკანდალში არიან გახვეულნი. „ბაადური“ თავდაპირველად ლაგოდეხის საგადასახადო ინსპექციაში იყო აღრიცხვაზე, თუმცა, რევოლუციის დღეებში, მოულოდნელად მისამართი შეიცვალა, ქობულეთის საგადასახადოში დადგა აღრიცხვაზე და თავისი დოკუმენტაციაც იქ წაიღო.

ახლა კი მთავარი: ფინანსური პოლიციის ეჭვით, ფირმა „ბაადურს“ 1 მილიონ 500 ათასის ყალბი აქტივი აქვს დასმული. ანუ, ამ ფირმის წარმომადგენლებმა შეიტანეს ყალბი დეკლარაციები საგადასახადოში, თითქოს რაღაც ოპერაცია ჰქონდათ განხორციელებული და დღგ გადახდილი. შემდეგ, ამ დღგ-ს ჩათვლა მოითხოვეს, რაც მიიღეს კიდეც. ჩათვლასთან ერთად მათ მიიღეს ზედმეტი, ჭარბი თანხა, მილიონ ნახევარი ლარი, რომელიც დასვეს თავისი კომპანიის აქტივზე. ანუ, ჰქონდათ ფურცელი, სადაც ეწერა, რომ სახელმწიფოს მათი ვალი, მილიონ ნახევარი მართებდა. სავარაუდოა, რომ საგადასახადო ინსპექციის მოხელეებთან გარიგების გარეშე ეს ვერ განხორციელდებოდა.

აქტივს, და მით უმეტეს, ასეთი რაოდენობით, ბიუჯეტიდან ხელზე ვერავინ მიიღებდა. „ბაადურს“ ეს აქტივი ქაღალდზე დაწერილი ექნებოდა მანამ, სანამ სახელმწიფოსთან, სხვა, ამ თანხის ოდენობის ანგარიშსწორება არ ექნებოდა.

ამის შემდეგ ჩნდება საქმეში გოგი თოფაძის „ყაზბეგი“. „ბაადურმა“ ამ ყალბი აქტივით სახელმწიფოსგან იყიდა მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების აქციზური მარკები, რაც ალკოჰოლური სასმელისთვის აუცილებელია. შემდეგ, ეს აქციზური მარკები ფიზიკურად მოხვდა „ყაზბეგში“ და მათ მიერ გამოშვებულ ლუდზე იქნა გამოყენებული.

საერთოდ, გოგი თოფაძეს (და სხვებსაც) აქციზური მარკები რომ ეყიდათ, ნაღდი ფულის სახით უნდა გადაეხადათ ეს მილიონ ნახევარი ლარი. რეალურად კი - იყიდეს „ბაადურის“ მიერ ყალბად მიღებული აქტივის საშუალებით.

იცოდა გოგი თოფაძემ ამ აქტივის სიყალბის შესახებ, თუ არ იცოდა, ეს მკითხაობის სფეროში შედის (თუმცა კი გუშინ მან განაცხადა, „ბაადურის“ მონაცემები საგადასახადოში გადავამოწმეთ და გვითხრეს წესრიგშიაო და თუ რამე დარღვევა ჰქონდა, პასუხიც საგადასახადოს უნდა მოეთხოვოსო). უბრალოდ, როგორც წესი და თანამედროვე საფინანსო დანაშაულის აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, ახლაც, ეს აქტივი აღიარებული და დამტკიცებული იყო სახელმწიფოს მიერ. ანუ, საბუთი, რომელსაც „ბაადური“ თოფაძეს წარუდგენდა, საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით იქნებოდა დადასტურებული.

შესაბამისად, ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია მტკიცება, რომ გოგი თოფაძემ წინასწარგანზრახულად გამოიყენა ბიუჯეტისთვის მოპარული მილიონ ნახევარი ლარი საკუთარი ბიზნესისთვის. თუმცა, სავარაუდოა, რომ როგორც „კოკა-კოლას“ შემთხვევაში მოხდა (ჭყონიას მილიონ რვაასი ათასი ჩამოაჭრეს), ეს ყალბი აქტივი, მილიონ ნახევარი ლარი, კომპანია „ყაზბეგს“ ჩამოეჭრება.

„ალია“ „ყაზბეგის“ იურისტს, გოჩა გოგიშვილს ესაუბრა:

თქვენმა კომპანიამ „ბაადურისგან“ აქტივი შეიძინა თუ აქციზური მარკები?

- საერთოდ, „ყაზბეგი“ თავად იძენდა ხოლმე აქციზურ მარკებს ფინანსთა სამინისტროსგან. ამჯერად, ამ ფირმის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქციზური მარკები აქვთ, გადმოგცემთ და გამოიყენეთო. სანამ ხელშეკრულება გაფორმდებოდა, სიყალბე რომ გამორიცხულიყო და აქტივის რეალობა დაგვედასტურებინა, მათი მონაცემები საგადასახადო ინსპექციაში წარვადგინეთ. მათ კი აქტივის ნამდვილობა დაადასტურეს.

რამდენი გადაიხადეთ ამ აქციზურ მარკებში?

- მათ ეს ეტაპობრივად მოჰქონდათ.

დიახმაგრამ ხომ არ გჩუქნიდნენ?

- ხელშეკრულება ერთობლივ საქმიანობაზეა გაფორმებული, რეალიზაციის შემდეგ „ბაადურს“ მოგებიდან უნდა მიეღო თავისი წილი.

რამდენი?

- 10 პროცენტი.

დღემდე მას რაიმე გადაუხადეთ?

- არა, ჯერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა არ გასულა, გადახდის ვალდებულება „ყაზბეგს“ არ დადგომია.

ანუფულის დაკარგვას გადარჩით?

- დიახ, თორემ ორმაგი ზარალი დაგვიდგებოდა. ხელშეკრულების თანახმად, მათ მიერ მოცემული აქციზური მარკებით გაყიდული სასმელის რეალიზაცია ბოლომდე რომ დასრულდებოდა, მოგება შეჯამდებოდა და იქიდან მიიღებდნენ ერთიან წილს.

ალბათთქვენ ამ 1,5 მილიონ ლარს ჩამოგაჭრიან...

- ვერ გეტყვით, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც ირკვევა, ბიუჯეტისთვის დაკლებული თანხით არის ეს აქციზური მარკები შეძენილი.

მაგრამთქვენ იტყვითრომ კეთილსინდისიერი მყიდველი ხართ...

- დიახ, მაგრამ შეიძლება გვითხრან, რაკი თქვენ გამოიყენეთ ეს აქციზური მარკები, თქვენ გადაიხადეთო.

და რას იზამთგადაიხდით ნებაყოფლობით?

- ამაზე მერე ვიმსჯელებთ, ჯერ გამოიკვლიონ საკითხი და გადაწყვიტონ, თანხას „ბაადურისგან“ ამოიღებენ თუ ჩვენგან.