საწვავი გაძვირდა, მგზავრობა ძვირდება, ცხოვრება გაძვირდება...

საწვავი გაძვირდა, მგზავრობა ძვირდება, ცხოვრება გაძვირდება...

[გიორგი ბექაური]

ყოველგვარი კანონზომიერების საწინააღმდეგოდ საქართველოში საწვავი გაძვირდა და გადამზიდავებსაც მგზავრობის ღირებულების გასაზრდელად ხელ-ფეხი გაეხსნათ. მენავთობეებმა სინდის-ნამუსზე ხელი დიდი ხანია აიღეს, მაგრამ საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პროცესების საწინააღმდეგო ქმედებას თუ ჩაიდენდნენ, არავის ეგონა. მაშინ, როდესაც მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი იაფდება (ან უკიდურეს შემთხვევაში მისი ფასი სტაბილურია) ადგილობრივ ქსელში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა.

2011 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავი სისტემატურად 5-5 თეთრით ძვირდებოდა. ერთადერთი 5-თეთრიანი შემცირება ბაზარზე მაისის ბოლოს დაფიქსირდა. მსოფლიო ტენდენციებიდან გამომდინარე, მომხმარებელი მორიგი გაიაფების მოლოდინში იყო, მაგრამ ნავთობმაგნატებმა პროდუქცია, პირიქით, გააძვირეს. ამით მოგების ულუფა დამატებით 5 თეთით გაზარდეს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის“ მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების ზრდა სრულიად ალოგიკურია - ჯერ ერთი იმიტომ, რომ 21 მაისს, როდესაც ფასები შემცირდა, კომპანიები ამ პროცესის გაგრძელების პირობას დებდნენ და მეორეც - მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირდება.

„ისევე როგორც მაისში ფასების დაწევა, დღეს საწვავის გაძვირება შეთანხმებულად მოხდა. საინტერესო დამთხვევაა, რომ გაიაფება და ოპტიმისტური დაპირებები 21 მაისს, პოლიტიკური პროცესების დაწყებას დაემთხვა. მაინტერესებს, რა მიზეზს დაასახელებენ კომპანიები ამჯერად,და რით ახსნიან საკუთარი პირობის დარღვევას?“ - აცხადებს ჯანიაშვილი.

თუ 21 მაისს პროდუქცია უკვე შემოტანილი იყო გაიაფებული ფასებით, დღეს, როდესაც ერთი თვეც არაა გასული, მისი გაძვირება არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება. მით უფრო, რომ ამჟამად მსოფლიოში ნავთობის არა გაძვირების, არამედ გაიაფების ტენდენცია მიდის. ჯანიაშვილის შეფასებით, ყოველივე ეს კიდევ ერთხელ აღრმავებს ეჭვს ნავთობის ბაზრის არაკონკურენტულობისა და გარკვეული გარიგებების არსებობის შესახებ.

მაშ ასე, საწვავის ფასი 2,15 თეთრიან ნიშნულს დაუბრუნდა და ეს ხდება ზაფხულის სეზონზე, როდესაც სატრანსპორტო გადაადგილება პიკს აღწევს. ასეთი ძვირი საწვავით მომხმარებელი არც ერთ ზაფხულს არ შეხვედრია.  2010 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში საწვავის ფასი 1,75 ლარს შეადგენდა.

ამიტომაც, გამორიცხული არ არის, წლეულს მგზავრობის ღირებულება უახლოესი 1 თვის განმავლობაში გაიზარდოს.  საწვავის გაძვირებამ, შესაძლოა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასზეც იქონიოს გავლენა, განსაკუთრებით ტურისტული რეგიონების მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზე.

მგზავრობის გაძვირების თაობაზე დედაქალაქის ავტოსადგურების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ საუბრობენ. ისინი მგზავრობის საფასურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაზუსტად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ არაფერი იგეგმება. თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვთ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს, რომელთა თქმით, მათ უკვე აქვთ ინფორმაცია მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ. მძღოლების ვარაუდით, ტურისტული რეგიონების მიმართულებით მგზავრობის საფასური, დაახლოებით, 8-10 პროცენტით მოიმატებს.

ავტოსადგურ „ოკრიბაში“ აცხადებენ, რომ ფასები დამოკიდებული იქნება საწვავის ღირებულებაზე - თუკი ამ ნიშნულზე დარჩება, მგზავრობის საფასურიც შენარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრობის ტარიფი არა მარტო ტურისტულ რეგიონებში, სხვა მიმართულებითაც შეიცვლება.